ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2021 / 12 / 02

გამოცემა №8 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2021 / ავტორი: სალომე აბრამიშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

კურატორების ვიზიტები

  • აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა რუსეთსა და აფხაზეთის „რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შედგა. შეთანხმებას 2014 წლის 24 ნოემბერს მოეწერა ხელი და მიზნად ისახავს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებას. შეხვედრის ფარგლებში აფხაზმა „მინისტრებმა“ დელეგაციის წევრებს საგადასახადო დეპარტამენტის მუშაობა გააცნეს.
  • აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა სამუშაო შეხვედრა გამართა რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები, ასევე იმსჯელეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2022-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის პროექტზე და კოდორის ხეობაში საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პერსპექტივებზე. საინვესტიციო პროგრამას რუსეთი აფინანსებს.

რუსეთის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში. წყარო: დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდი

საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოჩამჩირის რაიონში 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ბჟანია სოფ. კინდღში მდებარე სასათბურე კომპლექსს, „Кындыг-Агро“-ს ეწვია. ობიექტის მშენებლობისთვის საინვესტიციო პროგრამიდან 450 მლნ რუბლი გამოიყო და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, თუმცა კომპლექსმა მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტა. „Кындыг-Агро“-ის დირექტორის, ალიკა კოგონიას თქმით, ებრაულმა კომპანიამ არასწორი აღჭურვილობა დაამონტაჟა, რის გამოც სათბურის მუშაობა შეჩერდა. ამჟამად ობიექტზე ახალი ტექნიკის დამონტაჟება მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულებისთანავე, საწარმო მუშაობას განაახლებს. ოჩამჩირეში ბჟანიამ „Адзыхь“-ის საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. ობიექტის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, თუმცა იგი დღემდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად წყალმომარაგების პრობლემა სახელდება.

საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა „აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოებში ნამსახურები წლების ურთიერთჩათვლის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინეს. დოკუმენტს დისტანციურად მოაწერეს ხელი: აფხაზურმა მხარემ - 2021 წლის 18 თებერვალს, ხოლო რუსეთმა - 2021 წლის 5 აპრილს.  შეთანხმება მხარეთა საბაჟო ორგანოების თანამშრომელთა სტაჟის ორმხრივ აღიარებასა და დანამატების სტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გადახდას ითვალისწინებს. ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდა მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ტურიზმი

აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრი“ თეიმურაზ ხიშბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფარგლებში რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ზარინა დოგუზოვას შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 17 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებსაც შეხვდა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ტურისტულმა სეზონმა წელს აფხაზეთში სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა და არ დაფიქსირებულა მოწამვლის არცერთი შემთხვევა. შეხვედრისას აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრმა“ და რუსეთის ტურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი დავიდენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურისტული ინდუსტრიის სფეროში ორმხრივი ასოციაციის შექმნის თაობაზე. 19 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის სხდომასაც დაესწრო.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა. წყარო: sputnik-abkhazia

  • აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტი, თამილა მერცხულავა სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. მერცხულავა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე მან წარმოადგინა პრეზენტაცია - „ინდუსტრიული ტურიზმი, როგორც აფხაზეთის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის ფაქტორი“.

სოფლის მეურნეობა

  • ნოემბერში დაბა გულრიფშში ფეიხოას მოსავლის აღება დაიწყეს. ბაღები საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაშენდა და მისი საერთო ფართობი 13 ჰექტარს შეადგენს. გულრიფშის „რაიონის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსის“, რაფიკ გრიგორიანის თქმით, წელს რეგიონში 200 ტონა მოსავლის აღება იგეგმება. ფეიხოა აფხაზეთისათვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წელს აფხაზეთიდან რუსეთში 907 ტონა ფეიხოა გავიდა.
  • აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის გატანა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე უკვე 2 000 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. 2021 წლის ბოლომდე ჯამში 27 ათასი ტონის ექსპორტი იგეგმება. თუმცა გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი განახევრებულია, რადგან შარშან რუსეთში 68 ტონა მანდარინი იყო გაიტანეს. ციტრუსების გარდა, ამ ეტაპზე ხორციელდება ფეიხოას, ლიმონისა და ხურმას ექსპორტიც. ადლერის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული 100-მდე სატვირთო მანქანა კვეთს.

