მთავარი ფიგურები

დიმიტრი ვოლვაჩი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • დიმიტრი ვოლვაჩი დაიბადა 1972 წელს.
  • 1996 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით.
  • 1998 წელს იგივე უნივერსიტეტი იურისპრუდენციის განხრით დაასრულა.
  • 2001 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო საგადასახადო აკადემია ფინანსებისა და კრედიტის განხრით.
  • ფლობს რუსეთის ფედერაციის I კლასის სახელმწიფო მრჩევლის წოდებას.
  • არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

პოლიტიკური კარიერა

  • 1998-2000 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციის გადასახადების სამინისტროს N40 რაიონულ ინსპექციაში ქ. მოსკოვში.
  • 2000-2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე რუსეთის ფედერაციის გადასახადების სამინისტროში.
  • 2005-2009 წლებში იკავებდა ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ჯერ არხანგელსკის ოლქსა და ნენთა ავტონომიურ ოკრუგში, შემდეგ კი სტავროპოლის მხარეში.
  • 2009-2010 წლებში გახლდათ ფედერალური საგადასახადო სამსახურის ინფორმატიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 2010-2011 წლებში მსახურობდა სამმართველოს უფროსად ფსკოვის ოლქის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში.
  • 2011-2019 წლებში მუშაობდა უფროსად ჯერ სატრანსფერო ფასებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოში, შემდეგ სტანდარტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოში, ბოლოს კი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვალუტის კონტროლის სამმართველოში (ფედერალური საგადასახადო სამსახური).
  • 2019-2021 წლებში ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.
  • 2021 წლის 16 მარტიდან იკავებს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 12 მარტს ონლაინ კონფერენციის ფარგლებში დიმიტრი ვოლვაჩმა აფხაზეთის გადასახადების „სამინისტროს“ წარმომადგენლებს რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის პროგრამული პროექტები წარუდგინა და მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
  • 2021 წლის 2 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვია აფხაზეთს და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ობიექტები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას და მასთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რკინიგზა, აეროპორტის აღდგენა, ელექტროენერგეტიკა, წყლით მომარაგება და სხვ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებდნენ. ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა აფხაზეთთან თანამშრომლობის გაფართოებისა და განმტკიცებისთვის.
  • 2021 წლის 23 სექტემბერს ქ. მოსკოვში აფხაზეთის ეკონომიკის „მინისტრს“ შეხვდა. მათ „აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროგრამასთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის 2023-2025 წლების გეგმებზე.
  • 2022 წლის 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრაში სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.
  • 2022 წლის 9 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვოლვაჩს სოხუმში შეხვდა. რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი მოადგილე ანტონ მელნიკი. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
  • 2022 წლის 17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ვოლვაჩს შეხვდა.
  • 2022 წლის 28-29 ივნისს ვოლვაჩი სოხუმს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ვოლვაჩმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტები მოინახულა. 28 ივნისს ვოლვაჩი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. 29 ივნისს ვოლვაჩი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს ვოლვაჩმა ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუც მისცა. ვოლვაჩის დელეგაციაში შედიოდნენ სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი მოადგილე ანტონ მელნიკი.
  • 2022 წლის 13 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვსა და ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრაზე ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნის საკითხზე ისაუბრეს, განიხილეს „სახელმწიფოთაშორისი“ მხარდაჭერის პროგრამები, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი და ერთობლივი საინვესტიციო პროექტები.
  • 2022 წლის 28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და ვოლვაჩი. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.
  • 2022 წლის 2 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელების საკითხზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრას აფხაზეთის მხრიდან „ვიცე-პრემიერი“ და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი  და დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ ვოლვაჩი და იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკის, შრომის, განათლების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფედერალური საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
  • 2023 წლის 22 თებერვალს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა ვოლვაჩთან. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.
  • 2023 წლის 17 მაისს მოსკოვში გაიმართა რიგით მესამე შეხვედრა რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ვოლვაჩი ხელმძღვანელობდა. 
  • 2023 წლის 9 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია რუსეთის დელეგაცია ალექსანდრ ნოვაკის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყო ნოვაკიც.
  • 2023 წლის 17 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის აღსრულებას მიეძღვნა. „აფხაზურ დელეგაციას“ ხელმძღვანელობდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, ხოლო რუსეთის დელეგაციას ვოლვაჩი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის რეალიზების შედეგები და ასევე პროგრამის აქტუალური საკითხებიც, როგორიცაა: ორმაგი დაბეგვრა, საბაჟო რეგულირება, სოციალური და საბანკო საქმიანობა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 1 ოქტომბერს დიმიტრი ვოლვაჩი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ეწვია და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აგებული შენობები მოინახულა, მათ შორის, ცხინვალის მე-3 სკოლა, 75-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, „სახელმწიფო“ დრამატული თეატრი და სხვ. ამავე დღეს რუსეთის დელეგაცია „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრისას ვოლვაჩმა განაცხადა, რომ ეპიდვითარებით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდებოდა. ვიზიტის მეორე დღეს ვოლვაჩი „სახელმწიფო“ უნივერსიტეტს ეწვია. მან რეგიონთან ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
  • 2021 წლის 3 დეკემბერს ქ. მოსკოვში ვოლვაჩი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, გენადი ბეკოევს შეხვდა. მათ საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები, პროგრამის მიმდინარეობა, ვადები და 2022-2025 წლების გეგმები განიხილეს.
  • 2021 წლის 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვოლვაჩმა ხელი მოაწერა „ოქმს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის 2020 წლის 7 მაისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. დოკუმენტი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
  • 2022 წლის 24 მაისს ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაციას ვოლვაჩიც დაესწრო.
  • 2023 წლის 19 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკას ვოლვაჩი ეწვია. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსაც შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროს დელეგაციამ, ვოლვაჩის ხელმძღვანელობით, მოინახულა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც, კერძოდ,  მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციისა და  150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის პროცესი. 
  • 2023 წლის 30 ივნისს რუსეთის დელეგაციამ, ვოლვაჩის მონაწილეობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების პოლიგონის მდგომარეობა შეამოწმა. ობიექტი 2020 წელს ააშენეს. რუსეთის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ახლდა.
  • 2023 წლის 15 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკას ვოლვაჩი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი ეწვნიენ. ხანგრძლივი ვიზიტის ფარგლებში ვოლვაჩმა გამართა შეხვედრები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაათვალიერა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ვიზიტის ფარგლებში ვოლვაჩმა დე ფაქტო პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთანაც გამართა შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს გაგლოევმა ვოლვაჩს გადასცა „მეგობრობის ორდენი“ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.