ვიზიტების ქრონოლოგია

დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

2012 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოთხი წლისთავზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. მედვედევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა, რომელთან შეხვედრაზეც ძირითადად ომსა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

მედვედევის განცხადებით, „ოთხი წლის წინათ ადამიანები ბარბაროსული აგრესიის შედეგად დაიღუპნენ“, „რუსეთს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დახმარებისა და აგრესორის უკუგდების შესახებ. ეს გაკეთდა დროულად და ის საკმარისად სწრაფი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა უფრო მეტი დანაკარგები. არ დავმალავ, რომ ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მე რთული გადაწყვეტილებები, მათ შორის სამხედრო გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო, რომელმაც საბოლოო ჯამში აღადგინა ბალანსი და რაც ყველაზე მთავარია მშვიდობა მოუტანა სამხრეთ ოსეთს. ეს იყო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“. მედვედევის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს ცხინვალის დახმარებას და „სამხრეთ ოსეთის ხალხის დაცვას“.

ეს იყო მედვედევის რიგით მეორე ვიზიტი ცხინვალის რეგიონში. მანამდე იგი ცხინვალს 2009 წლის 13 ივლისს პრეზიდენტის რანგში ესტუმრა. 2010 წლის 8 აგვისტოს, მედვედევი ასევე პრეზიდენტის რანგში აფხაზეთშიც იმყოფებოდა.