ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 09 / 01

გამოცემა: N32 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავი

ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ „საქართველოს სამხედრო აგრესიის“ მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. პანდემიის პირობებში რუსეთიდან ღონისძიებებში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი. ასევე, ცხინვალს ეწვია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი მენიაილო და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

საერთაშორისო აღიარების მე-13 წლისთავი

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მე-13 წლისთავი აღნიშნეს. პანდემიის პირობებში საზეიმო ღონისძიებებში რუსეთიდან მხოლოდ რამდენიმე სტუმარი ჩავიდა. ცხინვალის რეგიონში „დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტართა დელეგაცია და რუსეთის დუმის დეპუტატი არტურ თაიმაზოვი იმყოფებოდნენ.

კურატორების ვიზიტი

რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით ცხინვალის რეგიონში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ჩავიდა. რეგიონის დე ფაქტო მთავრობასთან შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის, საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისა და ე.წ. საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციას სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი ხელმძღვანელობდა. იგი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ვიზიტის მეორე დღეს, რუსეთის დელეგაციამ ცხინვალსა და კვაისაში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტები მოინახულა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანაყოფებმა ივარჯიშეს. საწყის ეტაპზე მათ განახორციელეს საჰაერო სივრცის დაზვერვა, ოპერატიულად დაადგინეს სამიზნის კოორდინატები და წარმატებულად მოიგერიეს პირობითი მოწინააღმდეგის სარაკეტო და საავიაციო დარტყმები.
  • გუდაუთის, წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ივარჯიშეს.
  • სამხედრო ბაზაზე საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის დონე შეამოწმეს. წვრთნის ფარგლებში სახანძრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შესაბამისი სიგნალის მიღების შემდეგ შენაერთის ტერიტორიაზე გაჩენილი პირობითი ხანძარი ჩააქრეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელთა ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირებები გაანადგურეს.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხრეთის სამხედრო ოლქის იმ რეგიონებში, რომლებიც 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობას მიეკუთვნებიან, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში, სარეზერვო დანაყოფები ჩამოყალიბდება. ამ დანაყოფების მიზანი იქნება მნიშვნელოვანი „სახელმწიფო“ და სამხედრო ობიექტების დაცვა, მართლწესრიგისა და კანონიერების მხარდაჭერა, სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება და სხვ.

2021 წლის აგვისტოში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ორმაგი მოქალაქეობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების“ პროექტი მოიწონა. შეთანხმების პირველი მუხლის მიხედვით, „ერთი მხარის მოქალაქეებს, მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, შეუძლიათ მეორე მხარის მოქალაქეობის მიღება“. მეხუთე მუხლის თანახმად, „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ“. ასევე „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები თუ ერთ მხარეში გაივლიან სამხედრო სამსახურს, მეორე მხარეში გაწვევისგან თავისუფლდებიან“.

სანკტ-პეტერბურგში აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხი განიხილეს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი - კრისტინა ოზგანი „Газпром-ისა“ და „Газпром промгаз-ის“ ხელმძღვანელობას სანკტ-პეტერბურგში შეხვდა. განხილვის საგანი აფხაზეთის გაზიფიკაციის ზოგადი სქემის შემუშავება იყო. ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში გაზსადენის სისტემა არ არსებობს. გაზიფიკაციის სქემის შემუშავებისთვის ფინანსები აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამიდან გამოიყო. სამუშაოს შესრულებას ერთ წლამდე დრო დასჭირდება.

სანკტ-პეტერბურგში აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხი განიხილეს. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდი

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის - რომან ნეკრასოვის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. სანერგე მეურნეობის განსავითარებლად აფხაზეთის აგრონომიის ინსტიტუტს სამინისტრომ 50-ზე მეტი დანადგარი გადასცა: მინი ტრაქტორები, გუთნები, ჰიდრავლიკური ტრაილერები, კულტივატორ-მიწის შემოსაყრელები.

აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი ამოქმედდა

აფხაზეთში, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. პირველივე დღეს საავადმყოფომ კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მიიღო. მობილური საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გათვლილია 100 საწოლზე. საველე ჰოსპიტალი, აფხაზეთის საწოლფონდის გაზრდის მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაგზავნა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას დახმარების თხოვნით მიმართა.

რუსეთის სპორტის მინისტრი სოხუმს ეწვია

რუსეთის სპორტის მინისტრი ოლეგ მატიცინი აფხაზეთს ესტუმრა. მინისტრსა და მის მოადგილეს ბეისულთანოვ ოდესს „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უმასპინძლა. შეხვედრაზე ბჟანიამ გალის რაიონში სანიჩბოსნო ბაზის განვითარების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. საინტერესოა, რომ თებერვალში გალში რუსეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი 1992-1993 წლებში ომის შედეგად დანგრეული ბაზის აღდგენისადმი ინტერესს უკავშირდებოდა. ცნობილია, რომ გალის რაიონში მდებარე სანიჩბოსნო ბაზა „რეჩხი“ საბჭოთა კავშირის ნაკრების ვარჯიშისთვის გამოიყენებოდა. მინისტრმა სოხუმში სპორტული ობიექტებიც მოინახულა, მათ შორის სოხუმის „დინამოს“ სტადიონი.

