ახალი ამბები

„სოხუმის აეროპორტს“ რაშიდ ნურგალიევის შვილი აღადგენს

2023 / 10 / 31

ავტორი: არსენ არაქელოვი

27 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“-ს („Инфраструктурное Развитие“) შორის ხელი მოეწერა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. რუსული კომპანია - „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები და გამარჯვებული კომპანიის მფლობელი, რაშიდ ნურგალიევი.

აეროპორტის შესახებ

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფ. ბაბუშარაში მდებარეობს. ზაფხულში, საკურორტო სეზონზე, ის 5 000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სოხუმის აეროპორტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასაფრენი ბილიკი ჰქონდა. 1980-იან წლებში, ის დაგრძელდა 3.64 კმ-მდე კოსმოსური ხომალდის -„ბურანი“ მიღებისთვის, რაც საბოლოოდ არ შედგა.

1993 წელს აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად აეროპორტი დაიხურა. 2000 წელს აეროპორტის რეაბილიტაცია განხორციელდა და მას შიდა ფრენებისთვის იყენებდნენ. აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვის დახურულია. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აეროპორტში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა დესანტი და სამხედრო ტექნიკა გადმოსხეს. 2008 წლის 14 სექტემბერს კი, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავი დაეშვა.

ამის შემდგომ, დე ფაქტო რესბუბლიკაში წლების განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გახსნის თაობაზე. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტის აეროდრომს ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მიერ აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

2019 წლის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება აეროპორტისთვის კოდის - URAS მინიჭების შესახებ. აეროპორტს კოდი მიენიჭა აფხაზეთის ე.წ. საჰაერო კოდექსისა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2010 წლის 17 თებერვალს დადებული შეთანხმების საფუძველზე. აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოცხადდა. თუმცა, რეალურად კოდი აეროპორტისთვის არავის მიუნიჭებია, რადგან ამის უფლებამოსილება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) აქვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. იმ დროს აფხაზურ საზოგადოებაში როსტოვის საჰაერო ზონისადმი  მიკუთვნებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „როგორც კი გაჩნდა სიტყვა „როსტოვი“, თავში მოგდის აზრი - „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას?“ რუსეთმა ჩვენ თავად გვაღიარა და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ შევდგეთ“.

აეროპორტის აღდგენა მუდმივი განხილვის საგნად რჩებოდა წლების განმავლობაში და ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წინასაარჩევნო ერთ-ერთ დაპირებადაც იქცა. რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, ბჟანია აცხადებდა, რომ „ის, ვინც აეროპორტის რეკონსტრუქციაში შეიტანს წვლილს, აფხაზი ხალხის მადლიერებას სამუდამოდ დაიმსახურებს“.

2021 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის გამნაღმველებმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაც კი შეამოწმეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირველად აღნიშნული საკითხი საჯაროდ 2020 წლის ნოემბერში სოჭში განიხილა. პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან 3-4 ოქტომბერს, მისი უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ კი, ბჟანიამ თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი დაიწყებს 2024 წლის 31 დეკემბრიდან, თუ „საერთაშორისო სამხედრო სიტუაცია არ გამწვავდება“.

გამარჯვებული კომპანიის შერჩევა

პირველი ცნობები კომპანიის შესახებ, რომელიც აღადგენდა სოხუმის აეროპორტს, 2022 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, რა დროსაც ოკუპირებულ აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი ეწვია. იმ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის აღდგენაში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კომპანია - „Базовый элемент“ ჩაერთვებოდა. ამის შესახებ რეშეტნიკოვს ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა, ალექსეი ვასილჩენკომ მიაწოდა. ვასილჩენკოს თქმით, აეროპორტი 10 ათასს კვ/კმ ფართობზე გაშენდებოდა და საათში 435 ადამიანის მიღებას შეძლებდა.

