მთავარი ფიგურები

დმიტრი ფედოტოვი

აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • დმიტრი ფედოტოვი დაიბადა 1965 წლის 12 თებერვალს მოსკოვის ოლქის ქ. კალინინგრადში, რუსეთის სსფრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1982 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა სოფ. შალიში, ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
  • 1982 წელს ჩააბარა ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1988 წელს.
  • 2005 წელს დაამთავრა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამსახურის ჩრდილოეთ-დასავლეთის აკადემია.
  • 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საოლქო უნივერსიტეტი.
  • 2016 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ერთ-ერთი პროგრამა.
  • ფედოტოვმა ინგლისური ენის უმაღლესი კურსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიარა.
  • დაჯილდოებულია რუსეთის წითელი ჯვრისა და ვენესუელის წითელი ჯვრის მედლებით.

პროფესიული კარიერა

  • 1988 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო მანქანათმშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
  • 1990-იან წლებში მონაწილეობა მიიღო ერთობლივი რუსულ-ბრიტანული საწარმოს „ანგლო-რუსული კულტურული გაცვლა“ დაარსებაში. საწარმო ორგანიზებას უწევდა რუსეთში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარებას. საწარმო გამომცემლობა Oxford University Press-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი იყო.
  • 2002-2004 წლებში ფედოტოვი რუსეთის წითელ ჯვარში მუშაობდა ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე ბრიტანეთის წითელ ჯვარს ეხმარებოდა დასავლეთ ციმბირში სოციალური პროექტის განხორციელებაში.
  • 2004-2006 წლებში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის სოციალური განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. მისი საქმიანობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელებასაც მოიცავდა.
  • 2006-2011 წლებში საერთო რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის წითელი ჯვრის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.
  • 2006-2011 წლებში სახელმწიფო დუმის ჯანდაცვის კომიტეტში საზოგადოებრივ საწყისებზე დეპუტატის თანაშემწე იყო.
  • 2009-2011 წლებში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (ჟენევა, შვეიცარია) მმართველი საბჭოს წევრი იყო.
  • 2012 წლიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდის უფროსი მრჩეველი იყო. ფონდში მუშაობის პერიოდში ფედოტოვს საქმიანი კავშირები ჰქონდა საქართველოში მცხოვრებ რუს თანამემამულეებთან. 2014 წლის 14 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში ფედოტოვი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის თანამშრომლების მუშაობას. ფედოტოვი ინტერვიუში ასევე საუბრებს საქართველოში რუს თანამემამულეებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობაზე.
  • 2015 წლიდან იგი „ვნეშტორგკლუბის“ წევრი იყო. 2018 წლიდან კლუბის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იყო და ხელმძღვანელობდა კლუბის კომიტეტს, რომელიც უცხოეთში რუს თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა.
  • 2021 წელს ფედოტოვი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის ევგენი პრიმაკოვის მრჩეველი იყო. იგი პრიმაკოვთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობდა.
  • 2022 წლის 6 ივნისს ფედოტოვი აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ვადიმ ჩეხა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2021 წლის შემოდგომაზე დატოვა.
  • 2022 წლის 8 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ფედოტოვს შეხვდა. შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი აფხაზი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო კვოტების რაოდენობა გაიზრდება. ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სპორტი, კულტურა, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა და სხვ.
  • 2023 წლის 11 ოქტომბერს ფედოტოვმა ინტერვიუ მისცა „Апсныпресс“-ს. ინტერვიუში მან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზი აბიტურიენტების მოწყობის პროგრამასა და წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
  • 2023 წლის 27 დეკემბერს ფედოტოვის განცხადებით, გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა.  გალის გარდა მსგავსი ცენტრი სოხუმშიც გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ახალი ავეჯით, სასწავლო ლიტერატურით და მეთოდური მასალებით, პიანინოთი. ცენტრით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს.
  • 2024 წლის 13 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ფედოტოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2024 წელს აფხაზი აბიტურიენტების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების საკითხი. არძინბას თქმით, 2024 წელს აფხაზ აბიტურიენტებში მაღალი მოთხოვნაა რუსეთის სასწავლებლებზე, სადაც ჩაბარება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში დაღუპულ ეთნიკურად აფხაზი მებრძოლების შვილებსაც სურთ. არძინბამ თხოვნით მიმართა ფედოტოვს, რათა მან მხარი დაუჭიროს აბიტურიენტებს. ფედოტოვმა მადლობა გადაუხადა არძინბას ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და დე ფაქტო მინისტრის მიერ აღნიშნულ საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.