ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 04 / 01

2019 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს მოსკოვში უმასპინძლა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების კუთხით და ჯანდაცვის სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის მარტში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • პუტინთან შეხვედრა: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც ცხინვალს უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა აღუთქვა და ივნისში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რჩევები მისცა.
  • სახელმწიფო დუმის წევრებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონს ტურიზმსა და სპორტზე სასაუბროდ რუსი დეპუტატი ესტუმრა, მეორე დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინს კი, აფხაზეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუფასეს.
  • საინვესტიციო პროგრამები: 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აფხაზეთში ენერგო სისტემის აღდგენა და სატრანსპორტო ქსელების განვითარება განისაზღვრა.
  • სამხედრო წვრთნები: რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში 10 ათასი არტილერისტისა და სამი ათასამდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით საველე სწავლება გაიმართა.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების კუთხით.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას რუსეთის მხარდაჭერით ცდილობს.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა:  გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარება.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონი სანქტ-პეტერბურგთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს.
  • რელიგია: აფხაზეთის მუსლიმებმა ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმების მიერ შეკრებილი ფული მიიღეს, რომელიც სოხუმის მეჩეთის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
  • რბილი ძალა: ცხინვალის რეგიონში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და პუშკინიც გაიხსენეს.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

2019 წლის 6 მარტს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარეობა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პუტინმა ბიბილოვს უსაფთხოების სფეროში მხარდაჭერა აღუთქვა და 2019 წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების კანონისა და დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარება მოსთხოვა. პუტინის მსგავსი განცხადება აღიქვეს, როგორც კრემლის გზავნილი, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე და მშვიდად უნდა ჩატარდეს. ასევე არის მოსაზრება, რომ ამ ხანმოკლე შეხვედრით, პუტინმა ირიბად მხარი ბიბილოვის პოლიტიკურ გუნდს დაუჭირა.

სახელმწიფო დუმის წევრებთან თანამშრომლობა

2019 წლის 14 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ უნივერსიტეტისა და ზოგადად დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის კონსტანტინ ზატულინს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რანგში იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აქტიური ლობისტი და მხარდამჭერია.

2019 წლის 30 მარტს ცხინვალის რეგიონს პირველად ესტუმრა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიარევი. დეპუტატმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

საინვესტიციო პროგრამის პრიორიტეტების დაგეგმვა

2019 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აფხაზეთის მიმართულებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხს. 2019 წლის 14-15 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პროექტის განხილვისას, პრიორიტეტულ მიმართულებად ენერგო სისტემის აღდგენა და სატრანსპორტო ქსელების განვითარება დასახელდა.

სამხედრო წვრთნები

მასშტაბური წვრთნები

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში - რუსეთის, სომხეთის, ანექსირებული ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე, 10 ათასი არტილერისტისა და სამი ათასამდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით საველე სწავლება გაიმართა. სწავლება 20 სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. სწავლებაში სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 200-ზე მეტმა დანაყოფმა მიიღო მონაწილეობა.

სამხედრო წვრთნები მე-7 სამხედრო ბაზაზე

2019 წლის მარტი, წინა თვეების მსგავსად, აქტიური იყო აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის  სამხედრო მოსამსახურეებისთვის. თვის განმავლობაში ნაგვალოუსა და წებელდას სამხედრო პოლიგონებზე სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნები ჩატარდა, მათ შორის:

  • მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე პროფესიული მომზადების დროს 50 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
  • სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის განკარგულებით,  ავიაციისა და ფლოტის ჩართულობით აფხაზეთში ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა.
  • ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ნაღმების აღმოჩენის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით 10 000 კვ/მ ფართობის დანაღმული ველი განაღმეს.
  • რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში ივარჯიშეს.
  • შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში პირობითი ტერორისტების საქმიანობა აღკვეთეს.

მე-7 სამხედრო ბაზაზე  კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

2019 წელს მე-7 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

მე-7 სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული პროექტები

მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის 4 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა. ახალგარემონტებული ბინები სამხედრო ბაზის 64 მოსამსახურეს გადასცეს. 2018 წელს, სამხედრო ბაზასთან ახლოს, ხუთი ასეთი საცხოვრებელი სახლი აშენდა.

