ახალი ამბები

ალან გაგლოევის ვიზიტი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში

2023 / 05 / 17

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ოსური კულტურის დღის აღსანიშნავად, 15-16 მაისს ჩეჩნეთის რესპუბლიკას ეწვია.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაგლოევმა რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის საფლავი მოინახულა. მას დახვდა ჩრდილოეთ კავკასიის ალიმთა საბჭოს თავმჯდომარე, კადიროვთა გვარის ყველაზე ხანდაზმული წარმომადგენელი - ხოჟ-ახმედ კადიროვი. გარდა ამისა, იგი ახმად კადიროვის მუზეუმსაც ეწვია.

აღსანიშნავია გაგლოევის ვიზიტი „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში“, რომელიც რამზან კადიროვის ინიციატივით დაარსდა. გაგლოევმა დიდი ინტერესი გამოავლინა აღნიშნული დაწესებულებისადმი. იგი შეხვდა ჩეჩენ მებრძოლებსაც, რომლებიც ემზადებოდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად. გაგლოევმა აღნიშნა, რომ განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩეჩნეთში მდებარე უნივერსიტეტში ოს მებრძოლებსაც ჰქონდეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.

ოსური კულტურის დღეების დასასრული საზეიმო კონცერტით აღინიშნა, რომელსაც გაგლოევი კადიროვთან ერთად დაესწრო. კადიროვმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გაგლოევს ჩეჩნეთში ვიზიტისთვის და აღნიშნა ოს და ჩეჩენ ხალხთა ძმობა. ცერემონიის დასასრულს, კადიროვმა დააჯილდოვა გაგლოევი მედლით - „100 წელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაარსებიდან“. მედალი - „ჩეჩნეთის რესპუბლიკისადმი ღვაწლისთვის“ კი გადაეცა დე ფაქტო კულტურის მინისტრს, რადა ძაგოევასაც. ძაგოევა, ვიზიტის ფარგლებში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, კადიროვის ქალიშვილს - აიშატ კადიროვასაც შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ოსური კულტურის დღეების ფარგლებში ჩეჩნეთში ჩასულ ორ ანსამბლს კადიროვმა ფულადი ჯილდოც გადასცა. „კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა“ საჩუქრად მიიღო 1 მლნ რუსული რუბლი, ხოლო „გალაევის სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა“ – 2 მლნ.

გაგლოევი რესპუბლიკიდან თავად კადიროვმა გააცილა. დე ფაქტო პრეზიდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში პირველად იყო ჩასული.

Go BackGo Back