მთავარი ფიგურები

ზალინა კობესოვა

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი

ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები

  • რუსეთის პრეზიდენტის 2017 წლის 2 მაისის ბრძანებით, მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის მე-3 კლასის საკლასო ჩინი.

პროფესიული კარიერა

  • 2017 წლის 5 დეკემბერს მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში, მონაწილეობა მიიღო რკინიგზის ხაზების მშენებლების III კონგრესში.
  • 2018 წლის 17 თებერვალს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში, მონაწილეობა მიიღო ვაჭრობის, ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის რუსეთ-სერბეთის სამთავრობათაშორისი კომიტეტის რიგით მე-16 შეხვედრაში.
  • 2021 წელს კობესოვა ბელარუსში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ბელარუსში მოღვაწეობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა სავაჭრო წარმომადგენლობის საქმიანობაში.
  • 2021 წლის 2 აპრილს ონლაინ-კონფერენციაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვის საკითხზე ისაუბრა.
  • 2021 წლის 19 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც „ჰიდრომეტეოროლოგიის, რადიაქტიული დაბინძურების კონტროლისა და გარემოს მონიტორინგის რესპუბლიკურ ცენტრში“ ჩატარდა.
  • 2022 წლის 19 აპრილს მონაწილეობა მიიღო ვიდეო-ხიდში - „ყირიმი-სომხეთი-ბელარუსი: ურთიერთთანამშრომლობის გზები“.
  • 2022 წლის 23 ივნისს მონაწილეობა მიიღო „მეწარმეობის რესპუბლიკურ კონფედერაციასა“ და საერთო რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია - „საქმიან რუსეთს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ღონისძიებაში.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 20 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, კობესოვა აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლად დაინიშნა. კობესოვამ ვლადიმირ ნეკრასოვი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
  • 2022 წლის 28 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მიხაილ შურგალინმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს წარუდგინა კობესოვა. შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნებს“ შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, თანამშრომლობის პერსპექტივები და მომავალი პროექტები.
  • 2022 წლის 17 ნოემბერს კობესოვამ „Sputnik Абхазия“-სთან ინტერვიუში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში საქონელბრუნვამ იმპორტის მხრივ შეადგინა 24 მლრდ რუსული რუბლი, ხოლო ექსპორტის მხრივ - 4 მლრდ რუბლი.
  • 2023  წლის 13 იანვარს დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამილა მერცხულავა კობესოვას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და მრეწველობის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
  • 2023 წლის 31 იანვარს სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთის თანამემამულეები და რეგიონები“. შეხვედრას კობესოვაც ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის პარტნიორობის პერსპექტივები.
  • 2023 წლის 15 თებერვალს კობესოვა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორს, ალეკო გვარამიას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორმხრივ, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გადაჭრისას უნივერსიტეტის სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შამბაც.
  • 2023 წლის 1 აგვისტოს კობესოვამ Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფუნქციონირებაზე. კობესოვას განცხადებით, სავაჭრო წარმომადგენლობა არამარტო რუსეთსა და აფხაზეთში პარტნიორების მოძებნაზე მუშაობს, არამედ მათ გაერთიანებაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინვესტორების მოძიება, თუმცა ამ პროცესში პრობლემას ქმნიან გარკვეული ბარიერები, რაც აისახება ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელზეც.