ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში

2017 წლის 18-19 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთს მეოთხეჯერ ესტუმრა. აფხაზეთში ლავროვის ბოლო ვიზიტი 2011 წელს შედგა. ამჯერად, ვიზიტის მთავარი მიზანი აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ახალი შენობის გახსნა იყო.

თუმცა, არაფორმალურ მიზეზად 2017 წლის 12 მარტის არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლიდერების გაცნობა და აფხაზებისთვის რუსეთის ახალი „ელჩის“ წარდგენაც სახელდებოდა. 

ლავროვს აეროპორტში აფხაზური მხრიდან დახვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან კი, აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი. ლავროვს აეროპორტში ტრადიციულად ყანწითა და ღვინით დახვდნენ. ჩამოსვლიდან მალევე ლავროვმა ხაჯიმბასთან ერთად რუსეთის „საელჩოს“ შენობების ახალი კომპლექსი გახსნა, რომელიც ფაქტობრივად ერთი თვეა უკვე მუშაობდა.

„საელჩო“ სოხუმის ცენტრში დიდების პარკის გვერდით გაიხსნა. კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, მიწის ნაკვეთი კი ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში გადაეცა რუსულ მხარეს. ახალი კომპლექსის გახსნის შედეგად რუსეთის „საელჩო“ და „საკონსულო“ ერთ კომპლექსში იმუშავებს. მანამდე „საელჩო“ დსთ–ის სამშვიდობო ძალების ყოფილ შტაბში იყო განთავსებული, სანატორიუმ „სუხუმ“–ის ტერიტორიაზე.  

„საელჩოს“ გახსნასთან დაკავშირებით ლავროვმა განაცხადა, რომ „„საელჩოს“ შენობა ქალაქის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს, სადაც თანამშრომლებისთვის ძალიან კომფორტული გარემოა. ის, რომ ჩვენ ასეთი დიდი „საელჩო“ გავხსენით აფხაზეთში, დამატებით უსვამს ხაზს ჩვენს მოკავშირეობას“. თავის მხრივ, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „„საელჩოს“ გახსნა ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ აწყობენ აფხაზეთი და რუსეთი ურთიერთობას“. 

ვიზიტის მეორე დღე, 19 აპრილი, ლავროვმა სოხუმში დიდების მემორიალის მონახულებით დაიწყო, რის შემდეგადაც ლავროვმა მოლაპარაკებები გამართა ხაჯიმბასთან და კოვესთან. ხაჯიმბასთან შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, რომ „აქტიურად უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა, რომელსაც ნელა, მაგრამ შედეგები მაინც მოაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საკმაოდ რეალურია ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა, რაც მთელი კაკვასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება“. 

ვიზიტის დროს ლავროვმა უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან აფხაზეთის თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ ლავრომა განაცხადა, რომ „რუსეთი მიესალმება ასეთ თანამშრომლობას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა. ორგანიზაცია მოწოდებულია უზრუნველყოს მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოება, აფხაზეთის შემთხვევაში კი, მის უსაფრთხოებას რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით“.

აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ ლავროვმა განაცხადა, რომ შესაბამისი შეთანხმების პროექტი ორმაგ მოქალაქეობაზე გასულ წელს აფხაზურ მხარეს გადაეცა. რაზეც ხაჯიმბამ განაცხადა, რომ პროექტს მთავრობა განიხილავს, რომელიც დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენს.

აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების გატარების შესახებ ლავრომა განაცხადა, რომ ამაში არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ რუსეთიც დაინტერესებულია. „რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ტრანზიტი რომ აღდგეს. არსებობს სამართლებრივი ბაზაც, რომ ეს მოხდეს, ეს შეიძლება დაეფუძნოს იმ შეთანხმებებს, რომელიც რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის მიიღწა 2011 წელს, როდესაც რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები დაინტერესებულნი არიან ტრანზიტით. დღეს აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთი არ არის ამის წინააღმდეგი, ამიტომ ეს ახლა არა ჩვენზე, არამედ სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული, სადაც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს“. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ცნობილ „ბრეხალოვკაზეც“ იმყოფებოდა, სადაც აფხაზ მასპინძლებთან ერთად ყავა მიირთვა. შემდეგ ლავროვმა ფაზილ ისკანდერის სახელობის დრამის სახელმწიფო რუსული თეატრი მოინახულა, სადაც „სპუტნიკის“ კორესპონდენტის ტომას ტხაიცუკის მიერ გადაღებული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლების ფოტოგამოფენა დაათვალიერა. ლავროვმა ერთ-ერთი სპექტაკლის მოკლე ნაწყვეტის ნახვაც მოასწრო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვს აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისთვის ახალი „ელჩის“ კანდიდატურაც უნდა გაეცნო, მაგრამ მოქმედი „ელჩის“ სემიონ გრიგორიევის შემცვლელის ვინაობა ვიზიტის დროს არ დასახელებულა.