2010 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აფხაზეთს მოულოდნელად ესტუმრა. ეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთში მისი პირველი ვიზიტი იყო. ასევე ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი აფხაზეთში, მანამდე, 2009 წელს, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის რანგში იმყოფებოდა.
მედვედევი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, რომელსაც პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების სრულ განვითარებას დაპირდა. მან გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზაც დაათვალიერა.
ვიზიტის დროს მედვედევმა განაცხადა, რომ „მიუხედავად დასავლეთელი პოლიტიკოსების განცხადებებისა და საუბრებისა 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებზე, არის რეალური ფაქტები, რომელიც წარმოადგინა რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსეთის მხარემ, რომელიც თავის მხრივ აისახა ჰაიდი ტალიავინის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის კომისიას ხელმძღვანელობდა აგვისტოს მოვლენების გამოძიების კუთხით“.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ მედვედევმა და ბაღაფშმა ყავა დალიეს სოხუმის ცნობილ ადგილას, „ბრეხალოვკაზე“, ლეგენდარულ კაფე «У Акопа»-ში, სადაც მედვედევი ადგილობრივებსა და ტურისტებს გაესაუბრა. ამის შემდეგ მედვედევმა ქალაქის ცენტრში გაისეირნა და ის სახელმწიფო ობიექტები დაათვალიერა, რომელიც რუსული დაფინანსებით აშენდა, მათ შორის სახელმწიფო ფილარმონია და ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკოლა. ვიზიტის დასასრულს მედვედევმა დიდების პარკში პატივი მიაგო 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში დაღუპულთა ხსოვნას.