მთავარი ფიგურები

ამირ ბილიალეტდინოვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ამირ ბილიალეტდინოვს საგარეო საქმეთა სამინისტროში კულტურის სფეროს მიმართულებით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
  • ბილიალეტდინოვი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან ურთიერთობებს კურირებს.

დიპლომატიური კარიერა

  • 2006 წლის 22 მარტს ბილიალეტდინოვს, იუნესკოს საქმეებში რუსეთის ფედერაციის კომისიის მეორე მდივნის რანგში, თათრეთის რესპუბლიკასთან აქტიური თანამშრომლობის გამო, „ყაზანის 1000 წლისთავის ხსოვნისადმი“ მიძღვნილი მედალი გადასცეს.
  • 2006 წლის 15 დეკემბერს ბილიალეტდინოვი, იუნესკოს საქმეებში რუსეთის ფედერაციის კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილის რანგში, უფაში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც 2007 წელს იუნესკოში ბაშკირეთის რესპუბლიკის პრეზენტაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2008 წლის 19-20 ივნისს ბილიალეტდინოვმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის განყოფილების უფროსისა და იუნესკოს საქმეებში რუსეთის კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილის რანგში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში: „ინკლუზიური განათლება: საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სისტემის დახვეწის პრობლემები“.
  • 2013 წლის 13-14 სექტემბერს, მოსკოვში, განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების იუნესკოს ინსტიტუტის მმართველი საბჭოს მე-14 სესია გაიმართა. სესიაში მონაწილეობდა ბილიალეტდინოვიც, იუნესკოს საქმეებში რუსეთის ფედერაციის კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილის რანგში.
  • 2013 წლის 24 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა „ვ. ი. ვერნადსკის სახელობის ნაციონალური ეკოლოგიური პრემიის“ საიუბილეო მეათე კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მეცნიერმა და საჯარო მოხელემ. პრემია „ვ. ი. ვერნადსკის სახელობის ფონდისა“ და სახელმწიფო დუმის ეკოლოგიის კომიტეტის ინიციატივით 2003 წელს დაარსდა. სამახსოვრო მედლებით „ვ. ი. ვერნადსკის დაბადებიდან 150 წელი“ დააჯილდოვეს ბილიალეტდინოვიც, რომელიც უმაღლესი კატეგორიის ბიოლოგიის მასწავლებელიც არის.
  • 2015 წლის 19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების იუნესკოს ინსტიტუტთან თანამშრომლობის საკითხზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბილიალეტდინოვმაც, იუნესკოს საქმეებში რუსეთის ფედერაციის კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილის რანგში.
  • 2019 წლის 22 ოქტომბერს  რუსეთსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსეთში ყაზახეთის საელჩოს ესტუმრნენ. სტუმრებს შორის იყო ბილიალეტდინოვიც, რომელიც რუსეთ-ყაზახეთის დემარკაციის კომისიის ხელძღვანელი იყო.
  • 2020 წლის 22 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერ სახიბა გაფაროვას შეხვდა. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა ბილიალეტდინოვიც, დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 26 მაისს სანქტ-პეტერბურგში დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების საკითხი განიხილეს. შეხვედრაში ბილიალეტდინოვიც მონაწილეობდა.