ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში

2011 წლის 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. ერთი დღით ადრე ლავროვი ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. ვიზიტის დასაწყისში ლავრომა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან ერთად დიდების მემორიალთან პატივი მიაგო ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში დაღუპულთა ხსოვნას, საიდანაც ფეხით გაემართა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისაკენ, სადაც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში დე ფაქტო მთავრობის წევრებს.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას აფხაზეთისა და რუსეთის საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაფუძნებისა და საქმიანობის პირობების შესახებ. ლავროვმა შამბასთან გაცვალა ნოტები აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი შეთანხმების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. ამავე დღეს ლავროვმა შამბა რუსეთის ფედერაციის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ხანმოკლე პრეს-კონფერენციაზე ბაღაფშმა და ლავროვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:

  • ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების დინამიკა. მისი თქმით, შექმნილია მყარი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რაც ურთიერთობების სამოკავშირეო ხასიათს განსაზღვრავს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას, საზღვრების დაცვას. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა საშუალებას გვაძლევს ინტენსიურად და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
  • ლავროვის განცხადებით, დღეისათვის 58 სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტი მოქმედებს, რომელსაც კიდევ ერთი - კულტურული ცენტრების შექმნის შესახებ დაემატა. დამატებით მუშავდება 40-მდე დოკუმენტი, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს.
  • ლავროვმა საერთაშორისო კუთხით უმნიშვნელოვანეს ამოცანად „რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ დაასახელა. მისი თქმით, რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ და მათ გარე სამყაროსთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც შეეხო, რომელიც მისი განცხადებით მოგვარებას საჭიროებს: პირველი ეს იყო ქონებრივი საკითხები და მეორე, საზღვრის გავლების,  დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის შეთანხმების მომზადება. განსაკუთრებით მწვავე იყო ქონებრივი უფლებების საკითხი, რაც საცხოვრებელი სახლების წართმევის შემთხვევებს შეეხებოდა. 

ლავროვის ვიზიტი ზემო ჩამოთვლილ აქტუალურ საკითხებზე სკანდალების ფონზე წარიმართა. ლავროვის ვიზიტამდე აფხაზეთის მიმართ დაფიქსირდა რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები სოფ. აიბღასთან დაკავშირებით. ასევე აფხაზეთში აქტიურად მსჯელოდბენ ქონების დაბრუნების საკითხზე, რომელიც აფხაზეთიდან იმ ლტოლვილებს ეხებოდათ, რომლებიც შემდგომში რუსეთის მოქალაქეები გახდნენ. ამ შემთხვევაში აფხაზური მხარე პრობლემას იმ ლტოლვილებში ხედავდა, რომლებიც ეთნიკური ქართველები იყვნენ და რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. ლავროვის ვიზიტამდე გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია კაპიტალურ რემონტზე რუსეთის სამხედრო სანატორიუმის დაკეტვამ, რასაც 1300 თანამშრომელის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. 

ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ეწვია რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო დასახლებას ახალ ათონში, მონაწილეობა მიიღო წიგნის „რუსები აფხაზეთში“ პრეზენტაციაში და გუდაუთის რაიონში, სოფ. ააციში სათავო საქაჩი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებაში, რომელიც რუსული ფულით დაფინანსდა. ლავრომა ასევე დაათვალიერა რკინიგზის ხაზის ის მონაკვეთი, რომელიც რუსეთის რკინიგზის  სამსახურის დახმარებით კეთდებოდა. მან ასევე რუსული დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინა ბალაევას „მეგობრობის ორდენი“ გადასცა