ძირითადი უწყებები

რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა

აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის უშუალო ფუნქციაა აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. სამხედრო ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის და კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

მე-7 სამხედრო ბაზის ფორმირების საკითხი დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. 1918-1992 წლებში სამხედრო შენაერთი დივიზიის ფორმით არსებობდა, 1992-2009 წლებში ბრიგადის, 2009 წლის 1 თებერვალს კი - სამხედრო შენაერთის ბაზაზე სამხედრო ბაზა ჩამოყალიბდა.  თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე სამხედრო ბაზის მებრძოლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის სამოქალაქო ომში, მეორე მსოფლიო ომში, პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებებში. 2018 წლის ივლისში სოხუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების უძველესი სამხედრო შენაერთის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც მიიღო.

ბაზის სრული დასახელებაა:7-я Краснодарская Краснознамённая орденов Жукова, Кутузова и Красной Звезды военная база. პირობითი დასახელებაა - სამხედრო ნაწილი N09332 (ს/ნ 09332). მოკლე დასახელებაა მე-7 სბ. არსებული მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთში 4000-მდე სამხედრო მოსამსახურეა. სამხედრო ბაზა სამხედრო თვალსაზრისით სრულყოფილად არის აღჭურვილი

2010 წლის 17 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმების ვადად 49 წელი განისაზღვრა მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. შეთანხმების ძალით გაერთიანებულ სამხედრო ბაზაში შევიდნენ გუდაუთის რაიონში დისლოცირებული ყოფილი სამშვიდობო ძალების ობიექტები და ბომბორას სამხედრო ბაზა, ოჩამჩირესთან მდებარე სამხედრო პოლიგონი და საზღვაო მისადგომი,  კოდორის ხეობასა და ენგურის ჰიდროელექტრო სადგურთან დისლოცირებული რუსულ-აფხაზური ერთობლივი სამხედრო გარნიზონები. სამხედრო წვრთნებისთვის გამოიყენება სამხედრო პოლიგონები გუდაუთასა და ნაგვალოუში, ასევე კრასნოდარის მხარეში, მოლკინში.

შეთანხმება სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირეთში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. შეთანხმებისთვის ხელი ჯერ კიდევ 2009 წლისთვის უნდა მოეწერათ, მაგრამ ეს მხოლოდ ბაღაფშის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ მოხერხდა. შეთანხმება ფაქტიურად სამხედრო-სამოკავშირეო ურთიერთობას ითვალისწინებს. ექსპერტთა შეფასებით, სწორედ ასეთ ურთიერთობას ითხოვდა ბაღაფში, რომელსაც აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების დამოუკიდებელი არსებობა არ სურდა. ბაღაფშის მოთხოვნა იყო, რომ მე-7 სამხედრო ბაზის ყველა ობიექტი აფხაზური სამხედრო გარნიზონების ინფრასტრუქტურაში შესულიყო, ანუ მას რუს და აფხაზ სამხედროებს შორის მაღალი ხარისხის ურთიერთქმედება და ერთობლივი საბრძოლო მომზადებები სურდა. 

მე-7 სამხედრო ბაზა წლის განმვალობაში მუდმივად არის ჩართული, როგორც ადგილობრივი დონის, ასევე რეგიონული მასშტაბის სამხედრო წვრთნებში. მაგ. 2018 წლის 1 ოქტომბერს აფხაზეთში არსებული სამხედრო პოლიგონები რუსეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვნენ. სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის  ალექსანდრ დვორნიკოვის განცხადებით, წვრთნები რუსეთის ტერიტორიის გარდა სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა და წვრთნების დროს ბრძოლის თანამედროვე ფორმები და საშუალებები დამუშავდა, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. 

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურები:

  • 2007-2009 - პოლკოვნიკი სერგეი ჩებოტარევი
  • 2011-2015 - პოლკოვნიკი, 2013 წლიდან გენერალ-მაიორი, იაკოვ რეზანცევი
  • 2015-2017 - გენერალ-მაიორი მიხაილ კოსობოკოვი
  • 2017-2019 - პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი
  • 2019-დღემდე - პოლკოვნიკი ოლეგ სენკოვი