ძირითადი უწყებები

საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაზე დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტია (4ДСНГ) პასუხისმგებელი. დეპარტამენტის საქმიანობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი კურირებს, რომელიც სამინისტროში საქართველოს მიმართულებით პოლიტიკის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც.

2019 წლის 4 აპრილიდან დეპარტამენტის დირექტორია დენის გონჩარი. დეპარტამენტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე აქტიურად მუშაობს გონჩარის მოადგილე მიხაილ შურგალინი და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსი ანდრეი სტარკოვი.

დეპარტამენტი კურირებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩოების“ საქმიანობას. აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ ოფიციალურად 2009 წლის 9 თებერვალს დაფუძნდა. 2009 წლის 30 აპრილს კი, რუსეთის პირველი „ელჩი“ სემიონ გრეგორიევი ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა.  აფხაზეთის გარდა  რუსეთის „საელჩო“ ფუნქციონირებს ცხინვალის რეგიონშიც. რუსეთის „საელჩომ“ ცხინვალში საქმიანობა 2009 წლის აპრილში დაიწყო

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოღვაწე რუსეთის „ელჩების“ უმრავლესობის კარიერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტს უკავშირდება. სამინისტროს პოლიტიკა ცხადყოფს, რომ რუსეთი აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონთან შედარებით, უფრო დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს და „ელჩებად“ სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საკითხებში გათვითცნობიერებულ გამოცდილ დიპლომატებს ნიშნავს. აფხაზეთში რუსეთის ორივე „ელჩი“ თავისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

აფხაზეთში რუსეთის პირველი „ელჩი“ სემიონ გრეგორიევი 2003-2006 წლებში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კურირებდა და რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხებზე მუშაობდა. 2008 წლის თებერვალ-დეკემბერში კი, დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს კურირებდა

დეპარტამენტში მუშაობდნენ აფხაზეთში რუსეთის რიგით მეორე და მესამე „ელჩებიც“: ალექსეი დვინიანინი და მიხაილ შურგალინი.  „ელჩად“ დანიშვნამდე ისინი დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები იყვნენ. 

2007-2008 წლებში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი იყო ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ ელბრუს კარგიევიც, რომლიც 2008 წლის 25 სექტემბერს დაინიშნა „ელჩად“ და 2017 წლის მაისამდე, პენსიაზე გასვლამდე „ელჩის“ მოვალეობას ასრულებდა.