ახალი ამბები

ზალინა კობესოვა რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

2024 / 04 / 05

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ზალინა კობესოვამ  Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობაზე.

კობესოვას განცხადებით, 2018 წლის შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა 70%-ით გაიზარდა, კერძოდ, 17.9 მლრდ რუსული რუბლიდან 35 მილიარდამდე. მისი თქმით, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ბრუნვა გაიზარდა 16%-ით, 4.7 მლრდ-ით, „რაც მიუთითებს გაზრდილ აქტიურობაზე აფხაზურ და რუსულ ბიზნესს შორის“. ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი სხვაობაა. გასული წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტმა 3.2 მლრდ რუბლით იმატა, დე ფაქტო რესპუბლიკიდან ექსპორტმა კი - 1.5 მლრდ-ით.

კობესოვას პროგნოზით, აფხაზეთში ტურისტული სფეროს, სოფლის მეურნებობისა და მრეწველობის სფეროს განვითარების გათვალისწინებით, ეს დადებითი დინამიკი შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. აღნიშნული დინამიკის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად კობესოვა აუცილებლობად მიიჩნევს „ინვესტიციების შესახებ კანონის“ მიღებას, რომლითაც რუს ბიზნესმენებს დე ფაქტო მთავრობისგან მიეცემათ რიგი გარანტიები, რითიც ინვესტირება მათთვის ნაკლებად სარისკო გახდება. აღნიშნულ მოსაზრებას კობესოვა ამტკიცებს იმით, რომ მისი თქმით,  იყო შემთხვევები, როდესაც რუსმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში ჩადებული ინვესტიციით ზარალი მიიღეს.

Go BackGo Back