მთავარი ფიგურები

ანტონ მელნიკი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ანტონ მელნიკი დაიბადა 1977 წლის 3 აპრილს ქ. მეჟდურეჩენსკში, კემეროვის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1999 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრომომარაგების სპეციალობით.
  • 2004 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური განვითარების მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი იურისპრუდენციის სპეციალობით.
  • მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის მესამე კლასის ჩინი.

პროფესიული კარიერა

  • 2006-2010 წლებში მელნიკი მუშაობდა ქ. კრასნოიარსკში, კრასნოიარსკის მხარის ადმინისტრაციაში საცხოვრებელ-კომუნალური პოლიტიკის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად, კონსულტანტად, განყოფილების უფროსად.
  • 2010-2011 წლებში კრასნოიარსკის მხარის საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
  • 2011-2012 წლებში კრასნოიარსკის მხარის საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.
  • 2012-2014 წლებში კრასნოიარსკის მხარის ენერგეტიკისა და საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. 2014 წლის 6 ივნისს მელნიკი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა
  • კრასნოიარსკის მხარეში მუშაობის შემდეგ, 2014-2015 წლებში, მელნიკი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მელნიკი სამინისტროში მას შემდეგ გადავიდა რაც, 2014 წლის 12 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრად ლევ კუზნეცოვი დაინიშნა, რომელიც 2010 წლიდან მინისტრად დანიშვნამდე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი იყო. კრასნოიარსკის გუბერნატორი იყო ალექსანდრ ხლოპონინიც, რომელიც კუზნეცოვის მინისტრობის პერიოდში, მთავრობის ვიცე-პრემიერი და სამინისტროს კურატორი იყო.
  • 2015 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლამდე მელნიკი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. საერთაშორისო თანაშრომლობის დეპარტამენტში ოთხი განყოფილებიდან სამი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილება, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილება, „აფხაზეთის რესპუბლიკისა“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მონიტორინგისა და მეთოდოლოგიის განყოფილება.
  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. მელნიკი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2016 წლის 4 აგვისტოს აფხაზეთს რუსეთიდან სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა, რომლის შემადგენლობაში მელნიკიც იყო. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი. რუსული დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის შეხვედრის მომზადება, რომელიც 16 აგვისტოს მოსკოვში იყო დაგეგმილი.
  • 2017 წლის 24 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრ ლევ კუზნეცოვის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში მელნიკიც იყო. მათ 2015-2017 წლების სოციალური და ეკონომიკური დახმარების საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების - უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობა მოინახულეს და შედეგები შეაჯამეს.
  • 2017 წლის 8 დეკემბერს მელნიკმა მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის შეხვედრაში, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ხლოპონინიც მონაწილეობდნენ.
  • 2018 წლის 17 ივლისს აფხაზეთს გამინისტრების შემდეგ პირველი ვიზიტით ესტუმრა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა ახალი მინისტრი სერგეი ჩებოტარევი, რომელსაც მელნიკიც თან ახლდა. ჩებოტარევის თავმჯდომარეობით სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
  • 2018 წლის 25 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი, ვიტალი მუტკო მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ვალერი ბგანბას შეხვდა. რუსული მხრიდან შეხვედრაში მელნიკიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის  საკითხებზე იმსჯელეს და 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს.
  • 2019 წლის 14 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტსა და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფს შორის შეხვედრა შედგა, რომელშიც მელნიკმაც მიიღო მონაწილეობა. მოლაპარაკებების დროს დეტალურად განიხილეს 2017-2019 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, ქ. გაგრაში პრინც ოლდენბურგის პარკის რეკონსტრუქცია, ქ. გაგრის №1 საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტი და გაგრის საკანალიზაციო-სატუმბი სადგურების რეკონსტრუქცია. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პროექტზეც იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ სფეროებად მათ აფხაზეთის ელექტროგადამცემი და საგზაო ქსელების აღდგენა-განვითარება დაასახელეს.
  • 2019 წლის 23 ოქტომბერს, სოხუმში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2019 წლების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის მელნიკი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის მე-18 შეხვედრის მოსამზადებელი საკითხებიც განიხილეს.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ვიტალი მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ მელნიკი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და მისი მოადგილე იგორ კოშინი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი და მისი მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.
  • 2020 წლის 22 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი იყო. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ მელნიკი და ვერა დენკი - საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ურთიერთქმედების საკითხებში განყოფილების უფროსი.
  • 2021 წლის 2 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი მიიღო. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და მელნიკი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ  საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტები შეამოწმა. რუსეთის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მიიღო.
  • 2021 წლის 13 სექტემბერს აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და მელნიკი ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი, საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის უფრო დეტალური შესწავლა იყო. სტუმრები დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდნენ.
  • 2022 წლის 28-29 ივნისს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი სოხუმს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ვოლვაჩმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტები მოინახულა. ვოლვაჩის დელეგაციაში შედიოდნენ სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და მელნიკი.
  • 2022 წლის 4 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, ვიცე-პრემიერები კრისტინა ოზგანი და ვლადიმირ დელბა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი - ტიმურ აგრბა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ რუსეთის  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი, მელნიკი და მინისტრის თანაშემწე - მიხეილ მუხორტოვი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი და „საელჩოს“ მრჩეველი - მაქსიმ ლიტვინოვი. „მხარეებმა“ განიხილეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, ენერგეტიკის სფეროსა და სხვა საკითხები.