როგორც ჩანს, გარკვეულ მიზეზთა გამო, კომპანიასთან დე ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებები შეწყვიტა და არჩევანი „ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე“ შეაჩერა, რასაც შესაძლოა, პოლიტიკური მიზეზებიც გააჩნია.

სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგ რუსულ კომპანიებს არ სურდათ მონაწილეობა მიეღოთ სოხუმის აეროპორტის აღდგენაში. ეს შესაძლოა აიხსნას იმ ფაქტორით, რომ სოხუმის აეროპორტს არ აღიარებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და შემოსავლის მხრივ, ეს შესაძლოა კომპანიებისთვის წამგებიანი ყოფილიყო, რადგანაც უცნობია, თუ რამდენად იქნება პოპულარული ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტულად.

აეროპორტების რუსულმა მსხვილმა ჰოლდინგებმა, როგორიცაა „რეგიონების აეროპორტები“, „აეროდინამიკა“, „ნოვაპორტი“ და მოსკოვის „შერემეტიოევო“ და „ვნუკოვო“, უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში. ამის შესახებ სექტემბერში იტყობინებოდა რუსული გამოცემა „Ведомости“ და ინფორმაცია ეყრდნობოდა როგორც ჰოლდინგების წარმომადგენლების განცხადებებს, ასევე კომპანიებთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებს.

გამოცემა წერდა, რომ „დომოძედოვოს“ პრესსამსახურმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხოლო „ვნუკოვოს“ უარი დასტურდებოდა ჰოლდინგთან დაახლოებული მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირისაგან.

გამოცხადებული კონკურსის თანახმად, გამარჯვებულთან დე ფაქტო მთავრობა გააფორმებდა 49 წლიან პარტნიორობის შეთანხმებას. განსაზღვრული ვადების მიხედვით, აეროპორტმა უნდა დაიწყოს რეგულარული ფრენები არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა, ხოლო პირველი ტექნიკური რეისი უნდა შესრულდეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აეროპორტს უნდა შეეძლოს მოემსახუროს საათში 400 მგზავრს, ხოლო ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 370 მეტრი უნდა იყოს. ინვესტორს აეროპორტის რეკონსტრუქციაში უნდა ჩაედო არანაკლებ 8 მლრდ რუსული რუბლისა (დაახლ. 87 მლნ აშშ დოლარი).

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ იმ კომპანიებს, რომელთა კაპიტალი და რეზერვი ორი უკანასკნელი ფინანსური პერიოდის შემდგომ, შეადგენდა არანაკლებ 1 მლრდ რუსული რუბლისა, შემოსავალი - წელიწადში არანაკლებ 2 მლრდ რუსული რუბლისა და აქტივების საბალანსო ღირებულება კი -  მინიმუმ 3 მლრდ რუბლი. გარდა ამისა, პრეტენდენტს უკანასკნელ 3 წელიწადში უნდა ჰქონოდა გამოცდილება იმ აეროპორტის ექსპლუატაციისა, რომელიც წელიწადში ემსახურება საშუალოდ, არანაკლებ 1 მლნ მგზავრს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ გაავრცელა კონკურსში მონაწილე კომპანიების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ცნობილი ჰოლდინგებისა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: „დარტ“ და შემდგომში გამარჯვებულმა - „ინფრასტრუქტურული განვითარება“.

„დარტის“ საწესდებო კაპიტალი 10 ათასი რუბლია, იგი დარეგისტრირებულია მოსკოვში. კომპანიაში მუშაობს ერთი ადამიანი და 2022 წელს კომპანიამ იზარალა 1.9 მლრდ რუსული რუბლით, შემოსავლის შესახებ ინფორმაცია კი არ არის ცნობილი. კომპანიის მფლობელების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

„ინფრასტრუქტურული განვითარება“ და მისი მფლობელი

შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ დარეგისტრირდა 2023 წლის 10 ივლისს, მისი იურიდიული მისამართი მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი სახლია, საწესდებო კაპიტალი კი 100 ათასი რუბლია. მისი ხელმძღვანელი სერგეი გრიბკოვია, რომელიც მანამდე  Airport Management Company Limited-ში მუშაობდა. აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია „დომოძედოვოს“ აეროპორტის სტრუქტურებთან. „ინფრასტრუქტურული განვითარების“ მფლობელი კი რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევია, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი.

რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევი

უფროსი ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გავლენიანი საჯარო მოხელეა. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხშირი სტუმარია, როგორც შს მინისტრის, ასევე უშიშროების მდივნის მოადგილის რანგში. მას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალოვანი უწყებების საქმიანობის ერთგვარი კოორდინაციის ფუნქციაც აკისრია. იგი პერიოდულად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში „კრიზისების მენეჯერადაც“ გვევლინება. უფროს ნურგალიევს აქტიური კავშირები აქვს დე ფაქტო პრეზიდენტთან, ბჟანიასთან და მათი ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2023 წლის აპრილში მოსკოვში შედგა.

უმცროს ნურგალიევს აქვს დამთავრებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სკოლა, რის შემდეგაც ჰოკეის კლუბის „ფენიქსი“ შემტევი იყო. ამის შემდგომ კი, იგი ხდება სხვადასხვა კომპანიის მეწილე.  იგი „ეკოსტრუქტურის“ 85%-იანი მეწილეა. ეს კომპანია ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობს და ნარჩენების გადამუშავებით არის დაკავებული. ნურგალიევი ასევე „ბაზის“-ის 33% ფლობს, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საქმიანობის ბიზნესთან. უმცროსი ნურგალიევი „რუსეთის ეკოლოგიური მოძრაობის“ ლიდერიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ აკმაყოფილებდა კონკურსში გამოცხადებულ მოთხოვნებს და კომპანიას არანაირი გამოცდილება არ აქვს აეროპორტების ექსპლუატაციასთან, დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის მთავრობებმა სწორედ რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანიაზე შეაჩერეს არჩევანი.

რა გაკეთდება?

შეთანხმების დადების ცერემონიალზე, რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა დე ფაქტო მთავრობას მის კომპანიაზე არჩევანის გაკეთებისთვის. მან განაცხადა, რომ გარდა თავად აეროპორტის რეკონსტრუქციისა, მისი კომპანია ააშენებს ახალ, უნიკალურ ტერმინალის კომპლექსს. მისი თქმით, ტურისტები და ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩებიან. ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ტურისტული ინტერესი ყოველ წელს იზრდება.

შეთანხმების მიხედვით, განახლდება აეროდრომი, რეკონსტურქცია ჩაუტარდება ასაფრენ ბილიკს, რომელიც იქნება 3 100 მეტრი სიგრძეში, 45 მეტრი კი სიგანეში, რაც მისცემს აეროპორტს საშუალებას მიიღოს თანამედროვე თვითმფრინავები. გარდა ამისა, ასაფრენ ბილიკზე დამონტაჟდება სხვადასხვა ტექნოლოგია, რაც თვითმფრინავების პილოტებს მისცემს საშუალებას დაეშვან ბილიკზე სხვადასხვა მეთოდით. დამონტაჟდება სხვადასხვა შუქნიშანი ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენების შესასრულებლად. გარემონტდება სამგზავრო გზა და სამგზავრო პერონის ნაწილი, აშენდება პერონის ახალი მონაკვეთი დამატებითი თვითმფრინავების განსათავსებლად.

ასევე, აეროდრომზე აშენდება ახალი საავარიო-სამაშველო სადგური, დამონტაჟდება სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემა, გამწმენდი დანადგარები და აშენდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება თვითმფრინავების დამუშავება სპეციალური, ყინვის საწინააღმდეგო სითხით. ამასთან, აშენდება მგზავრთა მიღების ტერმინალი, აშენდება ან განახლდება აეროპორტის ადმინისტრაციული შენობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება აეროპორტის ისტორიულ შენობას.

სოხუმის აეროპორტი საათში შეძლებს მოემსახუროს 1 300 მგზავრს.

