ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2021 / 11 / 01

გამოცემა N14 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ოქტომბერში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე უპილოტო ავიაციის გამოყენებით ივარჯიშეს. ორმხრივი საბატალიონო ტაქტიკური სწავლების ფარგლებში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანაყოფებმა პირველად აამოქმედეს უპილოტო ავიაციის საწინააღმდეგო რეზერვი. მათ პირობითი მოწინააღმდეგე „Стрела-10“ და „Оса-АКМ“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით გაანადგურეს.
  • გუდაუთას, წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტებმა ივარჯიშეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებისა და საბრძოლო ტექნიკის მრავალმხრივი უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის დავალება შეასრულეს. წვრთნის ფარგლებში გამოიყენეს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, „Т-72Б3“ ტანკები და „БТР-82А“ ჯავშანტრანსპორტიორები.

ერთობლივი სწავლებები

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე „საერთაშორისო“ წვრთნები დაიწყო. სწავლებაში მონაწილეობს 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და რუსეთის ფედერაციიდან. განსაკუთრებული ყურადღება რეზერვისტების მომზადებას დაეთმო. წვრთნების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა.

„საერთაშორისო“ სწავლება წებელდის სამხედრო პოლიგონზე. წყარო: sputnik-abkhazia.ru

COVID-19-თან ბრძოლა

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას განაგრძობს. ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 98 პირი გადის. 29 ოქტომბრის მონაცემებით, საველე ჰოსპიტალმა ამბულატორიიდან უკვე 343 პირი გაწერა, ხოლო საკონსულტაციო მომსახურება 1300-მდე პირს გაუწია. ჩატარდა 8 ათასამდე სხვადასხვა სახის კლინიკური გამოკვლევა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი PCR-ტესტი. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 31 338 შემთხვევაა გამოვლენილი.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სწავლებები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ოქტომბერში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • პირადი შემადგენლობა განგაშზე ერთობლივი მოქმედების მზადყოფნაზე შეამოწმეს. სპეციალურმა კომისიამ სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო განგაში გამოუცხადა, რის შემდეგაც მათ შეასრულეს სხვადასხვა სახის ნორმატივი, მათ შორის, საშტატო იარაღისა და აღჭურვილობის მიღება, საბრძოლო და საავტომობილო ტექნიკის გამოყვანა და სხვ.
  • მე-4 სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მთებში დაზვერვის წარმოების უნარები შეამოწმეს. მათ სხვადასხვა დავალება შეასრულეს. წვრთნის ფარგლებში გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და „Стрелец“-ის ტიპის სადაზვერვო-საკომუნიკაციო კომპლექსები.

სასწავლო განგაში მე-4 სამხედრო ბაზაზე. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

COVID-19-თან ბრძოლა

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე ექიმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების რევაქცინაცია, მუდმივად ხდება პირადი შემადგენლობის მონიტორინგი სამედიცინო სპეციალისტების მიერ, რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტები კი სამუშაო და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ბოლო მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 8 779 შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვა ღონისძიებები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას დისპანსერიზაცია უტარდება. სერიოზული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლებსა და სანატორიუმებში გზავნიან. დისპანსერიზაცია თავდაცვის „მინისტრის“ იბრაჰიმ გასეევის ბრძანებით მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
  • მე-4 სამხედრო ბაზაზე საგარნიზონო სამსახურის ორგანიზების დონეს ამოწმებენ. სპეციალური კომისია აფასებს სამხედრო ბაზის მზადყოფნის დონეს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებისთვის. საერთო ჯამში, სამხრეთის სამხედრო ოლქის 50-ზე მეტი სამხედრო ბაზა და 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შემოწმდება.
  • 21 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ცხინვალის რეგიონთან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ხელშეკრულება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას ეხება. შედეგად, საკონტრაქტო ჯარისკაცები ყოველთვიურ სახელფასო დანამატებს, ხოლო თადარიგში დათხოვნილები კი - საპენსიო დანამატებს მიიღებენ.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.