ძირითადი უწყებები

სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტი

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, რომლის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება და პროგრამების შესრულების მონიტორინგი. ცვლილებების შედეგად სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტი კურირებს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი გუდინია (Виталий Гудин).

დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული დანაყოფია. დეპარტამენტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით სამინისტროს ფუნქციის განხორციელებას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, სხვა უცხოურ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ საკითხებში ურთიერთქმედება, რომლებიც სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებაზე წინადადებების მომზადება.
  • რუსეთის ფედერაციის ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.
  • რუსეთისა და აფხაზეთის და რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა.
  • რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროებს შორის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფა.
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეკონომიკის კერძო სექტორში საინვესტიციო პროექტების სიისა და  მათი რეალიზების მექანიზმების შესახებ წინადადებების მომზადება.