სოხუმის აეროპორტი

რას ამბობენ ოკუპირებულ რეგიონში?

ოკუპირებული აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია აეროპორტის აღდგენა, თუმცა ადგილობრივი  საზოგადოების ნაწილი მგრძნობიარეა რუსეთის კერძო ინვესტორების მიმართ და არ სურს მათი ხილვა ოკუპირებულ აფხაზეთში.

2023 წლის ივლისში დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ აეროპორტი გადაეცემოდა რუს ინვესტორს. აფხაზურ საზოგადოებაში ამან მღელვარება გამოიწვია, რადგანაც მათ არ სურდათ სტრატეგიული ობიექტის გადაცემა უცხოელი კერძო ინვესტორისთვის. ამის გარდა, დადგენილება ითვალისწინებდა არაერთ შეღავათს ინვესტორისთვის. რუსი ინვესტორი 25 წლის განმავლობაში თავისუფლებოდა გადასახადებისაგან. 

გარდა ამისა, რამდენიმე ე.წ. დეპუტატი გამოთქვამდა შიშს, რომ ინვესტორს თეორიულად შეეძლო ფული ესესხა იმ ბანკისაგან, რომელიც „აფხაზეთისთვის არამეგობრულ ქვეყანაში მდებარეობს“. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, კან კვარჩია თავის განცხადებაში ამბობდა: „მე ვუშვებ იმას, რომ ინვესტორს შეუძლია ფული ისესხოს „საქართველოს ბანკისგან“ (Bank of Georgia), ამას ინვესტორს არავინ უკრძალავს და ინვესტორის ბანკროტის შემთხვევაში, აეროპორტი „საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში გადავა“.

მიუხედავად პროტესტისა და იმისა, რომ შეთანხმებაში არ ჩანდა დე ფაქტო რესპუბლიკის არანაირი ინტერესი, დე ფაქტო პარლამენტმა ეს დადგენილება მიიღო. ამის შემდგომ კი, ამავე თვეში, მოსკოვში რეგისტრირდება რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია. კონკურსის ვადა მხოლოდ 10 დღე იყო, რა დროსაც კომპანიებს უნდა მოემზადებინათ აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი, საბუთები და „სამთავრობათაშორისო“ კომისიისთვის გაეგზავნათ.

შედეგად, კონკურსში გაიმარჯვა სამი თვის შექმნილმა „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომელიც არ აკმაყოფილებს კონკურსის არცერთ პირობას და დაკავშირებულია რუსეთის მაღალჩინოსნის შვილთან, რაც აფხაზურ საზოგადოებაში გარკვეულ შიშსა და უკმაყოფილებას ბადებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტი უკვე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა იჩინოს პროფესიონალი პილოტებისა და პერსონალის პრობლემამაც. 2019 წელს „სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირების“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზაურ აშბამ განაცხადა, რომ „აეროპორტის 27 წლიანი უძრაობის“ პერიოდში აფხაზეთმა დაკარგა ბევრი სპეციალისტი, რომელთა ჩანაცვლება მოკლე ვადებში ძალიან რთული იქნებოდა. იმ დროს მან თქვა, რომ ე.წ. საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, ადგურ გუნბას ინიციატივით, ოთხმა ახალგაზრდა დისპეტჩერმა, მომზადება გაიარა რუსეთში და მზად არის ემსახუროს ავიაციას. მიუხედავად ამისა, უცნობია, რამდენად შეძლო დე ფაქტო უწყებამ კადრების მომზადება და რამდენად არის მზად ოკუპირებული აფხაზეთი სრულყოფილად უზრუნველყოს რეგულარული სამოქალაქო რეისები.

ამასთან, აფხაზეთში შიშობენ, რომ აეროპორტის აღდგენა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის წამგებიანი პროექტია. რუს ტურისტებში აფხაზეთის მიმართ ინტერესის მიუხედავად, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ინვესტორთან დადებული შეთანხმება მხოლოდ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს.

Go BackGo Back