ახალი ამბები

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი გაუქმდა

2024 / 01 / 11

10 იანვარს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ რუსეთის მთავრობამ 2023 წლის 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი შეზღუდა, 1 ოქტომბრიდან კი იმ ქვეყნებს, ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით, რომლებშიც საწვავი დადებული ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან მაინც გადის ექსპორტზე, დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევდათ.

ამის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მათ ეს გადასახადი არ შეეხებოდათ, თუმცა რუსეთის მთავრობის ოფიციალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდებოდა.

2023 წლის მიწურულს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თავის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონისთვის გააუქმებს საწვავ-საპოხ მასალაზე არსებულ საექსპორტო საბაჟო გადასახადს.

გაგლოევის თქმით, იგი ტელეფონით დაუკავშირდა ალექსანდრ ნოვაკს,  რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორს. მათი სატელეფონო საუბრისას კი გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობა დადგენილებას ორ დღეში მოაწერდა ხელს.

30 დეკემბერს კი მოსკოვში მართლაც მოეწერა ხელი გადასახადის გაუქმების პროტოკოლს. პროტოკოლს ხელი მოაწერა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა და რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა, სარმატ კოტაევმა.

Go BackGo Back