ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2021 / 09 / 01

გამოცემა N5 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი           

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ტურიზმი

  • აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ ზაფხულის სეზონს „წარმატებული“ უწოდა. „სამინისტროს“ შეფასებით, ტურისტების ნაკადი სექტემბერ-ოქტომბერშიც გაგრძელდება. დატვირთული ტურისტული სეზონი რუსეთიდან უცხოეთში გამგზავრებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგი იყო.
  • ადლერის „საბაჟო“ პუნქტი, 1-ლი მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ორივე მიმართულებით 4.5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა, დაახლოებით მილიონმა მანქანამ, მათ შორის, 45 ათასმა საექსკურსიო ავტობუსმა გადაკვეთა. ზაფხულში „გამშვები“ პუნქტის დატვირთვა გაოთხმაგებულია.
  • „რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის“ თანახმად, აფხაზეთი აგვისტოს მეორე ნახევარში ზღვაზე დასვენებისთვის ყველაზე იაფი ადგილების სამეულში მოექცა.
  • ტამიშში არსებულ სასტუმრო კომპლექსს - „Тамыш Village“, რომლის ინვესტორიც რუსული კომპანია „ბიბლიო-გლობუსია“, გახსნიდან, 3 ივლისიდან, 27 აგვისტომდე 7 000 ადამიანი ესტუმრა.
  • დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან 20 აგვისტომდე რიწის პარკს 500 000-ზე მეტი ადამიანი (შემოსული თანხა - 167.8 მლნ რუბლი) ეწვია, ახალი ათონის მღვიმეს კი - 310 000-მდე ადამიანი (შემოსული თანხა - 154.6 მლნ რუბლი). 2019 წლის იმავე პერიოდში რიწის პარკი 282 000-მდე ადამიანმა მოინახულა, ახალი ათონის მღვიმე კი - დაახლოებით 190 000-მა ადამიანმა.

სოფლის მეურნეობა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის განვითარების შესახებ „მთავრობათაშორისი“ თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთს 50-ზე მეტი დანადგარი გადასცა, მათ შორის, მინი ტრაქტორები, გუთნები, ჰიდრავლიკური ტრაილერები, კულტივატორ-მიწის შემოსაყრელები.

შეხვედრა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი

ბუნებრივი აირის გაძვირება

რუსეთში ბუნებრივი აირის გაძვირების გამო გაზის ფასმა აფხაზეთშიც მოიმატა. კომპანია „Абхазтоп-ის“ თანახმად, ტურისტების დიდი რაოდენობის გამო აფხაზეთში გაზმა მოსალოდნელზე მალე დაიწყო გამოლევა. ბუნებრივი აირის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია სოხუმში, ბიჭვინთასა და გაგრაში. გაზის გაძვირება ერთი ტონის შესყიდვის ფასის 38 000 რუბლიდან 58 662 რუბლამდე გაზრდას უკავშირდება. „Абхазтоп“ ბუნებრივ აირს „Нефтегаз Сочи-სგან“ ყიდულობს.

აფხაზეთის გაზიფიკაცია

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა სანკტ-პეტერბურგში „Газпром-ისა“ და „Газпром промгаз-ის“ ხელმძღვანელობასთან აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხი განიხილა. გაზიფიკაციის სქემისთვის დაფინანსება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამიდან გამოიყო. როგორც ვარაუდობენ, სქემის განხორციელებას ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. სექტემბერში მოლაპარაკებების საწარმოებლად აფხაზეთს „Газпром промгаз-ის“ დელეგაცია ესტუმრება.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

  • სოხუმის დე ფაქტო მერის მოადგილე ლეონ კვარჩია დაძმობილებულ ქალაქ ჩებოქსარს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი საკვები და ელექტროტექნიკური საწარმოების („ЧЭАЗ“, „ЭКРА“, „ЭЛАРА“, „ЧЕТРА“, „Чувашкабель“) პროდუქციის აფხაზეთში ექსპორტის საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ პირველი შეკვეთა სოხუმმა უკვე განახორციელა. შეხვედრაზე ჩუვაშეთის რესპუბლიკაში აფხაზეთიდან მშრალი ხილის, თხილისა და ციტრუსების შეტანის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.
  • ნიჟნი-ნოვგოროდის 800 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს აფხაზეთის „დელეგაციაც“ დაესწრო. მათ შორის იყვნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიწინია და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე. არსებული ინფორმაციით, აფხაზეთსა და ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ სოხუმი და ნიჟნი-ნოვგოროდი დაძმობილებული ქალაქები არიან, ხოლო 2011 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

აფხაზეთის „წარმომადგენლები“ ნიჟნი-ნოვგოროდში. წყარო: Apsadgil

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

სოფლის მეურნეობა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დელეგაციამ“ „მინისტრ“ ალან მარგიევის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ოსეთში VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ სემინარში - „კარტოფილის თესლის წარმოება: ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი პოტენციურად სასარგებლო სახეობები“.

საინვესტიციო პროგრამა

  • ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, ჯავის რაიონში საბავშვო ბანაკის მშენებლობა, ცხინვალის N3 საჯარო სკოლის რესტავრაცია, ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორპუსების მშენებლობა (ბინებით 225 ოჯახს უზრუნველყოფენ) და გზების შეკეთება.
  • ცხინვალში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევისა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი) - ვიტალი გუდინისა და მისი მოადგილის - ანტონ მელნიკის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ფინანსური დახმარების საჭიროება, საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და „საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის“ საკითხი განიხილეს. ბეკოევის განცხადებით, საინვესტიციო პროგრამა წელს მისაღები ტემპით ხორციელდება. რუსეთის დელეგაციამ ჯავის რაიონში, ცხინვალსა და კვაისაში საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობაც შეამოწმა.
  • დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ბაზალტის ქარხნის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა და დაწყებული საქმის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ცხინვალის N3 საჯარო სკოლა. წყარო: Sputnik

რუსეთის რეგიონებთან ურთიერთობა

აფხაზეთის „დელეგაციის“ პარალელურად, ქალაქის 800 წლის იუბილის აღსანიშნავად ნიჟნი-ნოვგოროდს ცხინვალის რეგიონის „დელეგაციაც“ ეწვია. ნიჟნი-ნოვგოროდთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2010 წელს მოეწერა ხელი. დე ფაქტო ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის - ძამბოლატ ტადტაევის თქმით, საერთო ინტერესის სფეროს წარმოადგენს: „სამრეწველო წარმოება, სოფლის მეურნეობა, ხილ-ბოსტნეულის წარმოება და მიწოდება, პატარა და საშუალო ბიზნესი, ტურიზმი, სპორტი, განათლება, ახალგაზრდული და სოციალური პოლიტიკა“.

ბჟანიას ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

2008 წლის ომის დაწყების მე-13 წლის თავზე ცხინვალის რეგიონს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია პირველად ეწვია. ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა - ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, 2021 წლის პირველ ნახევარში ვაჭრობის მოცულობა 2020 წლის მთლიან მოცულობაზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა.

ცხინვალის რეგიონში აფხაზეთის „ელჩის“ ალან ელბაქიევის განცხადებით, მხარეებმა გუდაუთაში არსებულ სანატორიუმ „Осетия-ს“ აღდგენაზე იმსჯელეს, რათა ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმა აქ ზაფხულში დასვენება შეძლონ. საუბარი შეეხო აფხაზეთისთვის ცხინვალის რეგიონის სუვენირების დამზადებასაც, რომლებიც ტურისტულ სეზონზე გაიყიდება. ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „საერთო ბევრია“ და „ინტერაქციის უფრო ეფექტურად“ გამოყენებაა დაგეგმილი.

 

ბჟანია და ბიბილოვი ცხინვალში. წყარო: Presidentruo