ახალი ამბები

ევრაზიის ხალხთა ასამბლეა და ოკუპირებული რეგიონები

2024 / 02 / 29

ავტორი: ანდრო კვიჟინაძე

2024 წლის 18 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ევრაზიის ხალხთა  ასამბლეის გენერალურ მდივანს, ანდრეი ბელიანინოვს შეხვდა. შეხვედრაზე ინტეგრაციული პროცესებისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ასამბლეის შესახებ

ევრაზიის ხალხთა ასამბლეა რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციათა საერთაშორისო კავშირია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია „მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცების მიზნით საზოგადოებრივი ინტეგრაციული მოდელის ფორმირება, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების საშუალებით“.

2017 წლის 27-30 მაისს მოსკოვში ჩატარდა ასამბლეის პირველი ყრილობა, რის შემდეგაც ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. მას 2500-მდე წარმომადგენელი დაესწრო და სწორედ აქ მიიღო ორგანიზაციამ არსებული ფორმა.

ასამბლეის პირველი ყრილობა

ასამბლეა სხვადასხვა სახის არაერთ პროექტს ახორციელებს. მაგ.: 2023 წლის 24-27 აგვისტოს ქ. უფაში ჩატარდა საერთაშორისო სპორტული ღონისძიება „ევრაზიადა“. 2023-2025 წლებში განხორციელდება „ვალერი ბრუისოვის სახელობის ევრაზიული პოეზიის სკოლის“ პროექტი. საერთაშორისო საზოგადოებრივი ფორუმი - „მეორე მსოფლიო და დიდი სამამულო ომების შესახებ ხსოვნის შენარჩუნება“ 2019 წლიდან ტარდება და უკვე 23-ჯერ გაიმართა.

ასამბლეა რეალურად რუსეთის „რბილი ძალის“ კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში, კულტურული და ეკონომიკური გავლენის გავრცელების გზით, კრემლის გავლენის შენარჩუნებას ემსახურება. ასამბლეას ურთიერთობა აქვს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ორგანიზაცია „ევრაზიანიზმის“ იდეის გავრცელებას ემსახურება. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლიდან იციან აფხაზეთში. ამის შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალეკო გვარამიამაც, რომელმაც რუსეთისთვის „ევრაზიანიზმის“ იდეოლოგიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ასამბლეის მმართველობაში არიან რუსული თუ უცხოური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები.

ვინ არის ანდრეი ბელიანოვი

ასამბლეის ხელმძღვანელია ანდრეი ბელიანინოვი, რომელიც გენერალური მდივნის პოსტს 2017 წლიდან, ასამბლეის დაფუძნების დღიდანვე, იკავებს. 1978 წელს მან კარიერა დაიწყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) პირველ მთავარ სამმართველოში, რომელიც საგარეო დაზვერვაზე იყო პასუხისმგებელი. იგი მუშაობდა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც, ზოგიერთი მოსაზრებით, ვლადიმერ პუტინი გაიცნო. 1991 წლიდან ბიზნეს სექტორში გადაინაცვლა. იგი 2006-2016 წლებში ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი იყო, 2017-2020 წლებში კი ევრაზიის განვითარების ბანკის თავჯდომარის პოზიცია ეკავა.

ანდრეი ბელიანინოვი

ასამბლეის სხვა წარმომდგენლები

ასამბლეის გენერალური საბჭოს თანათავჯდომარეა ეროვნებით ფრანგი ჟან-პიერ თომა. იგი საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი წევრია. პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიმ მას რუსეთსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დაავალა. აღნიშნული მისიის დასრულების შემდეგ, ის გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი მრჩეველი რუსეთში ფრანგული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იგი დაინიშნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რუსული ალუმინის კომპანიის, „რუსალის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ.

ორგანიზაციის მრჩეველთა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრია ევროკავშირის და აშშ-ს მიერ სანქცირებული გრიგორი კარასინი. იგი 2019 წლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და პასუხისმგებელი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. იგი ოკუპირებულ რეგიონებსაც კურირებდა. 2019 წლიდან იგი ფედერაციის საბჭოს წევრია. კარასინი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ასამბლეაში გენერალური მდივნის ერთ-ერთი მოადგილის პოზიციას იკავებს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ანატოლი კარპოვი, რომელიც 2011 წლიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრიცაა.