ოლიმპიადის პრიზიორების ვიზიტი

ცხინვალში რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის გუნდის მწვრთნელ - ძამბოლატ თედეევსა და ჩრდილოეთ ოსეთიდან ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონს - ზაურბეკ სიდაკოვს და პრიზიორებს - არტურ ნაიფონოვსა და სერგეი კოზირევს საზეიმოდ უმასპინძლეს. საზეიმო შეხვედრას ცხინვალში ასობით ადამიანი ესწრებოდა. თედეევმა, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდანაა, განაცხდა, რომ: „ჩვენ სამშობლოში მოვედით. ტოკიოში მუდამ ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ყველა ოლიმპიური თამაშიდან ჩვენ ოლიმპიური მედალი მოგვაქვს პატარა ოსეთისთვის“. ასევე, თედეევის განცხადებით, „ოსეთს არავინ ჰყოფს, მაგრამ ცხინვალი ოსეთის გულია“. მისივე შენიშვნით, თუ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას 15 ქვეყანა აღიარებს, მას ოლიმპიურ თამაშებზე „ნეიტრალური ოლიმპიური დროშით“ გამოსვლა შეეძლება.

რუსი ოლიმპიელების ვიზიტი ცხინვალში. წყარო: SPUTNIK Южная Осетия

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

სოხუმის „წარმომადგენლები“ ჩუვაშეთის დედაქალაქს ესტუმრნენ

სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის დელეგაცია ვიცე-მერის - ლეონ კვარჩიას ხელმძღვანელობით რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩებოქსარს ეწვია. შეხვედრაზე ჩებოქსარის საწარმოთა პროდუქციის აფხაზეთში ექსპორტის პერსპექტივაზე იმსჯელეს. სოხუმი და ჩებოქსარი დაძმობილებული ქალაქები ამა წლის აპრილში გახდნენ.

დელეგაცია ჩეჩნეთიდან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან დელეგაცია მიიღო. დელეგაციის ხელმძღვანელის, რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ელხან სულეიმანოვის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ორი მანქანა, რომელიც აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადმ დელიმხანოვმა აჩუქა, რამდენიმე დღეში აფხაზეთში იქნება. დელიმხანოვი, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია. მის სახელს არაერთი კრიმინალური საქმე უკავშირდება.

რუსეთის „რბილი ძალა“

ფესტივალი „Моя Родина“

ცხინვალის N2 საშუალო სკოლის საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „Кафт“ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი „Моя Родина“ უკვე მეხუთედ ტარდება და მიზნად ისახავს რუსეთის ხალხების ეროვნული სამოსის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ფესტივალი ონლაინ, YouTube-ის მეშვეობით ტარდება.

საჰაერო დესანტის დღე

2 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საჰაერო დესანტის დაარსების 91-წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტრადიციული აქცია, რომლის ფარგლებშიც ავტომობილების კოლონამ ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო დროშები“ და საჰაერო-სადესანტო ძალების დროშები ჩამოატარა.

გამონაკლისი ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებისთვის

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო კვოტით სწავლის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. რუსეთის განათლების სამინისტროს მოთხოვნით, აღნიშნული კვოტით სწავლა შეუძლიათ მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით კი ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტები ხშირად აწყდებოდნენ პრობლემას. აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საგანმანათლებლო კვოტით რუსეთში სწავლა შეეძლებათ ცხინვალის რეგიონის ორმაგი „მოქალაქეობის“ მქონე აბიტურიენტებს. შესაბამისად, ამიერიდან მათ აღარ მოუწევთ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა.

რუსეთში ცხინვალის რეგიონიდან 24 იუნკერი ისწავლის

რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხინვალის რეგიონის შს „სამინისტროდან“ 24 „იუნკერი“ ისწავლის. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი ცხინვალის რეგიონს დაუბრუნდებიან და დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობას გააგრძელებენ. 25 აგვისტოს აღნიშნულ „იუნკერთა“ ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ისინი განათლებას ოთხ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიღებენ: ნიჟეგოროდის აკადემია, ვორონეჟის ინსტიტუტი, ორლოვის იურიდიული ინსტიტუტი და კრასნოდარის უნივერსიტეტი.  

რუსეთის დროშის დღე

რუსეთის დროშის დღის აღნიშვნა ცხინვალში. წყარო: ცხინვალში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ვებგვერდი

22 აგვისტოს ქ. ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. დღესასწაულის აღნიშვნა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ბავშვების მიერ ქვაფენილზე ხატვის პარალელურად, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ურიგებდნენ ლენტებს რუსეთის დროშის ფერებში.