ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2021 / 10 / 01

გამოცემა N13 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

COVID-19-თან ბრძოლა

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას განაგრძობს. 24 სექტემბრის მონაცემებით, საველე ჰოსპიტალმა ამბულატორიიდან უკვე 146 პირი გაწერა, ხოლო საკონსულტაციო მომსახურება 700-მდე პირს გაუწია. ჩატარდა 1500-მდე სხვადასხვა სახის კლინიკური გამოკვლევა და ათასზე მეტი PCR-ტესტი. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 27 775 შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვა ღონისძიებები

  • 30 სექტემბერს აფხაზეთის „რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღის 28-ე წლისთავი აღნიშნეს. გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც 500-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, თავდაცვის „სამინისტროს“ ქვედანაყოფები და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა სექტემბერში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. „Т-72Б3“ ტანკების 30-მდე ეკიპაჟმა საშტატო იარაღიდან საბრძოლო სროლები შეასრულა და 300-დან 2000-მდე მეტრის სიშორეზე განლაგებული მოძრავი სამიზნეები გაანადგურა. წვრთნაში მექანიკოს-მძღოლები და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით პირობითი მოწინააღმდეგის კოორდინატები დაადგინეს და „მტრის“ ლიკვიდაცია მოახდინეს. სწავლებაში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე და 80 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტის თავდასხმა მოიგერიეს. წვრთნის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და ტანკ-სნაიპერი.

ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტანკ-სნაიპერის გამოყენებით ივარჯიშეს. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ზალპური ცეცხლის მეშვეობით პირობითი მოწინააღმდეგის ტანკები გაანადგურა. საერთო ჯამში, 4 ათასი მეტრის მანძილზე განლაგებული 30-ზე მეტი სამიზნე განადგურდა. სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. მასში 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეულზე მეტი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ტარსკოის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო ექიმებმა პირობითად დაჭრილების სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და მათი ევაკუაცია განახორციელეს. წვრთნაში 1500-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა და 200 ერთეულზე მეტი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • მე-4 სამხედრო ბაზაზე პირველად გამოიყენეს Ka-52 „Аллигатор“-ის ტიპის ვერტმფრენები, რომლებითაც მოტომსროლელთა ქვედანაყოფი პირობითი მოწინააღმდეგის ზურგში უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამავე წვრთნაში ასევე პირველად გამოიყენეს ტაქტიკური გარღვევის ჯგუფები, კონტრ-სნაიპერული ჯგუფები და გაფანტული საბრძოლო მწყობრი.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. წვრთნაში ათასამდე ჯარისკაცი და 200-მდე ერთეული შეიარაღება იყო ჩართული.
  • რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა „ТДА-2К“ ტიპის მანქანების გამოყენებით კვამლის ეფექტი შექმნეს და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების ფარული გადაადგილება უზრუნველყვეს.
  • სწავლების ფარგლებში პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო მობილური ჯგუფები. მათ პირობითი მოწინააღმდეგის რადიოსიგნალები ჩაახშეს და მისი ჯავშანტექნიკაც გაანადგურეს. წვრთნაში ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატები, „Тор-М1“ საბრძოლო მანქანები და სხვ.

ერთობლივი წვრთნები

  • რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის საბატალიონო ტაქტიკურმა ჯგუფმა რეგიონის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ივარჯიშა. მათ პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო იერიში მოიგერიეს. წვრთნა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. მასში 1200-მდე სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • 20-24 სექტემბერს ძარწემის სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართა. ეს იყო ორმხრივი საბატალიონო ტაქტიკური სწავლების ნაწილი, რომელიც რუსეთშიც (ვოლგოგრადის ოლქში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ჩეჩნეთში) გაიმართა.
  • მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა და ცხინვალის რეგიონის თავდაცვის „სამინისტროს“ ოპერატიულმა ჯგუფებმა პირობითი მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს. დე ფაქტო გენშტაბის უფროსმა ვიქტორ ფედოროვმა ჯარისკაცების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.

სხვა ღონისძიებები

  • მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ადრეულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ხმა სულ 700-მდე პირმა მისცა. კენჭისყრა 3 სექტემბერს დაიწყო, რამდენიმე ეტაპად გაიმართა და 16 სექტემბერს დასრულდა.
  • 20 სექტემბერს რეგიონში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღესთან“ დაკავშირებით გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, 150 ჯარისკაცი და 20 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. საზეიმო ღონისძიება ამავე ბაზის სამხედრო ორკესტრის კონცერტით დასრულდა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღისადმი“ მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.