ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში: ვის შეხვდა ბჟანია?

2024 / 02 / 14

8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის არაერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში 30 იანვარს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან და დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრთან, ჯანსუღ ნანბასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტის მიზნად აფხაზეთში შექმნილი საწვავის კრიზისის მოგვარება დასახელდა. კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის გადაწყვეტილებით აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის უფლება მხოლოდ „როსნეფტს“ მიენიჭა. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვრცელდებოდა სხვა დამატებითი ინფორმაცია ბჟანიას ვიზიტის შესახებ. ბჟანია საკმაოდ ხშირად სტუმრობს რუსეთს, თუმცა ამ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია ხშირად არ ვრცელდება. აფხაზურ ტელეგრამ არხებში ხშირად იწერება იმის შესახებაც, რომ მისი ვიზიტები ჯანმრთელობის პრობლემებს ან პირად საქმეებს უკავშირდება. თუმცა, მისი უკანასკნელი ვიზიტი გამონაკლისი აღმოჩნდა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა ლავროვს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. აღნიშნული საჯარო მოხელეები რუსეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები არიან. გარდა ამისა, ბჟანია შეხვდა რუსეთის „ცესკოს“ თავმჯდომარეს, ელა პამფილოვასა და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელს, დანიილ ეგოროვს.

მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ლავროვთან ან რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაცია მედიაში არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 7 თებერვალს ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „კანონპროექტი“ განსახილველად დააინიცირა.

ასლან ბჟანია და სერგეი ლავროვი

Go BackGo Back