ვიზიტების ქრონოლოგია

ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი აფხაზეთში

2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა. ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ვოლოდინი სოხუმის აეროპორტში ვერტმფრენით ჩაფრინდა. აეროპორტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. მას აეროპორტში დახვდა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა. ვოლოდინის დელეგაციის წევრები იყვნენ: სახელმწიფო დუმის თამჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და მისი პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპალოვი, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სანგაჯი ტარბაევი, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სვეტლანა ჟუროვა.

დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრა

ვოლოდინი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ვოლოდინმა ორი „ქვეყნის“ ურთიერთობის სამოკავშირეო, სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „საჭიროა საპარლამენტო სივრცეში თანამშრომლობის ახალი ფორმატის გამოყენება, რათა მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად გვარდებოდეს საკითხები, ვითარდებოდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა“.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ნევეროვი, ლეონიდ კალაშნიკოვი და აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი, აფხაზური მხრიდან: დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჯანსუღ ნანბა.

დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა

ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას შეხვდა. შეხვედრაზე „საპარლამენტო“ დიალოგის განვითარებაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, მოქმედი სახელშეკრულებო ბაზის განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის შესრულების საკითხი.

აფხაზური მხრიდან შეხვედრაში დე ფაქტო სპიკერის მოადგილეები მონაწილეობდნენ: ფაზლიბეი ავიძბა, ასტამურ არშბა და აშოტ მინოსიანი, რუსეთის მხრიდან: სერგეი ნევეროვი, ლეონიდ კალაშნიკოვი, მიხაილ შურგალინი.

ვოლოდინი ახფაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. პარლამენტში გამოსვლის დროს ვოლოდინმა ორ „ქვეყანას“ შორის საქონელბრუნვის ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბა. მისი თქმით, აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ხუთ ყველაზე  მიმზიდველი ადგილების სიაში მეორეა. ვოლოდინმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე აფხაზ მოხალისეებს მადლობაც გადაუხადა.

ვოლოდინმა და აშუბამ ორი ქვეყნის პარლამენტის შორის თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო ფორმატში მოაგვარებს არსებულ საკითხებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე თვეში ჩატარდება.

ვიზიტის ფარგლებში ვოლოდინმა პატივი მიაგო 1992-1993 წლებში „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ დაღუპულთა მემორიალს და გვირგვინით შეამკო ქ. სოხუმში „საბრძოლო დიდების პარკში“ მდებარე მემორიალი.