რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2014 წლის 12 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო (Министерство Российской Федерации по делам Северного Кавказа) შეიქმნა. ახალი სამინისტროს პირველი ხელმძღვანელის წარდგენისას პუტინმა განაცხადა: „ჩვენ ქვმნით ახალ ორგანოს, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს, ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების მიზნით“. ექსპერტთა შეფასებით, სამინისტროს შექმნის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში ეკონომიკური სფეროს კონტროლი იყო.
სამინისტროს ოფიციალური ამოცანაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია და ოლქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ფედერალური მიზნობრივი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში შედის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება და პროგრამების შესრულების მონიტორინგი. 2017 წლის 21 დეკემბერს სამინისტროში საგანგებოდ დანიშნეს ახალი მინისტრის მოადგილე, რომელიც სამინისტროს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი გახდა.
სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი ლევ კუზნეცოვი იყო, რომელიც 2014 წლის 12 მაისიდან მინისტრი იყო. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხშირად ჩადიოდა. 2018 წლის 18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვების შემდეგ შექმნილ ახალ მთავრობაში, 2018 წლის 18 მაისის პრეზიდენტის ბრძანებით, ლევ კუზნეცოვი სერგეი ჩებოტარევმა შეცვალა, რომელიც რუსეთში სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით კი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებში, ერთ-ერთი ყველაზე გათვითცნობიერებულ საჯარო პირად ითვლება.
სამინისტროს 2016-2021 წლების სამოქმედო გეგმაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებებიც არის გაწერილი. სამინისტროს ერთ-ერთი მიზანია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის განვითარება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში ურთიერთქმედება, ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარება და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების მიზნით თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სამინისტროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი, რომლის დირექტორიც 2015 წლის თებერვლიდან ანტონ მელნიკია. საერთაშორისო თანაშრომლობის დეპარტამენტში ოთხი განყოფილებიდან სამი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილება, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილება, „აფხაზეთის რესპუბლიკისა“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მონიტორინგისა და მეთოდოლოგიის განყოფილება. ვერა დენკი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილების უფროსია. მაქსიმ სმირნოვი კი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილების უფროსი.
შენიშვნა: 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. 2020 წლის 9 სექტემბერს სამინისტრო ოფიციალურად გაუქმდა.