ორგანიზაციის ასამბლეის გენერალური საბჭოს წევრია ვიქტორ (კობა) კუსიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, ევრო-აზიული ალიანსის თავჯდომარეა. 2023 წლის 13 დეკემბერს იგი საქართველოში ასამბლეის წარმომადგენლად დანიშნეს.

ვიქტორ კუსიანი (მარჯვნივ) ანდრეი ბელიანინოვთან ერთად

ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობები

ასამბლეის წარმომადგენლებს აქტიური ურთიერთობები აქვთ ოკუპირებულ რეგიონებთან. თავად ბელიანინოვს სხვადასხვა პერიოდში ოკუპირებული რეგიონების ჯილდოებიც აქვს მიღებული. 2011 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ბრძანებით „აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო მებაჟის“ სამკერდე ნიშანი მიიღო. 2018 წლის 23 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით კი, „მეგობრობის ორდენით“ დაჯილდოვდა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია ორგანიზაციის პირველივე კონგრესს 2017 წელს დაესწრო.

2019 წელს რუსეთში აღნიშნეს რუსეთის მკვიდრი ხალხების წელი. ასამბლეამ ამ მოვლენასთან დაკავშირებით მკვიდრი ხალხების ენის შესახებ თავისი პროგრამის ფარგლებშიც დაგეგმა ღონისძიებები. მათ შორის ყურადღება დაეთმო აფხაზურ ენასაც, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური რუსეთის ხალხების მკვიდრ ენად არ ითვლება.

2020 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთს ეწვია ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრები გამართეს გულრიფშის რაიონის მაცხოვრებლებთან და ადგილობრივი ე.წ. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

2023 წლის 26-27 იანვარს სიმფეროპოლსა და მოსკოვში ჩატარდა ასამბლეის 23-ე „საერთაშორისო საზოგადოებრივი ფორუმი მეორე მსოფლიო და დიდი სამამულო ომების შესახებ ხსოვნის შესანარჩუნებლად“. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული აფხაზეთიც.

2023 წლის 6 თებერვალს ასამბლეასა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 6 ივლისს კი მოსკოვში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ასამბლეასა და ორგანიზაცია „აფხაზეთი-ევრაზია გზა თანამშრომლობისკენ“ შორის.

2024 წლის 18 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ევრაზიის ხალხთა  ასამბლეის გენერალურ მდივანს, ანდრეი ბელიანინოვს შეხვდა.

ასლან ბჟანიას შეხვედრა ანდრეი ბელიანინოვთან

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირველი შეხება ასამბლეასთან იყო 2018 წლის 16 ნოემბერს, როდესაც ცხინვალში 2008 წლის ომში დაღუპული მოხალისის, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან იყო, ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, პეტრ გასიევი და რუსი დეპუტატები.

2022 წლის 24 იანვარს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი მოსკოვში შეხვდა ანდრეი ბელიანინოვს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში ხელი მოეწერებოდა თანამშრომლობის შეთანხმებას და ცხინვალში გაიხსნებოდა ასამბლეის წარმომადგენლობა.

იმავე წლის 4-5 ოქტომბერს მოსკოვში, ასამბლეის პროექტის - „ხელოვნება აერთიანებს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო რუსეთში ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩი.

2022 წლის 23 ნოემბერს ხელი მოაწერა ასამბლეასა და ცხინვალის რეგიონის შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელი მოაწერა დე ფაქტო მთავრობის თავჯდომარემ, კონსტანტინ ჯუსოევმა და ანდრეი ბელიანინოვმა. ამავე დროს ცხინვალში გაიხსნა ასამბლეის წარმომადგენლობა, რომელსაც უხელმძღვანელებს ე.წ. საბაჟო კომიტეტის მეთაური, მურატ ცხოვრებოვი.

ევრაზიის ხალხთა ასამბლეასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია

2022 წლის 24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში გამართულ BRICS+ ქვეყნების მუნიციპალიტეტთა საერთაშორისო ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „დიდი ევრაზიული პარტნიორობა: სტრატეგიული მუნიციპალიტეტშორისი ურთიერთობა“ ერთ-ერთი სპიკერი ცხინვალის რეგიონიდან იყო.

 

Go BackGo Back