ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2021 / 11 / 02

გამოცემა N7 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი          

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა

  • 1-2 ოქტომბერს აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ ეკატერინბურგის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა „ექსპოთრეველ-2021-ში“ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში „ურალის ტურიზმის ასოციაციასა“ და „აფხაზეთის ტურიზმის კავშირს“  შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
  • აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ ყარაჩაი-ჩერქეზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით, 8-10 ოქტომბერს თებერდაში გამართულ I საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე აფხაზური პროდუქტების სტენდიც წარადგინეს. ფორუმში ჯამში 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე იყო ჩართული. სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2021 წლის აგვისტოში გაფორმდა.

აფხაზური სტენდი „ექსპოთრეველ-2021-ზე“. წყარო: Apsadgil

ბჟანიას ვიზიტები მოსკოვში

  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოქტომბერში მოსკოვში „ოფიციალური“ ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა. 8-16 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მარატ ხუსნულინს, „გაზპრომისა“ და მისი შვილობილის - „გაზპრომ პრომგაზის“ წარმომადგენლებს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორ ალექსანდრე ნერადკოს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს შეხვდა. ბჟანიამ და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა - კრისტინა ოზგანმა შეხვედრების ფარგლებში 2023-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, აფხაზეთის გაზიფიკაციაზე, სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. ვიზიტის შემდგომ ბჟანიამ საინვესტიციო პროგრამის განხორციელება პირად კონტროლზე აიყვანა და პროგრამაში შემავალი ობიექტები მოინახულა. ბჟანიამ საინვესტიციო პროგრამის აღსრულების მეთვალყურეობისთვის შესაბამისი შტაბ-ბინის შექმნაც დააანონსა.
  • მოსკოვში შემდგომი ვიზიტის ფარგლებში 26 ოქტომბერს ბჟანია, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვალერი პაპბა და კრისტინა ოზგანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორ დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ. განხილვის ძირითად თემას 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. მოგვიანებით ბჟანიამ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრისას აფხაზეთის გაზიფიკაციის სქემაზე იმსჯელა. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან შეხვედრაზე კი ბჟანიამ აფხაზეთის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა. ბჟანია რუსეთის სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინსაც შეხვდა და რუსეთსა და აფხაზეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

  • აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ადიღეს რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტის ხაზრეთ სოვმენის მიერ საჩუქრად მიღებული თანხით ორი სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა.
  • სტავროპოლის მხარის მეწარმეები პიატიგორსკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სტავროპოლის მხარის მრეწველობის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთს ესტუმრნენ.

„საბაჟო“ საკითხები

  • სოჭში რუსეთისა და აფხაზეთის „საბაჟო“ სამსახურებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კრასნოდარის საბაჟო სამსახურის უფროსი ნატალია პოლოსუხინა, აფხაზეთში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის „წარმომადგენელი“ კონსტანტინ კოზლოვი და აფხაზეთის „საბაჟო კომიტეტის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზაფხულში ადლერის „სასაზღვრო პუნქტის“ დატვირთვამ ტრადიციულ ნიშნულს 5-ჯერ გადაამეტა. შეხვედრაზე ძირითადი განხილვის საგანს რუსეთში აგრარული პროდუქციის ექსპორტი წარმოადგენდა.
  • „საერთაშორისო საბაჟო ფორუმი - 2021-ის“ ფარგლებში მოსკოვში რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურსა და აფხაზეთის „საბაჟო კომიტეტს“ შორის სამ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

„საერთაშორისო საბაჟო ფორუმი - 2021“. წყარო: Apsadgil

საბანკო სერვისის განვითარება

რუსული საგადახდო სისტემა „Мир-იდან“ აფხაზეთის „ეროვნულ“ საგადახდო სისტემა „АПРА-ს“ „World“ ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისი პირველად დაიტესტა. სერვისის საბოლოოდ გააქტიურების შემდეგ რუსული ბარათებიდან „АПРА-თი“ მოსარგებლე ბანკის ბარათებზე გადარიცხვა გახდება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, 2021 წლის ცხრა თვის განმავლობაში „АПРА-ში“ ტრანზაქციებმა 18.9 მლრდ რუბლი შეადგინა.

ტურიზმი

  • რუსული კომპანია „Водоход экспресс-ის“ სამგზავრო კატამარანმა „Грифон-მა“, 29 წლიანი პაუზის შემდეგ სოჭი-სოხუმის რეისების განხორციელება დააანონსა. 10 ოქტომბერს ჩატარებული საცდელი რეისით კატამარანი სოჭიდან სოხუმში ჩავიდა, რასაც 3 სთ და 15 წთ მოანდომა. რეისები 2022 წლის 1-ელი მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე განხორციელდება.
  • ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ თეიმურაზ ხიშბას მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთ-რუსეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე დამსვენებელი ტურისტების დაზღვევის საკითხი განიხილეს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

კურატორების ვიზიტი

1-2 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩის მეთაურობით. დელეგაციაში შედიოდნენ სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორი - ვიტალი გუდინი და მისი მოადგილე ანტონ მელნიკი. კურატორების ვიზიტი მიზნად რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ობიექტების ინსპექციას ისახავდა. დელეგაციამ ახალგახსნილი ცხინვალის N3 საჯარო სკოლა, „გმირთა ქუჩაზე“ მშენებარე კორპუსი, ბაზალტის ქარხანა, „სახელმწიფო დრამატული თეატრი“, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და ცხინვალის ახალი სამშობიარო მოინახულა. დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე კი ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ საკითხებზე, საინვესტიციო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე იყო საუბარი. 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ბიუჯეტი 4.5 მლრდ რუბლს მოიცავს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ცხინვალის რეგიონში. წყარო: Cominf

„რუსეთის ენერგო კვირეული“

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი ბეკოევმა 13-15 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფორუმში - „რუსეთის ენერგო კვირეული“ - მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ტრადიციული და განახლებადი ენერგორესურსებისა და საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ფორუმი 2017 წლიდან ტარდება.

კონფერენცია ცხინვალში

ცხინვალში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რუსეთის ეროვნული კომიტეტის მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია „სამხრეთ ოსეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრობლემები“. კონფერენციაზე ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ინსფრასტრუქტურის განვითარების, აგრო-სამრეწველო კომპლექსის, ციფრული ტექნოლოგიების კოლეჯში ახალგაზრდების გადამზადებისა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

რეისი ვლადიკავკაზისკენ

კვაისადან ვლადიკავკაზში საზოგადოებრივი ავტობუსის საცდელი რეისი განხორციელდა, რომელსაც პირველ ჯერზე მხოლოდ რამდენიმე მგზავრი ჰყავდა. ავტობუსმა საკუთარი ხარჯიც ვერ დაფარა, თუმცა, ერთი მხრივ, კვაისას მოსახლეობას რეისზე ინფორმაცია არ ჰქონია, მეორე მხრივ კი, მათ მოთხოვნას რეისის არა ცხინვალიდან, არამედ პირდაპირ კვაისადან დაწყება წარმოადგენს.