ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2021 / 12 / 01

გამოცემა N15 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

COVID-19-თან ბრძოლა

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას განაგრძობს. ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 95 პირი გადის. 29 ნოემბრის მონაცემებით, საველე ჰოსპიტალმა ამბულატორიიდან უკვე 1 058 პირი გაწერა, ხოლო საკონსულტაციო მომსახურება 2 ათასამდე პირს გაუწია. ჩატარდა 11 ათასამდე სხვადასხვა სახის კლინიკური გამოკვლევა, მათ შორის, 4 ათასზე მეტი PCR-ტესტი. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 34 600 შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვა ღონისძიებები

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე დასუფთავების აქცია „სუფთა სანაპირო“ გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა 54 ათასი კვ. მ. ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. აღნიშნული აქცია წელიწადში ორჯერ ტარდება - ივნისის დასაწყისსა და ოქტომბერში. მასში სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობენ.
  • რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის გამნაღმველებმა ვ. არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტის ტერიტორია შეამოწმეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. აღმოჩენილ საბრძოლო მასალებს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, საარტილერიო ჭურვები, ნაღმტყორცნების ნაღმები და სხვ. მათი დიდი ნაწილი ადგილზევე გაანადგურეს. განაღმვით სამუშაოებში, საერთო ჯამში, 14 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

განაღმვითი სამუშაოები მე-7 სამხედრო ბაზაზე. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

COVID-19-თან ბრძოლა

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე ექიმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების რევაქცინაცია, მუდმივად ხდება პირადი შემადგენლობის მონიტორინგი სამედიცინო სპეციალისტების მიერ, რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტები კი სამუშაო და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ბოლო მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 9 850 შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვა ღონისძიებები

  • 10 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭომ ცხინვალის რეგიონთან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეთანხმებას, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას ეხება, 2021 წლის 10 იანვარს მოეწერა ხელი. ის ითვალისწინებს ყოველთვიურ სახელფასო დანამატებს საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის და საპენსიო დანამატებს თადარიგში დათხოვნილებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მითითებულ პერიოდში კონკრეტული პირი იყოს რუსეთის ან ცხინვალის რეგიონის „მოქალაქე“. 25 ნოემბერს ონლაინ ფორმატში შეთანხმების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. ამ ეტაპზე საერთო ინტერესების, პოზიციებისა და ქმედებების შეთანხმება მიმდინარეობს.
  • 16 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა. რეგიონმა ტექნიკა რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მიიღო. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს - 25 ნოემბერს რეგიონში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მორიგი პარტია ჩავიდა. დე ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.