ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

2011 წლის 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ერთი დღის შემდეგ კი, იგი სოხუმს ეწვია. ლავროვის ვიზიტი დაგეგმილი იყო და მის დელეგაციაში შედიოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაური ტაიმურაზ მამსუროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, სამინისტროს დსთ-ის მე-4 დეპარტამენტის დიერქტორი ანდრეი კელინი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ ელბრუს კარგიევი. 

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ლავროვს „ღირსების ორდენი“ გადასცეს, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა მოჰყვა: საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაფუძნებისა და საქმიანობის პირობების შესახებ, უვიზო მიმოსვლის შესახებ სამთავრობო შეთანხმების ძალაში შესვლის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ ნოტების გაცვლის შესახებ (ამ დღიდან უვიზო მიმოსვლა დაიწყო), ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, საავიაციო ძებნისა და სამაშველო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ლავროვი ჟენევის დისკუსიების საკითხსაც შეეხო და ცხინვალს საერთაშორისო საქმეებში და სახელმწიფოებრიობის გამყარებაში ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა. ვიზიტის დროს ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის პრიორიტეტია, რომ არაღიარებული რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია უზრუნველყოს. 

ლავრომა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისრა. მისი თქმით, რუსეთი არ ითხოვს კონტრიბუციას, მაგრამ აპირებს აღადგინოს სამართლიანობა და ეს გაკეთდება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ლავროვის განცხადებით, რუსეთმა მხარი დაუჭირა ცხინვალის რეგიონის მოქალაქეების მიმართვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და რუსეთი მათ გაუწევს კონსულტაციას, სამართლებერივ და ექსპერტულ დახმარებას.