სამხედრო წვრთნები მე-4 სამხედრო ბაზაზე

ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნები ჩატარდა, მათ შორის ძარწემის პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურეებმა აერომობილური ჯგუფების გამოყენებაში პირველად ივარჯიშეს.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის მარტში მორიგი ნაბიჯი გადაიდგა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების კუთხით. 5 მარტს, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში ცენტრის ფუნქციონირების საკითხი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილე  იგორ კოშინი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხი განიხილეს, მათ შორის ცენტრის შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობები.

ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას 2017 წლის 18 მაისს, ქ. სოჭში, რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერეს ხელი.  ცენტრის დაფუძნებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ცენტრის დაფუძნების მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ „ერთობლივი ცენტრის დაფუძნებით ხელისუფლებამ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე“. მომხრეების შეფასებით კი, ცენტრი, რომელსაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ ჩატარების უფლება არ ექნება, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების მკურნალობის ფაქტებს ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობები ნეგატიურად აფასებენ და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომელსაც ცხინვალისა და სოხუმის ხედვით, თბილისი მათ წინააღმდეგ იყენებს. ამიტომაც, თბილისის გავლენის შესამცირებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევა ადგილობრივ დონეზე სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების მიღების დროს არსებული პრობლემების გადაწყვეტა. ამ მხრივ, მარტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთში, სადაც დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ არაერთი შეხვედრა გამართა მოსკოვსა და სოხუმში.

მოსკოვში ვიზიტის დროს წახნაკიამ რუს კოლეგებთან აფხაზეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობის, მობილური სადიაგნოსტიკო ავტომატარებლის შეძენისა და აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაციის საკითხები განიხილა.  სოხუმში შეხვედრის დროს  კი, წახნაკიამ რუსეთის დელეგაციასთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების  უზრუნველყოფის სამეტაპიან გეგმაზე იმსჯელა. პირველი ეტაპი მოიცავს მოსახლეობის დისპანსერიზაციას. მეორე ეტაპი კარდიოქირურგიის განყოფილების გახსნას ითვალისწინებს, მესამე ეტაპი კი - მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობას.

წახნაკიას რუსეთის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზეც მოუწია საუბარი, კერძოდ, რუსეთის სამედიცინო დაწესებულებების მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანების დაფარვის საკითხზე. გარდა ამისა, წახნაკიას განცხადებით, რუსულმა მხარემ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ აფხაზეთიდან ჩასულმა პაციენტებმა უარი არ მიიღონ ჰოსპიტალიზაციაზე და არ შეხვდეთ სხვადასხვა სახის პრობლემები.

რუსეთის დაფინანსებით ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა

2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“გაიხსნა. ცენტრის მშენებლობის საინვესტიციო პროექტი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის პატრონაჟით, კერძო რუსული ინვესტიციებით განხორციელდა. ცენტრის ბაზაზე აფხაზეთში პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება იმუშავებს.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარება.  2019 წლის 1 მარტს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან 2019 წელს აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხები, ხილის პლანტაციების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები და თხილის დაავადებასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

2019 წლის 13 მარტს, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა, ზნაურ გასიევმა, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ბეგლოვთან ცხინვალის რეგიონში ინვესტორების მოზიდვისა და რეგიონში დამზადებული პროდუქციის სანქტ-პეტერბურგში რეალიზაციის საკითხები განიხილა.

ცხინვალი მოსკოვის მხარდაჭერით, რუსეთის რეგიონების გარდა, უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარებასაც ცდილობს. მაგ. 2019 წლის 28 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

რელიგია

2019 წლის 15 მარტს აფხაზეთს ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს დელეგაცია, მუფთ ასკარბია კარდანოვის მეთაურობით, ესტუმრა. სტუმრებმა აფხაზეთის მუსლიმებს ადიღესა და კრასნოდარის მხარეში მუსლიმების მიერ შეკრებილი ფული გადასცეს, რომელიც სოხუმის მეჩეთის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის 7 მარტს ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლის, სერგეი სკვარცოვის მონაწილეობით, „სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.

8 მარტს ცხინვალში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება მოაწყვეს. 21 მარტს კი, ცხინვალში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელიც რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის დაბადებიდან 220-ე წლისთავს მიეძღვნა.

14 მარტს აფხაზეთში სააგენტოს მხარდაჭერით, წელს უკვე მეორედ, ახალგაზრდა წიგნის მკითხველთათვის საერთაშორისო კონკურსი „ცოცხალი კლასიკა“ ჩატარდა, 26 მარტს კი, აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.