ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 12 / 01

გამოცემა: N35 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

კურატორების ვიზიტი

რუსი კურატორები სოხუმში

17 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა სამუშაო შეხვედრა გამართა რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის პრობლემური საკითხები. ასევე იმსჯელეს 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტზე და კოდორის ხეობაში საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პერსპექტივებზე. დელეგაციამ კოდორის ხეობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეაფასა და მისი შემდგომი რეკონსტრუქციის პრიორიტეტებიც განსაზღვრა.

ვიტალი გუდინი შეხვედრაზე. წყარო: km-ra.org

რუსი კურატორები ცხინვალში

24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და მისი მოადგილე ვიქტორ შარგაევი. ვიზიტის პირველ დღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2022-2025 წლების პროგრამის საკითხები განიხილეს. ბიბილოვმა სტუმრებთან ერთად გმირების ქუჩაზე რუსეთის დაფინანსებით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი საზეიმოდ გახსნა.

ვიზიტები მოსკოვში

„პრემიერ-მინისტრის“ ვიზიტი მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის „პრემიერ-მინისტრი“ გენადი ბეკოევი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „როსტურიზმის“ ხელმძღვანელს ზარინა დოგუზოვას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ტურისტული ინდუსტრიის პოპულარიზაციასა და „სამხრეთ ოსეთის“, როგორც ტურიზმისთვის ხელსაყრელი ადგილის იმიჯის ჩამოყალიბებაზე.

„ტურიზმის მინისტრის“ ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრი“ თეიმურაზ ხიშბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „როსტურიზმის“ ხელმძღვანელს ზარინა დოგუზოვას შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 17 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებსაც შეხვდა. 19 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის სხდომასაც დაესწრო.

ჯანდაცვის „მინისტრის“ ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრი“ ედუარდ ბუტბა რუსეთში ვიზიტის ფარგლებში მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ბუტბა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიქტორ ფისენკოსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოხუმში თანამედროვე კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისა და აფხაზური QR-კოდების აღიარებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს აფხაზეთის წამლებით მომარაგების საკითხი.

სამხედრო წვრთნები

2021 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

სამხედრო ტექნიკა ცხინვალის რეგიონისთვის

ცხინვალის რეგიონს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა. რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ რუსეთისგან ასევე მიიღო სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. ამ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნული სამხედრო ტექნიკისა და დანადგარების გამოყენებას სწავლობენ.

გამნაღმველებმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორია შეამოწმეს

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის გამნაღმველებმა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტის“ ტერიტორია შეამოწმეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. საწყის ეტაპზე მათ კონკრეტული ტერიტორია მოამზადეს, შემდეგ კი ის აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაასუფთავეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული ინვესტიციებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს, ამიტომაც, პირველ რიგში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყეს.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

3 ნოემბერს ჟენევის დისკუსიებზე აფხაზური მხარის წარმომადგენელი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ანდრეი რუდენკომ მიიღო. რუნდეკო სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

აფხაზეთში რუსეთის საგადასახადო სამსახურის დელეგაცია მიიღეს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის დელეგაცია მიიღო. შეხვედრის ფარგლებში აფხაზმა „მინისტრებმა“ დელეგაციის წევრებს საგადასახადო დეპარტამენტის მუშაობა გააცნეს. კერძოდ, მათ ისაუბრეს საგადასახადო სისტემაზე, დეპარტამენტის სტრუქტურასა და მისი საქმიანობის მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტებზე, საგადასახადო სტატისტიკაზე, მოძრავი და უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციაზე. მხარეება განიხილეს აფხაზეთში სალარო აპარატის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხიც. 

ცხინვალის რეგიონში დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა

26 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.

სარეზერვო ხაზის გახსნის ცერემონია. წყარო: cominf.org

4.5 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე 110 კილოვოლტია. პროექტის ღირებულებამ, საერთო ჯამში, 1.7 მლრდ რუბლი შეადგინა. ყველა ფინანსური ხარჯი რუსეთის ფედერაციამ აანაზღაურა. კერძოდ, პროექტს დაფინანსების ორი წყარო ჰქონდა - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტი და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს.

დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ცხინვალის რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას ისახავს მიზნად, თუმცა, რეალურად, ამ პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სარეზერვო კაბელი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემის საიმედოობას მართლაც გააუმჯობესებს, მეორე მხრივ კი, ის კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე, როგორც ელექტროენერგიის ერთადერთ მიმწოდებელზე.

შეხვედრა „გაზპრომში“

30 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სანქტ-პეტერბურგში „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის საკითხი განიხილეს. 2009 წლიდან ცხინვალის რეგიონი გაზით რუსეთიდან მარაგდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაზიფიკაციის გენერალური სქემა 200-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კრასნოდარის მხარის კაზაკების დელეგაციას შეხვდა, რომლის ხელმძღვანელიც იყო მხარის გუბენატორის მოადგილე ალექსანდრ ვლასოვი. შეხვედრაზე სოხუმში კაზაკთა ორგანიზაციის განვითარებაზე და კაზაკების მიერ „სახელმწიფო“ ორგანოების დახმარების საკითხებზე იმსჯელეს.

რუსეთის „რბილი ძალა“

რუსულ-აფხაზური ფორუმი

10 ნოემბერს სოჭის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე რუსულ-აფხაზური ფორუმის - „სოჭი - სოხუმის“ პირველი ეტაპი გაიმართა. ერთობლივ მოხალისეობრივ ფორუმში აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

რუს დრამატურგთა გილდიის დიპლომი

ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტამერლან ძურცოვი რუს დრამატურგთა გილდიის დიპლომით დააჯილდოვეს. დიპლომი ძურცოვს ლიტერატურული პრემია „Буламаргъ“-ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გადასცეს.

ჯილდოს გადაცემა. წყარო: sputnik-ossetia.ru

საერთაშორისო ფორუმი

ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი რუსული ენის მასწავლებელთათვის იყო განკუთვნილი. ღონისძიება 22-25 ნოემბერს რუსეთში, ქ. პიატიგორსკში გაიმართა. ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი 13 სტუდენტით იყო წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა ოლიმპიადა „მე ვიცი რუსული“. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო იყო.