ახალი ამბები

ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტების ვიზიტი სოჭში: შეხვედრები ლავროვთან და პუტინთან

2023 / 10 / 05

ავტორი: არსენ არაქელოვი

2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკებისა და რუსეთის „დიპლომატიური ურთიერთობების“ განმავლობაში, სწორედ შემოდგომის პერიოდი არის დატვირთული მნიშვნელოვანი მოვლენებით, შეხვედრებით, შეთანხმებებით. არც 2023 წელი აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი.

შეხვედრები სერგეი ლავროვთან

სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს 3 ოქტომბერს ორმხრივ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრა აფხაზურ დელეგაციასთან

ბჟანიასთან შეხვედრისას  ლავროვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოჰყო. ლავროვმა ბჟანიას მადლობა გადაუხადა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისათვის. ამ საკითხზე საუბრისას, ბჟანიამ ჩვეული, რუსული პროპაგანტისტული ნარატივი გააჟღერა ფაშიზმის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 15 მებრძოლი დაიღუპა. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში მებრძოლების მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

ლავროვმა ბჟანიას მიულოცა „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ (ასე მოიხსენიებენ აფხაზეთში 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს) გამარჯვების დღე, რომელიც აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნება.

შეხვედრაზე „სოხუმის აეროპორტის“ აღდგენის საკითხიც განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორი ჯერ უცნობია და არც რუსული კომპანიები გამოთქვამენ ჯერ აეროპორტის რეკონსტრუქციის სურვილს, ბჟანია იმედოვნებს, რომ პირველი მგზავრების მიღებას აეროპორტი 2024 წელს შეძლებს.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ლავროვს ივნისში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის რატიფიცირებისათვის, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს.

შეხვედრის დასასრულს, ბჟანიამ ლავროვი აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი სახელმწიფო „ახძ აფშას“ I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის“.

ასლან ბჟანია აჯილდოვებს სერგეი ლავროვს

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი.

ინალ არძინბა და სერგეი ლავროვი ხელს აწერენ კონსულტაციების გეგმას

შეხვედრა ცხინვალის დელეგაციასთან

ამავე დღეს, 3 ოქტომბერს, ლავროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ალან გაგლოევსაც შეხვდა. შეხვედრის დაწყებისას, ლავროვმა გაგლოევს მადლობა გადაუხადა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისათვის. გაგლოევმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონის მხარდაჭერა რუსეთისადმი და გამარჯვების იმედი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ გაგლოევი აქტიურად არის ჩართული ოსი მებრძოლების მხარდაჭერაში. მაგალითად, გასულ თვეში ეთნიკურად ოს მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარების სახით მან „ნივას“ მარკის ექვსი ავტომობილი გაუგზავნა. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან  ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის აგრესიაში მონაწილე 40-მდე მებრძოლი დაიღუპა.

ლავროვმა შეხვედრაზე გაგლოევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოების გარანტიებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებს. „გასულ, 2022 წელს რეგიონსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 140 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ დოლარებში ვითვლით ამ რიცხვს, თუმცა ეს მალე შეიცვლება“ - განაცხადა ლავროვმა.

ალან გაგლოევისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა

გაგლოევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ლავროვმა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“.

ახსარ ჯიოევი და სერგეი ლავროვი ხელს აწერენ კონსულტაციების გეგმას

ასლან ბჟანიას შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან

ამავე დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბჟანია 4 ოქტომბერს შეხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მედიაში ასევე იწერებოდა გაგლოევის შესაძლო შეხვედრაზე პუტინთან. აღსანიშნავია, რომ გაგლოევი „გაპრეზიდენტების“ შემდგომ მხოლოდ ერთხელ, 2023 წლის 16 მარტს შეხვდა პუტინს. ამის გამო, იგი ოპონენტებისგან კრიტიკის ობიექტი ხდებოდა, რადგანაც ვერ ახერხებდა პუტინთან შეხვედრას. გაგლოევის პუტინთან შეხვედრა თებერვალშიც იგეგმებოდა, მაგრამ შეხვედრის წინა დღეს გაგლოევს კოვიდი დაუდასტურდა. ბჟანია კი უკანასკნელად პუტინს ორმხრივ ფორმატში 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია თავად აფხაზური მხარის მიერ იყო გავრცელებული, მთელი დღის განმავლობაში აღარ გავრცელებულა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ. საბოლოოდ კი, მედიაში პირველი ცნობები შეხვედრის შესახებ დაახლოებით, ღამის 11 საათზე (რუსეთის დროით - 10 საათზე) გავრცელდა, დასრულდა კი პირველის წუთებზე. გაგლოევის შეხვედრა კი, როგორც ჩანს, კვლავ არ შედგა.

პუტინთან შეხვედრამდე ბჟანია ეწვია რუსეთის ფედერალური ტერიტორიის უნივერსიტეტს - „სირიუსი“. აღნიშნულ უნივერსიტეტთან დე ფაქტო განათლების სამინისტროც თანამშრომლობს და არაერთი სტუდენტი აფხაზეთიდან სწორედ აქ აგრძელებს სწავლას. შეხვედრის დაწყებისას კი, პუტინმა სწორედ აღნიშნულით დაიწყო, რომ იცის აფხაზი სტუდენტების შესახებ, რომლებიც სწავლობენ „სირიუსში“ და მოხარულია ამით.

