ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 05 / 01

2019 წლის აპრილში კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა. აპრილში რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ესტუმრა ცხინვალის რეგიონს, მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით. კრემლში ასევე გადაწყდა 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საკითხი. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის აპრილში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • ახალი კურატორი: კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა, რომელიც წლებია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მუშაობდა.
  • ლავროვთან შეხვედრა: საგარეო პოლიტიკის კოორდინირების მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
  • მნიშვნელოვანი ვიზიტები: ცხინვალის რეგიონს რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია, შს სამინისტროს წარმომადგენლები და ფედერაციის საბჭოს დეპუტატები ესტუმრნენ.
  • სამხედრო წვრთნები:  რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებთან ერთად სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ჩაატარეს.
  • მესაზღვრეები: ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 10 წლისთავი აღნიშნეს.
  • საინვესტიციო პროგრამები: ცხინვალის რეგიონი 2020-2022 წლებში რუსეთისგან 4.5 მლრდ რუბლს მიიღებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: რუსმა ექიმებმა აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია დაიწყეს.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა:  რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად პრეპარატებით დაეხმარა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონი ანექსირებულ ყირიმთან თანამშრომლობას ააქტიურებს.
  • რბილი ძალა: ცხინვალის რეგიონში ფონდ „რუსკი მირ“-ის ფილიალი გაიხსნა.

ახალი კურატორი

2019 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი ფილატოვი დაინიშნა. მან ოლეგ გოვორუნი შეცვალა. სამმართველო უზრუნველყოფს რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან და უკრაინასთან (დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან) თანამშრომლობის საკითხებში. ფილატოვი სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე წლების განმავლობაში, მთავარი მრჩევლის რანგში, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ საკითხებს კურირებდა და აქტიურად იყო ჩართული 2017 წელს არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. 2019 წლის 3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ავსტრალიაში რუსეთის ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პავლოვსკი დაინიშნა, რომელიც 2011 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2019 წლის 4 აპრილიდან დეპარტამენტის დირექტორია დენის გონჩარი, რომელიც მანამდე აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობდა.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხიც განიხილეს. შეხვედრა კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2015 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ნურგალიევის დელეგაცია

2019 წლის 22 აპრილს, ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შედეგია, რომელიც 2019 წლის 6 მარტს მოსკოვში გაიმართა.

ვიზიტის დროს ნურგალიევმა, რომელიც უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. პირველი, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის - „ტრანსკამის“ რეაბილიტაციის საკითხი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დაიგეგმა. მეორე, რეგიონის ენერგო უზრუნველყოფის საკითხი. ამ მხრივ, ზონკარის წყალსაცავზე მცირე ჰესის მშენებლობის საკითხი, ჰესის არარენტაბელობის გამო, უარყოფითად გადაწყდა.

რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია

რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა.  შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა ორმხრივ თანამშრომლობაში პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვა. შეხვედრაზე შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობის საკითხზეც იმსჯელეს.

რუსეთის გენშტაბის დელეგაცია

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სერგეი ისტრაკოვის ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის „უარყოფით“ შედეგებზეც იმსჯელეს.

ფედერაციის საბჭოს დელეგაცია

2019 წლის 12 აპრილს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია  ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი სერგეი ცეკოვი, რომელიც რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის საპარლამენტათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეა. ცხინვალში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სამხედრო წვრთნები

მასშტაბური წვრთნები

კავკასიის მთიანეთში ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში რუსმა მოტომსროლელებმა ივარჯიშეს. რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გარდა, წვრთნები სომხეთში, ანექსირებულ ყირიმსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა. მთლიანად სამხრეთის სამხედრო ოლქის ფარგლებში წვრთნებში 6000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 2000 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე

2019 წლის აპრილში, საქართველოში გახშირებული „ნატო“-ს წვრთნებისა და შავ ზღვაში „ნატო“-ს წევრი ქვეყნების კუთვნილი სამხედრო გეგმების ვიზიტების ფონზე, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებთან ერთად სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ჩაატარეს. წვრთნებში ავიაციამ და შავი ზღვის ფლოტის გემებმაც მიიღეს მონაწილეობა.  ამავე დროს, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო პოლიგონებზე სხვა სახის წვრთნებიც ჩატარდა:

  • სადაზვერვო დანაყოფებმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები ჩაატარეს.
  • სარემონტო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა უახლოესი სარემონტო-საევაკუაციო მანქანების (РЭМ-КЛ) გამოყენებით ივარჯიშეს.
  • მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო და საზღვაო ძალების სარაკეტო დარტყმებისგან მნიშვნელოვანი ობიექტების  დაცვაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო პოლიციის დანაყოფმა მნიშვნელოვანი ობიექტების უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისგან დაცვაში ივარჯიშა.

