ახალი ამბები

სერგეი კომისაროვის შეხვედრა სვეტლანა კოტაევასთან

2023 / 12 / 06

5 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი რუს თანამემამულეთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - „როსი“ თავმჯდომარეს, სვეტლანა კოტაევას შეხვდა.

ეს კომისაროვის მეორე შეხვედრაა კოტაევასთან. პირველი მათი შეხვედრა 14 ნოემბერს შედგა, რა დროსაც კოტაევამ რუსულენოვან ქალთა მსოფლიო ფედერაციის II ასამბლეის შესახებ კომისაროვს შთაბეჭდილებები გაუზიარა. იმ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ღონისძიების ჩატარებაზეც, რომელიც პატრიოტულ თემატიკას მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ კოტაევა რეგიონში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.

ამჯერად კი, კოტაევა დაესწრო ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა მე-10 რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში გაიმართა. კოტაევა კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.

კომისართოვთან შეხვედრისას კოტაევამ აღნიშნა, რომ რეგიონში რუსული ენის პოპულარიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს. „წინაპრების მიერ დატოვებული ანდერძი ჩვენთან არ დავიწყებულა“ - განაცხადა შეხვედრისას კოტაევამ და წარუდგინა კომისაროვს მისი ის პროექტები, რაც „რუსული სახლის“ მიერ დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების ძირითადი თემაა „მამათა და შვილთა“ კავშირების გამყარება „რუსული ენის ღირებულებების პროპაგანდით“.

Go BackGo Back