ახალი ამბები

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი სოხუმში

2024 / 03 / 26

25 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი.

დელეგაციამ დაათვალიერა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებული 2023-25 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები.

მელნიკმა ყურადღება დაუთმო „სოხუმის აეროპორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. აეროპორტის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის, რაშიდ ნურგალიევის კომპანია აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაცით, აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყებს. აღნიშნული მელნიკმაც დაადასტურა და მისი თქმით, პირველი სატესტო ფრენა რუსეთიდან „სოხუმის აეროპორტში“ წელს შედგება. მან აღნიშნა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტში 12 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული. ვოლვაჩმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 2024 წელს დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთისგან 5.6 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, მხარეებმა დაადასტურეს „კანონმდებლობების“ რატიფიცირების 2024-25 წლების გეგმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი აფხაზეთში რუსი კერძო ინვესტორებისთვის შესაბამისი პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა.

Go BackGo Back