ძირითადი უწყებები

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“

სააგენტოს შესახებ

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ („Sputnik Южная Осетия“) საინფორმაციო სააგენტო და რადიოა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში მაუწყებლობა 2015 წლის 17 ივნისს დაიწყო. აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოს აუდიტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობით - მის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობა 15.6 მილიონს შეადგენს (2020 წლის მონაცემებით). 

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ ეკუთვნის „სპუტნიკ“-ს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა რუსული მედია ჯგუფის - „რაშა თუდეი“-ს (Russia Today, ამჟამად - RT) მიერ. ამჟამად სააგენტო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაუწყებლობს (მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც) და ხშირად ავრცელებს კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს. შესაბამისად, „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-ს საინფორმაციო მასალებშიც ხშირად შეიძლება პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილების ამოკითხვა.

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-ს აქტიური მკითხველი და მსმენელია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. მისი თქმით, აღნიშნული უწყება „ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც ცდილობს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიუკერძოებლად გააშუქოს“.

სააგენტოს საქმიანობის შესახებ

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ აშუქებს არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც, ამზადებს ვიდეოსიუჟეტებსა და ფოტორეპორტაჟებს, ინტერაქციულ მასალებსა და ინფოგრაფიკებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მულტიმედიური კომპლექსი მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით არაა დაკავებული - „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ ხშირადაა სხვადასხვა პროექტის, პრესკონფერენციისა თუ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი.

აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო ზოგჯერ ისეთ პუბლიკაციებსაც აქვეყნებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ყურადღებას იქცევს და კონკრეტული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს მათ. ამის ნათელი მაგალითია ქ. ცხინვალში საბჭოთა კავშირის გმირის, გიორგი ბერუაშვილის ბიუსტის აღდგენა.  

უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო სააგენტო აქტიურად ცდილობს ცნობიერების ამაღლებას „დიდი სამამულო ომის“ შესახებ და ხშირად გვევლინება აღნიშნულ თემატიკაზე გამართული სხვადასხვა ღონისძიების მხარდამჭერად თუ ორგანიზატორად ცხინვალის რეგიონში.

სააგენტოს ხელმძღვანელები

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-ს პირველი ხელმძღვანელი იყო ნარეკ ორდიანი, რომელსაც, როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა. ორდიანი ჯერ კიდევ 2015 წლის 9 თებერვალს ჩავიდა მოსკოვიდან ცხინვალში, საკმაოდ მოკლე დროში შეკრიბა გუნდი და დააარსა „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „25 წლის იუბილესთან“ დაკავშირებით ნარეკ ორდიანს მედალი გადასცა. ბიბილოვის თქმით, ორდიანმა მედალი დაიმსახურა არა მხოლოდ ინფორმაციის ობიექტური გაშუქებისთვის, არამედ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ხალხებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვისაც.

2017 წლის ოქტომბრიდან ნარეკ ორდიანი ჩაანაცვლა ვიტალი რადნაევმა, რომელსაც ჟურნალისტურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და სამი წლის განმავლობაში ეკავა მოსკოვში „რადიო სპუტნიკ“-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაც. რადნაევის მთავარი დამსახურება იყო „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-ს რადიომაუწყებლობის დაარსება. 2017 წელს „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-ს რადიომაუწყებლობა ახალგორის რაიონზეც გავრცელდა, რის შედეგადაც მან საერთო აუდიტორიის 70% მოიცვა, რაც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის 20%-ის ეკვივალენტია.

2019 წელს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა ვიტალი დენისოვი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დღემდე იკავებს.

სააგენტოს სტრუქტურა

„სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ მოიცავს საინფორმაციო პორტალს ოსურ და რუსულ ენებზე, რადიომაუწყებლობასა და მაღალტექნოლოგიურ მულტიმედიურ პრესცენტრს.

სააგენტოს საქმიანობის შეფასება

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ შეფასებულია, როგორც „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის საინფორმაციო მხარდამჭერი“, რომელიც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს და არ ქმნის სივრცეს დისკუსიისთვის. გარდა ამისა, „მითების დეტექტორი“ 2019 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ კრემლის მედიასაშუალებაა, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას საქართველოს ნეგატიური იმიჯი და ის აგრესორ მეზობლად წარმოაჩინოს. აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო ასევე აქტიურად უწყობს ხელს ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც ნატო და ევროკავშირი საფრთხის შემცველი ალიანსებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ (ისევე, როგორც სხვა „სპუტნიკ“-ები) რუსეთის ფედერაციას ყოველთვის დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და ცდილობს, რომ ის წარმოაჩინოს ერთგვარ „მფარველად“, რომელიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოდან და, ზოგადად, დასავლეთიდან მომავალი საფრთხეებისგან იცავს.