ვიზიტების ქრონოლოგია

დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

2009 წლის 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად ეწვია ცხინვალს. იგი ჩრდილოეთ ოსეთიდან, მოზდოკის სამხედრო აეროპორტიდან, ცხინვალში ვერტმფრენით ჩაფრინდა. მედვედევს ცხინვალში ათასობით მხარდაჭერი ოვაციით შეხვდა. მედვედევის ვიზიტი სიუპრიზი იყო არა მარტო მოსახლეობისათვის, არამედ ოსი ჩინოვნიკებისთვისაც, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისთვისაც.

ვიზიტის კონტექსტი

მედვედევის ცხინვალში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ისტორიული გადატვირთვის პოლიტიკის დაწყების შესახებ განაცხადეს. 7 ივლისს, მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკის სკოლაში გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ობამას განცხადების საპირწონედ მედვედევის ცხინვალში ვიზიტით კრემლი იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა არ გულისხმობს პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროს დათმობას. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონებში გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის დათბობის ხარჯზე რუსეთის ინტერესი ცხინვალის რეგიონის მიმართ შესუსტდებოდა.

საინტერესოა, რომ მედვედევის ცხინვალში ვიზიტი დროში რამდენიმე მოვლენას დაემთხვა: 20-24 ივლისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში; 14 ივლისს ბათუმის პორტში „U.S.S. Stout“ შემოვიდა ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საზღვაო წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, ამავე დღეს, ანკარაში ხელი მოეწერა „ნაბუკო“-ს მილსადენის პროექტს, რომელიც კასპიური რესურსების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებას ისახავდა მიზნად. სამხედრო სფეროში

თანამშრომლობა

მედვედევი ცხინვალში ვიზიტის დროს ახალ აშენებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას ესტუმრა. სამხედრო ბაზაზე მედვედევის მასპინძელი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი მაკაროვი იყო, რომელიც საქართველოსთან ომში რუსეთის ჯარებს ხელმძღვანელობდა. მედვედევს ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც ახლდა. 

კოკოითთან შეხვედრაზე მედვედევმა ოსურ მხარეს ეკონომიკური და სამხედრო დახმარება აღუთქვა. „ჩვენ პროექტების მთელი სერია გვაქვს ეკონომიკისა და რესპუბლიკის სოციალური სფეროს ასაღორძინებლად, ასევე არის საჭიროება თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის და თანამშრომლობის“, განაცხადა მედვედევმა. 

ცხინვალის რეგიონის დახმარება გაგრძელდება

მედვედევის ხანმოკლე ვიზიტის დროს რაიმე შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ მომხდარა. ვიზიტისას მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს ცხინვალის რეგიონის რეკონსტრუქციის დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხედავს, რომ რუსი გადამხდელების ფული ჰაერში გაქრა, რადგან ქალაქის დიდი ნაწილი კვლავ ნანგრევებშია. 

კოკოითთან შეხვედრაზე მედვედევმა ასევე ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე, ომის შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე და სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაზე.

მედვედევმა ცხინვალში ქართულ-ოსურ კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალს მიაგო პატივი და გაცნობითი შეხვედრები გამართა ქალაქის სხვადასხვა რაიონებში. მან ომის დროს დაზიანებული პარლამენტის შენობა და N5 საჯარო სკოლაც დაათვალიერა

მედვედევის ვიზიტის დასასრულს, კრემლის ოფიციალური განცხადებით მედვედევის სამუშაო ვიზიტის დროს „ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხები განიხილეს“. 

მედვედევის ცხინვალში ვიზიტიდან ერთ თვეში, 2009 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს ესტუმრა.