მთავარი ფიგურები

ვლადიმირ ვლადიმიროვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს აფხაზეთის მიმართულების კურატორი

ვლადიმირ ვლადიმიროვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოში აფხაზეთის მიმართულებას კურირებს. იგი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან დადებული შეთანხმებების შესრულებასა და ადგილობრივ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. მას აფხაზეთის საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მუშაობა.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ვლადიმირ ვლადიმიროვმა დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი.
  • იგი მოსკოვის ახალგაზრდული პარლამენტარიზმის ცენტრის უფროსი იყო.
  • 2014 წელს რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში არჩევისთვის იბრძოდა.
  • გარკვეული პერიოდი კულტურული ცენტრების განვითარების მოსკოვის დირექციის (მოსკოვის ყოფილი საბიბლიოთეკო ცენტრი) უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. დირექცია დედაქალაქის კულტურულ ცენტრებს კურირებს. ვლადიმიროვმა აღნიშნული პოსტი 2017 წელს დატოვა

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 3 აგვისტოს ვლადიმიროვი, 31 წლის ასაკში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში აფხაზეთის მიმართულების კურატორად დაინიშნა. მანამდე ვლადიმიროვს სამსახურებრივი შეხება არასოდეს ჰქონია აფხაზეთთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე იანვარში რუსლან ტემირბულატოვის დანიშვნაზე საუბრობდნენ, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის გუნდის წევრი იყო. მის კანდიდატურაზე ადმინისტრაციაში უარი თქვეს და ბოლოს ვლადიმიროვი შეირჩა. ვლადიმიროვის კომპეტენციაში შედის ორმხრივი შეთანხმებების შესრულების კონტროლი, რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთქმედება, პოლიტიკოსებთან, დეპუტატებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობა. ვლადიმიროვი ასევე კურირებს რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას. 
  • ვლადიმიროვის დანიშვნა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ექსპერტთა ნაწილმა აღნიშნული დანიშვნა რუსეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ ტენდენციას დაუკავშირა, რაც საჯარო სამსახურში კადრების გაახალგაზრდავებას ითვალისწინებს.
    ვლადიმიროვის დანიშვნიდან მალე, 2017 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს ესტუმრა. პუტინის ვიზიტის ფონზე რუსულ მედიას აღნიშნული დანიშვნაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა აფხაზეთში, ბიჭვინთაში რუს ტურისტებზე თავდასხმა და სოფ. პრიმორსკოეში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება
  • 2018 წლის ოქტომბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „Sputnik Абхазия“-ს რედაქციას არასარწმუნო მასალები აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ვლადიმიროვმა მიაწოდა. ვლადიმორივი მიიჩნევა სტატიის ავტორად იმის შესახებ, რომ თითქოს  აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწების გაყიდვის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ვალდებულება აიღეს. რედაქციიდან წყაროს ინფორმაციით ვლადიმიროვმა გადასცა მათ მასალები და სთხოვა სტატიის განთავსება. როგორც ცნობილია „Sputnik Абхазия“-ის სტატიაში „უძრავი ქონება აფხაზეთში: შეიცვლება თუ არა ვითარება არარეზიდენტებისთვის“ საუბარი იყო იმაზე, რომ 3 ოქტომბერს სოხუმში, რუსი და აფხაზი დეპუტატების შეხვედრაზე თითქოსდა განიხილეს უძრავი ქონებისა და მიწის გაყიდვის ლეგალიზაციის თემა. სტატიაში ამ საკითხისადმი აფხაზი დეპუტატების დადებით განწყობაზე იყო საუბარი. თუმცა, მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა განაცხადა, რომ  შეხვედრის დროს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ამ საკითხზე არც რაიმე შეთანხმება არსებობს. რედაქციიდან წყაროს ინფორმაციით, ვებგვერდიდან სტატიის აღება ვლადიმიროვმა აკრძალა
  • 2018 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს“ შესახებ. ბრძანების თანახმად სამმართველომ დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო ჩაანაცვლა. სტრუქტურული ცვლილების შემდეგ ვლადიმიროვმა შეინარჩუნა თავისი პოზიცია საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოში.