ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

2022 / 11 / 21

2022 წლის 18 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა შეხვდა რუსეთის „ელჩს“ აფხაზეთში - მიხაილ შურგალინს.

შეხვედრაზე „მხარეებმა“ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებისთვის“ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების საკითხი. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხს, „მხარეებმა“ დაიწყეს რატიფიცირების პროცესზე მუშაობა.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სამმხრივი ფორმატის (რუსეთს, ბელარუსსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის) ფარგლებში საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური ურთიერთობის მონიტორინგსა და განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პარლამენტის წევრთა თხოვნით, არძინბამ შურგალინს აცნობა, რომ „დეპუტატების“ რუსეთის დუმაში ვიზიტის შემდგომ, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის „საზღვარზე“, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გააჩერეს „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აფხაზი „დეპუტატები“, შეამოწმეს მათი პირადი ნივთები და შეაფერხეს ისინი  „ საზღვარზე“. არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები რიგ შემთხვევებში უდიერად ეპრყრობიან და აფერხებენ „საზღვარზე“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებს“. ამიტომაც, არძინბამ თხოვნით მიმართა შურგალინს, რომ „მოქალაქეებს“ პატივისცემით მოეპყრონ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ნოტა გაიგზავნება.

Go BackGo Back