ვიზიტების ქრონოლოგია

ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

2013 წლის 25 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია აფხაზეთს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს მისი მესამე ვიზიტი იყო აფხაზეთში. პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს ბიჭვინთაში სამთავრობო, საბჭოთა ლიდერების ყოფილ აგარაკზე შეხვდა.

(აგარაკი საბჭოთა ლიდერების პოპულარული დასასვნებელი იყო, რომელიც 1960 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით ააგეს. სწორედ ამ აგარაკზე დასვენების დროს გაიგო ხრუშოვმა, რომ იგი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა გადააყენა. აგარაკზე 1974 წელს ხრუშოვის მემკვიდრე ლეონიდ ბრეჟნევმა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუსაც კი უმასპინძლა.)

ვიზიტი მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა. 26 აგვისტოს აფხაზეთმა რუსეთის აღიარებიდან 5 წლისთავი იზეიმა. კრემლის განცხადებით, „მოლაპარაკების დროს ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.