ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში

2008 წლის 14 სექტემბერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულებიდან მალე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. სოხუმის აეროპორტში ლავროვს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები: დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და დე ფაქტო მთავრობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს იყო ლავროვის პირველი აფხაზური ვიზიტი. მანამდე, 9 სექტემბერს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

ლავროვთან მოლაპარაკების ძირითადი თემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებული საკითხები და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი იყო. ლავროვის განცხადებით, „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ისეთივე გამჭვირვალე ურთიერთობა იქნება, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის“. 

ვიზიტის დროს ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის მომავალი „საელჩოს“ მშენებლობისთვის სავარაუდო ადგილიც მოინახულა. იგი სოხუმში ასევე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელსაც. 

ლავროვის აფხაზეთსა და მეორე დღეს ცხინვალის რეგიონში ვიზიტის მთავარი შედეგი უახლოეს პერიოდში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ საბაზისო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განცხადების გაკეთება იყო. ლავროვმა ეკონომიკის, სოციალურ, სამხედრო, სასაზღვრო სფეროში თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებების მთელი სერიის ხელმოწერის შესახებაც განაცხადა

ლავროვის პირველმა აფხაზურმა ვიზიტმა დიპლომატიური კუთხით მალე გამოიღო შედეგები. 2008 წლის 25 ოქტომბერს აფხაზეთში რუსეთის პირველი „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი დანიშნეს, რომელმაც რწმუნებათა სიგელი ბაღაფშს 2008 წლის 16 დეკემბერს გადასცა. 2009 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ ოფიციალურად დაფუძნდა. 2009 წლის 30 აპრილს კი, გრიგორიევი ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა და დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგა. რუსეთის „საელჩო“ დროებით დსთ–ს სამშვიდობო ძალების ყოფილ შტაბში განთავსდა, სანატორიუმ „სუხუმ“–ის ტერიტორიაზე. „საელჩოს“ ახალი შენობა კი, 2017 წლის 18 აპრილს გაიხსნა, რომელსაც ლავროვი პირადად დაესწრო.