მე-7 სამხედრო ბაზის ახალი შეიარაღება და ახალი ჯარისკაცები

  • 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგად მე-7 სამხედრო ბაზას 600 ახალწვეული და  400-მდე უმცროსი სამხედრო სპეციალისტი შეუერთდა.
  • სამხედრო პოლიციის დანაყოფმა ახალი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - „უტესმიიღო, რომლებიც შემტევი უპილოტო საფრენი აპარატებისგან სამეთაურო პუნქტების დამატებით საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფენ.
  • მე-7 სამხედრო ბაზამ უახლესი სარემონტო-საევაკუაციო მანქანები „РЭМ-КЛ“ და ყველგანმავალ „ურალ“-ზე მოწყობილი „МТО-АМ1“-ის ტექნიკური მომსახურების სახელოსნოები მიიღო.

მე-7 სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული პროექტები

ბოლო 4 წლის განმავლობაში მე-7 სამხედრო ბაზაზე 50-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დასრულებული პროექტებია: 34 საცხოვრებელი სახლი, 10 სამსახურებრივი ობიექტი, მათ შორის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, საყარაულო შენობა, კინოლოგიური დასახლება, მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობები.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე

მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო დანაყოფებმა ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.

რუსი მესაზღვრეები

2019 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 10 წლისთავი აღნიშნეს. ცხინვალში საზეიმო ღონისძიება კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენ“-ში გაიმართა, საზეიმო  მიტინგი გაიმართა სოხუმშიც. „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“ შეთანხმებას 2009 წლის 30 აპრილს მოაწერეს ხელი.

საინვესტიციო პროგრამები

ცხინვალის რეგიონი 2020-2022 წლებში 4.5 მლრდ რუბლს მიიღებს

2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს.  სხდომის თანათავჯდომარის, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის ვიტალი მუტკოს განცხადებით, საინვესტიციო პროგრამა 52 ღონისძიებას და 30-ზე მეტ პროექტს მოიცავს. პროგრამის განხორციელებისათვის ყოველწლიურად 1.5 მლრდ რუბლი დაიხარჯება. სხდომის ფარგლებში საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისათვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.

აფხაზეთში თანამშრომლობის გაფართოების მექანიზმები განიხილეს

2019 წლის 22 აპრილს, სოხუმში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაფართოების მექანიზმები განიხილეს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფმა აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია, 2019 წლის 5 აპრილს, გალის რაიონიდან დაიწყო, სადაც ექიმთა ჯგუფმა 2000-მდე ადამიანს ჩაუტარა გამოკვლევა. დისპანსერიზაცია 1700 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ტყვარჩელის რაიონში. დისპანსერიზაცია აფხაზეთის ყველა რაიონში ჩატარდება და 9 ივნისისთვის დასრულდება. ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მკურნალობის ფაქტების შემცირებას ისახავს მიზნად, რადგან მსგავს ტენდენციას ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობა ნეგატიურად აფასებს და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელსაც თბილისი სოხუმის წინააღმდეგ იყენებს.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. აპრილში აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთისგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 4000 ლიტრაზე მეტი პრეპარატი უკვე მიიღო.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

2019 წლის 12 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების მინისტრ გენადი კოკოევის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას „სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა“ და „ცხინვალის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას“ შორის თანამშრომლობის შესახებ.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, იალტის რიგით მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერ სერგეი აქსენოვთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და 2019-2022 წლებში შეთანხმების განხორციელების  ღონისძიებების გეგმას მოაწერა ხელი. ასევე, ფორუმის ფარგლებში, ცხინვალის დე ფაქტო მერმა და ქერჩის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა ქალაქების დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის აპრილში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში განათლებისა და საბჭოთა დღესასწაულების აღნიშვნის კუთხით აქტიურობდნენ.

კულტურისა და მეცნიერების რუსულმა ცენტრმა, ცხინვალში, რუსი მეიგავის კრილოვის დაბადებიდან 250-ე წლისთავთან დაკავშირებით  სკოლის მოსწავლეებს შორის კითხვის კონკურსი გამოაცხადა. ცხინვალის რეგიონში ასევე ჩატარდა რიგით მერვე ყოველწლიური ფესტივალი - „ჩემი საყვარელი რუსეთი“.

ცხინვალში საბჭოთა კავშირის გმირის წოდების დაწესების 85-ე წლისთავი მიტინგით აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში ცენტრის მხარდაჭერით თემატური გამოფენა გაიმართა. კოსმონავტიკის დღესთან (12 აპრილი) დაკავშირებით ცხინვალში ცენტრის მხარდაჭერით საბავშვო ნახატების კონკურსი ჩატარდა, რომელიც იური გაგარინის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა. მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა სოხუმშიც.

21-25 აპრილს აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობაში 2019 წლის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების გეგმა განიხილეს. გეგმის მიხედვით უახლოეს მომავალში ჩატარდება კონფერენცია, სადაც აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში რუსეთის წვლილს გააშუქებენ.

აპრილიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის განხორციელებას, სააგენტოს წარმომადგენლობის გარდა, რუსული ფონდის, „რუსკი მირ“-ის ახლად დაფუძნებული ფილიალიც უზრუნველყოფს. ფონდის მიზანია რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, განათლების პროგრამების მხარდაჭერა, რუსული ენის შენარჩუნება და განვითარება.

აპრილში სააგენტოს საქმიანობის კუთხით ასევე უნდა აღინიშნოს კონკურსის შედეგად 50 აფხაზი აბიტურიენტის შერჩევა. აბიტურიენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ განათლებას.