ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 11 / 01

გამოცემა: N34 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

54-ე რაუნდი

2021 წლის 12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 54-ე რაუნდი გაიმართა. აფხაზეთის „დელეგაციამ“ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ პოზიციას სოხუმმა არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ „ერთიანი საქართველოს“ არსებობის იდეა რეალობას მოკლებულია.  ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“ მდგომარეობა სტაბილურად შეაფასა და ბოლო პერიოდში სერიოზული ინციდენტების არარსებობა დაადასტურა.

მოლაპარაკების დროს რუსეთის დელეგაციამ საქართველოს შესთავაზა დაიწყოს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.

ბჟანიას ვიზიტები რუსეთში

ოქტომბერი დატვირთული გამოდგა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის. მისი გახშირებული ვიზიტები მოსკოვში მიუთითებს, რომ მას შიდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების გასამკლავებლად რუსეთის მაღალჩინოსნების მხარდაჭერის მოპოვება სურს.

ბჟანიას მე-9 ვიზიტი მოსკოვში

ბჟანიას თავისი მეცხრე სამუშაო ვიზიტი მოსკოვში 2 ოქტომბერს უნდა დაეწყო, თუმცა 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე ომის „ვეტერანებს“, „დეპუტატებსა“ და „შს სამინისტროს“ თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, მას 3 ოქტომბერს უკან დაბრუნება მოუხდა. განმეორებითი ვიზიტისთვის კი ბჟანია რუსეთში 8 ოქტომბერს გაემართა.

11 ოქტომბერს ბჟანია მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მარატ ხუსნულინს შეხვდა. ხუსნულინი რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. „მხარეებმა“ აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობისა და 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.

12 ოქტომბერს ბჟანია „გაზპრომისა“ და მისი შვილობილის - „გაზპრომ პრომგაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა და აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალურ სქემასა და გაზის მოწოდების საკითხზე ისაუბრა. ამავე დღეს ბჟანია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ნერადკომ მიიღო. შეხვედრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე და საამისოდ აუცილებელი „სამთავრობათაშორისი“ შეთანხმებების მიღებასა და „საკანონმდებლო რეგულაციებზე“ იმსჯელეს.

13 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ბჟანიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 15 ოქტომბერს კი ბჟანია რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს შეხვდა, რომელთანაც 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ბჟანიას შეხვედრა შოიგუსთან.  წყარო: presidentofabkhazia.org

ბჟანიას მე-10 ვიზიტი მოსკოვში

26 ოქტომბერს ბჟანია კიდევ ერთი „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა მოსკოვს. პირველივე დღეს იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ბჟანია ასევე შეხვდა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს, ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკს, ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევს და სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინს.

კურატორების ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

1-ელ ოქტომბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სათავეში მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ედგა. ვიზიტის პირველ დღეს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის N3 საჯარო სკოლა მოინახულა. იმავე დღეს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იღებდა მონაწილეობას. მეორე დღეს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევთან ერთად „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და ცხინვალის ახალი სამშობიარო დაათვალიერა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე უპილოტო ავიაციის გამოყენებით ივარჯიშეს. წვრთნის ფარგლებში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანაყოფებმა პირველად აამოქმედეს უპილოტო ავიაციის საწინააღმდეგო რეზერვი.
  • გუდაუთას, წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტებმა ივარჯიშეს. მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლების ფარგლებში მათ საველე პირობებში, სამხედრო მოსამსახურეებისა და საბრძოლო ტექნიკის მრავალმხრივი უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა დავალება შეასრულეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს დაზვერვის წარმოების უნარები შეუმოწმეს. წვრთნის ფარგლებში გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა მეშვეობით სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელი დაადგინეს.

2021 წლის ოქტომბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

„საზღვრის“ დემარკაცია

1 ოქტომბერს ცხინვალში ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის მეექვსე სხდომა დასრულდა. მხარეებმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაციის საკითხი განიხილეს და კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ. კომისია 2012 წელს შეიქმნა, კომისიის პირველი სხდომა კი - 2018 წლის სექტემბერში მოსკოვში ჩატარდა.

შეთანხმების რატიფიკაცია

21 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ცხინვალის რეგიონთან დადებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. შეთანხმება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას ეხება. დოკუმენტს ხელი მიმდინარე წლის 10 იანვარს მოეწერა, ერთი მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის იბრაგიმ გასეევის მიერ. ხელშეკრულების თანახმად, საკონტრაქტო ჯარისკაცები მიიღებენ ყოველთვიურ სახელფასო დანამატებს, ხოლო თადარიგში დათხოვნილები კი - საპენსიო დანამატებს.

საბაჟო სფეროში თანამშრომლობა

საბაჟო „სამსახურების“ შეხვედრა

აფხაზეთში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის „წარმომადგენლის“, კონსტანტინ კოზლოვისა და აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით სოჭში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2021 წლის დასვენების სეზონზე გაწეული სამუშაო შეაჯამეს. ჯამში წლის დასაწყისიდან დღემდე „საბაჟო“ 9.6 მილიონმა ინდივიდმა და 2 მილიონზე მეტმა მანქანამ გადაკვეთა.

„საბაჟო“ უწყებებს შორის თანამშრომლობა

მოსკოვის „საერთაშორისო საბაჟო ფორუმი - 2021-ის“ ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ ხეციასა და რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, რუსლან დავიდოვის ხელმოწერით სამი შეთანხმება დაიდო.

სოჭი-სოხუმის დამაკავშირებელი კატამარანი

რუსული კომპანია „Водоход экспресс-ის“ მაღალი სიჩქარის მქონე 120-კაციანი ტევადობის სამგზავრო კატამარანმა, სახელად „Грифон-მა“, პირველად ბოლო 29 წელიწადში სოჭი-სოხუმის რეისების დაწყება დააანონსა. 10 ოქტომბერს კატამარანი სოხუმში საცდელი მარშრუტით ჩავიდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, მიხაილ ანტოშინმა აღნიშნა, რეისები 2022 წლის 1-ელი მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე განხორციელდება.

სოჭი-სოხუმის დამაკავშირებელი კატამარანი. წყარო: abkhazinform.com

ტურისტების დაზღვევა

დაზღვევის საკითხებზე მოსკოვში აფხაზურ-რუსული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. აფხაზურ მხარეს ტურიზმის დე ფაქტო მინისტრი თეიმურაზ ხიშბა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჩასული ტურისტების დაზღვევა იყო.

რუსეთის „რბილი ძალა“

რუსი ჟურნალისტის მასტერკლასი

20 ოქტომბერს ალექსანდრე ზინენკომ აფხაზი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. ზინენკო რუსი ჟურნალისტი, ავტორი, კინოდოკუმენტალისტი და ვლადიმერ პოზნერის სკოლაში ექსპერტთა საბჭოს წევრია. ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზ ჟურნალისტთა კავშირი იყო.

აფხაზეთის ცეკვის ანსამბლი ფესტივალზე გამოვიდა

აფხაზეთის ეროვნული ცეკვის „სახელმწიფო“ ანსამბლმა - „კავკაზ“ მონაწილეობა მიიღო  XI საერთაშორისო ფესტივალში. ფესტივალი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ჩატარდა.

რუს თანამემამულეთა მსოფლიო კონკრესი

ცხინვალის რეგიონმა რუს თანამემამულეთა VII მსოფლიო კონკრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესი 15-16 ოქტომბერს ქ. მოსკოვში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 400-ზე მეტი დელეგატი 102 ქვეყნიდან. რეგიონიდან კონგრესში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „Россы“-სა და „რუს მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლები. ფორუმის თემა იყო „რუსეთი და თანამემამულეები ცვალებად მსოფლიოში“.