ცხინვალის რეგიონთან  ურთიერთობა

  • 2016 წლის 12 აპრილს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი ლევ კუზნეცოვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში. მას თან მელნიკიც ახლდა. შეხვედრაზე 2015-2017 წლებში სოციალური და ეკონომიკური განვითარების დახმარების საინვესტიციო პროგრამაში შემავალი ღონისძიებები განიხილეს. დელეგაციამ მშენებლობები, კერძოდ, სამშობიარო სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, უნივერსიტეტი, დრამის თეატრი, პურ-ფუნთუშეულის საწარმო და საცხოვრებელი კორპუსებიც მოინახულა.

  • 2018 წლის 1 მარტს მელნიკი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს რუსულმა დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ერიკ ფუხაევთან ერთად უნივერსიტეტისა და სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობები დაათვალიერა, რომელთა რეაბილიტაცია 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობდა. 

  • 2018 წლის 16 ივლისს ცხინვალის რეგიონს გამინისტრების შემდეგ პირველი ვიზიტით ესტუმრა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა ახალი მინისტრი სერგეი ჩებოტარევი, რომელსაც მელნიკიც თან ახლდა. ჩებოტარევის თავმჯდომარეობით სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

  • 2019 წლის 29 იანვარს მელნიკი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მელნიკმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩ“ მარატ კულახმეტოვთან ერთად ცხინვალში მშენებარე სამშობიარო სახლის შენობა მოინახულა. მელნიკს რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა უმასპინძლა. მელნიკის ვიზიტის მიზანი იყო დაფინანსებისა და სამშენებლო მასალების კუთხით არსებული ვითარების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, 30 იანვარს, მელნიკმა რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შეხვედრის დროს ასევე განიხილეს სამთავრობათშორისი კომისიის მორიგი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები.
  • 2019 წლის 8 ივლისს მელნიკი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით ცხინვალის რეგიონს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მელნიკი რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს, მათ შორის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ერიკ ფუხაევს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს.
  • 2019 წლის 10 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით ეწვია. კოშინი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. კოშინის დელეგაციის წევრი იყო მელნიკიც. ვიზიტის ფარგლებში კოშინი დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს 2019 წელს გაფორმებული შეთანხმებებისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელებაზე. კოშინმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა.
  • 2019 წლის 27 სექტემბერს, ცხინვალში 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უძღვებოდა. შეხვედრაში დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები და რუსეთის მხრიდან რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და მელნიკი მონაწილეობდნენ.
  • 2019 წლის 13 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. რუსეთის დელეგაციას მელნიკი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში მელნიკმა მოინახულა ცხინვალში მშენებარე სასტუმრო, შადრევანი, მემორიალური კომპლექსი და 18-ბინიანი საცხოვრებელი სახლები ზნაურსა და ჯავაში, ასევე შსს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი.
  • 2021 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის დელეგაციასთან ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე“, საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასა და ე.წ. „საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე“ იმსჯელეს. რუსეთის დელეგაციას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები იყვნენ: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მაქსიმ სმირნოვი და მელნიკი. 24 აგვისტოს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალსა და კვაისაში მშენებარე პროექტები მოინახულა.
  • 2021 წლის 1 ოქტომბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სათავეში მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ედგა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი და მელნიკი. ვიზიტის მთავარი მიზანი საინვესტიციო პროგრამაში შეტანილი ობიექტების შემოწმება იყო. ვიზიტის პირველ დღეს რუსეთის დელეგაციამ ოს „კოლეგებთან“ ერთად ცხინვალის N3 საჯარო სკოლა მოინახულა, რომლის აღდგენაც სექტემბერში დასრულდა. იმავე დღეს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იღებდა მონაწილეობას. მეორე დღეს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევთან ერთად „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და ცხინვალის ახალი სამშობიარო დაათვალიერა.
  • 2022 წლის 23 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა რუსეთის დელეგაცია მიიღო, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო. დელეგაციის წევრები იყვნენ მელნიკი და მაქსიმ სმირნოვი, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი. შეხვედრაზე 2022-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხებიც განიხილეს.
  • 2022 წლის 16 სექტემბერს ცხინვალში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მელნიკმა და გუდინის კიდევ ერთმა მოადგილემ - იულია სუხოვერხოვამ.
  • 2023 წლის 19 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ეწვია. დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას მელნიკიც ესწრებოდა.
  • 2023 წლის 30 ივნისს რუსეთის დელეგაციამ დე ფაქტო რესპუბლიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების პოლიგონის მდგომარეობა შეამოწმა. ობიექტი 2020 წელს ააშენეს. რუსეთის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ახლდა. რუსეთის დელეგაციის წევრი იყო მელნიკიც.
  • 2023 წლის 15 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და მელნიკი ეწვნიენ. ხანგრძლივი ვიზიტის ფარგლებში ვოლვაჩმა და მელნიკმა გამართეს შეხვედრები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაათვალიერეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.