ასლან ბჟანია „სირიუსის“ უნივერსიტეტში

შეხვედრის დაწყებისას პუტინმა ბჟანიას მიულოცა „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“, შემდგომ კი მიმოიხილა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხები. პუტინის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, საქონელბრუნვა გაზრდილია 73%-ით, რუსეთის 64 რეგიონს აფხაზეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სხვადასხვა სფეროში, მუშაობს 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო. ბჟანიამ მადლობა გადაუხადა პუტინს მიღებისთვის, მილოცვისთვის და აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის „ორმაგი მოქალაქეობის“ კანონმდებლობის მიღებისთვის.

შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და დაზუსტებით თავად შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიისთვის უცნობი დარჩა.

ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

დასკვნები, შეფასებები და განწყობები

მიუხედავად იმისა, რომ თავად შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, შესაძლო განხილულ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეხვედრის შემდგომი განცხადებებითა და ბჟანიას ინტერვიუთი, რომელიც მან მისცა რუსულ საინფორმაციო პორტალს - „Известия“. აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ზუსტად პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდგომ.

„Известия“-სთან ინტერვიუში ბჟანიამ, გარდა პუტინისთვის მადლიერების გამოხატვისა, გაამახვილა ყურადღება რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოზე და აფხაზეთის, როგორც ახალი მოთამაშის როლზე ამ კავშირში. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, ხოლო ბელარუსთან და რუსეთთან ერთობლივ კავშირში შესვლა „იქნება ახალი სინერგია, განვითარებისა და დაახლოვების შესაძლებლობა ეთნოსებისთვის და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე“. ბჟანიამ ამის არგუმენტად მოიხმო 2014 წლის 14 ნოემბერს ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შორის სოჭში ხელმოწერილი შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას დე ფაქტო რესპუბლიკასთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალური და ეკონომიკური ერთიანი სივრცის შექმნას.

გარდა ამისა, ბჟანიამ რუსეთთან სატრანსპორტო პოლიტიკის გააქტიურების სურვილი გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლითაც გადაადგილდებიან ადამიანები რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის, ზაფხულში ძალიან დატვირთული იყო, რაც ხელს უშლიდა ტურისტულ სეზონსა და ეკონომიკურ პროცესებს. 2025 წლისთვის აფხაზები რუსებთან ერთად სგპ-ის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავენ. პროექტის მიხედვით მდინარე ფსოუზე საავტომობილო ხიდის პარალელური საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციაც იგეგმება, რაც გადაადგილებას გაამარტივებს. უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში ფსოუს სგპ მაქსიმალურად იყო დატვირთული.

გარდა ამ თემებისა, მთავარი განსახილველი საკითხი კი, შესაძლოა ყოფილიყო ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა, რასაც წინ უსწრებდა 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღეს“ მომხდარი მოვლენა, რა დროსაც  სოხუმის პორტში შევიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“, რომელმაც საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ბჟანიამ ამის შესახებ ინტერვიუშიც განაცხადა, აღნიშნა, რომ მის ბორტზე ავიდა და რომ „ხომალდი ძალიან განვითარებული და სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებითაა“. პუტინთან შეხვედრის შემდგომ კი, ამ ინტერვიუში ბჟანიამ დაადასტურა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული და ხელმოწერილია, რაც, მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას უფრო მეტად გაზრდის.

სოხუმის პორტში შესული სარაკეტო ხომალდი - „ციკლონი“

ბჟანია ინტერვიუში ამ გადაწყვეტილებას ასევე იმ არგუმენტითაც ამართლებს, რომ მისი თქმით, „თბილისს ჯერ კიდევ აქვს დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სამხედრო ძალის გამოყენებით, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატული პოლიტიკისა“.

მიუხედავად ბჟანიას ასეთი შეფასებისა, აფხაზურ საზოგადოებასა და ტელეგრამ არხებში ამ გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა. მათი შეფასებით, რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს ყირიმში მდებარე საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ბომბავენ, სოჭი კი აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური სამიზნე უკრაინის მხრიდან. ამასთან კი, ტელეგრამ არხებში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, ბაზის სხვა შესაძლო განლაგება განიხილებოდა ნოვოროსიისკში, თუმცა ეს ადგილიც ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ, რადგან უკრაინას აქვს შესაბამისი შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება. ასევე, ნოვოროსიისკი გეოგრაფიულადაც არ არის ხელსაყრელი ადგილი, რადგან აქ ნაოსნობისთვის ხელსაყრელი კლიმატი არ არის. შედეგად, შავიზღვისპირეთის რეგიონში, როგორც უკრაინიდან ყველაზე შორს მდებარე ადგილი, ოჩამჩირე შეირჩა. მიუხედავად უკრაინასა და აფხაზეთს შორის დიდი მანძილისა, აფხაზურ საზოგადოებაში მაინც არსებობს შიში იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინულ ძალებს არ გაუჭირდებათ ოჩამჩირეში მდებარე ბაზის დაბომბვა. შედეგად, საზოგადოების ნაწილისთვის ბჟანიას ეს გადაწყვეტილება არ აღიქმება დადებითად, პუტინთან შეხვედრას კი მხოლოდ ფორმალობას უწოდებენ.  

Go BackGo Back