ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ინტერვიუ „ТАСС“ - თან

2024 / 02 / 21

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო.

ურთიერთობა საქართველოსთან, მდგომარეობა ე.წ. საზღვარზე

ბჟანიას განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ე.წ. საზღვარი საიმედოდ არის დაცული. მისი თქმით, მიუხედავად მცირე ინციდენტებისა, ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვარი“ ყოველწლიურად უფრო დაცული ხდება, რაშიც წვლილი მიუძღვის რუსეთის თავდაცვის ძალებსა და დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებს. ამასთან, ბჟანიამ უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეაფასა და უწოდა მათ „პრაგმატული“, რადგან „ისინი არ ჩაერთვნენ იმ პროვოკაციაში, რომელშიც მათ უკრაინა ითრევდა და მიუხედავად უკრაინის არაერთი მცდელობისა გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამის მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაში არ მოიძებნა“. ბჟანიას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკა დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით, რისთვისაც „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რეალობა“.

რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო

დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. „აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებით საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობით, თუმცა მუშაობამ ამ მხრივ შესაძლოა 10 წელიწადამდე გასტანოს“. ეს პროცესი ბჟანიამ რუსეთის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებას შეადარა, რომელსაც ასევე, მისი თქმით, წლები დასჭირდა.

ბჟანიამ ისაუბრა „მულტიპორალურ და სამართლიან სამყაროზე“, რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის კავშირი კი, მისი თქმით, მომგებიანი იქნება თითოეული მათგანის ხალხისთვის. „ჩვენ ეს მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა, ხოლო მეორე მხრივ, მოგვცემს განვითარების საშუალებას და ამ მხრივ მუშაობა ჩვენი ურთიერთობების განვითარების სწორი ვექტორია“ - განაცხადა მან.

ენერგოუსაფრთხოება და ვიზიტი მოსკოვში

ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოუსაფთხოების მისაღწევად კერძო ინვესტორების მოზიდვა დააანონსა. აფხაზეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოუგვარებელი საკითხი ენერგეტიკას ეხება. აფხაზეთში ენერგოკრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მოპოვების გამო ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა თავად ვერ უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას და რუსეთისგან ყიდვა უწევს, დე ფაქტო მთავრობის სურვილია ენერგოსექტორის კერძო ინვესტორზე გასხვისება და განვითარება. ამასთან, „მთავრობას“ უწევს ელექტროენერგიის საფასურის პერიოდულად გაზრდა, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.

მიუხედავად ენერგეტიკაში არსებული პრობლემებისა, ადგილობრივებისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კერძო ინვესტორისთვის ენერგოობიექტების მიყიდვა, რადგან აფხაზური საზოგადოებისთვის კერძო ინვესტორების ჩართულობა მგრძნობიარე საკითხია და, მათი ხედვით, დაკავშირებულია „იდენტობისა და სუვერენიტეტის“ დაკარგვასთან, დე ფაქტო ხელისუფლებას კი „ანტიეროვნული პოლიტიკის“ წარმოებაში სდებენ ბრალს.

ბჟანიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2024 წლის 9 თებერვლიდან აფხაზეთი რუსეთისგან „ელექტოენერგიის გარკვეულ ოდენობას“ უსასყიდლოდ მიიღებს, თუმცა „ეს სამუდავოდ ასე ვერ იქნება“. ბჟანია 30 იანვარს მოსკოვში გაემზავრა აფხაზეთში არსებული საწვავის კრიზისის მოსაგვარებლად. ის შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და რუსეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არ გაჟღერებულა ვიზიტის სხვა დეტალები, როგორც ჩანს, ბჟანიამ სწორედ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა მოახერხა რუსეთთან.

ბჟანიამ სწორედ - „ТАСС“-თან ინტერვიუში ისაუბრა პირველად მოსკოვში ვიზიტის შესახებ. საქმე ისაა, რომ აფხაზეთში საწვავის კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის გადაწყვეტილებით აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის უფლება მხოლოდ „როსნეფტს“ მიენიჭა. ბჟანიას თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკას საწვავი რეგულარულად მიეწოდება და დეფიციტი არ შეიქმნება, მომავალში კი მხარეები შეთანხმდებიან ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და აფხაზეთის ჩართულობა

ბჟანიამ თავის ინტერვიუში აქტიურად ისაუბრა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებაც. მან შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს საბრძოლო ხომალდების არსებობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ბედისთვის მხოლოდ დამამძიმებელია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობენ მოხალისეები აფხაზეთიდან და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის მოსამსახურეები. ბჟანიას თქმით, აფხაზეთი ამ კონფლიქტში რუსეთის მხარდამჭერია და ამჟამად უკრაინაში 70-80 ეთნიკურად აფხაზი მებრძოლიც იბრძვის. ბჟანიამ ისაუბრა დაღუპული მებრძოლების შესახებაც და მისი თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთიდან ომში წასული 20 მებრძოლი დაიღუპა.

„რონდელის ფონდი“ თვალს ადევნებს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობას საომარ მოქმედებებში. ამ მიზნით შექმნილია ინტერაქტიური რუკა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია ყველა იმ მებრძოლის შესახებ, რომელიც აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული. მათი საბრძოლო დანაყოფები აღნიშნული რუკის აღწერაში მითითებულია შესაბამისი ფერით,  რუკაზე დატანილი ინფორმაცია კი განახლებადია. ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთიდან დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობა 24-ია.

Go BackGo Back