სატრანსპორტო კავშირები

აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან განახლდა. ტრანსპორტირება განხორციელდება მუნიციპალური უნიტარული საწარმოს, „Нальчикский транспорт“-ის მიერ. ბილეთის ფასი 2 475 რუბლია. დეკემბრიდან მარშრუტის მოძრაობის სიხშირე გაიზრდება.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

კურატორების ვიზიტები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსმა იგორ მასლოვმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ცხინვალში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, გენადი ბეკოევმა სოფ. მზივში ბავშვთა ბანაკის მშენებლობა დაათვალიერა. ამ მიდამოებში საბჭოთა პერიოდში საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ბაზა ფუნქციონირებდა. ახალი ობიექტის მშენებლობა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და რემონტისათვის 240 მლნ რუბლზე მეტია გამოყოფილი.
  • ბეკოევმა დვალეთის ხეობაც მოინახულა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა სამი ხიდი, სამომავლოდ კი დაგეგმილია კეთილმოწყობილი გზების დაგება სოფლების - ზღუბირის, ედისას, ერმანის მიმართულებით და წყალმომარაგების ნაგებობების რეკონსტრუქცია.
  • ჯავაში ორი 18-ბინიანი კორპუსი აშენდა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. კორპუსების მშენებლობა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. კორპუსებში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები შესახლდებიან, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში მისაბმელებში ან დანგრეულ სახლებში უწევდათ ცხოვრება.  

საცხოვრებელი კორპუსის გახსნა საზეიმო ვითარებაში. წყარო: დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

  • ცხინვალში 2008 წლის ომის დროს დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ადგილას, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კორპუსის საზეიმო გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბილოვი და რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი. კორპუსში 30-მდე ოჯახი იცხოვრებს. ორ მათგანს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბინის გასაღებები.

ტურიზმი

  • მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბილოვი და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბიკა - ალანიას მეთაური სერგეი მენიაილო. გზამკვლევი მოსკოვურმა გამომცემლობა „АЯКС-ПРЕСС“-მა დაბეჭდა და მოიცავს „სამხრეთ ოსეთის“ რუკებსა და მარშრუტებს, ისტორიას, კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტებისათვის სხვა სასარგებლო ინფორმაციას.
  • მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გენადი ბეკოევი როსტურიზმის ხელმძღვანელს ზარინა დოგუზოვას შეხვდა. შეხვედრის თემა იყო „სამხრეთ ოსეთში“ ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.

სოფლის მეურნეობა

„სამხრეთ ოსეთიდან“ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. „Винодельня Иронсан“ ერთადერთი ღვინის ქარხანაა ცხინვალის რეგიონში, რომელიც საკონსერვო ქარხნის ბაზაზე, რუსი ინვესტორების ჩართულობით 2018 წელს გაიხსნა. კომპანია აწარმოებს ღვინის ხაზებს - „ძველი ცხინვალი“, „ცხინვალის ველი“, „საფერავი“, „მწვანე“, „ლომიაური“ და სხვა. გარდა ამისა, საწარმოში მზადდება სხვადასხვა დაძველების ხარისხის (3-დან 12 წლამდე) კონიაკებიც, რომელიც ასევე გადის რუსეთის ფედერაციაში. პირველი პარტია (32 ათასი ბოთლი) გასული წლის დეკემბერში ჩამოისხა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთში ექსპორტზე ღვინის პირველი პარტია - 14 ათასი ბოთლი გავიდა. ამჟამად რუსეთში თვეში 300 ათასი ბოთლი ღვინო იგზავნება, გასულ წელს კი საშუალოდ 200-230 ათასი ბოთლი გადიოდა. შესაბამისად, მიწოდება წელს 30%-ითა გაზრდილი. „სამხრეთ ოსეთის“ ღვინო რუსეთის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, პროდუქცია ასევე იყიდება სუპერმარკეტების დიდ ქსელებში - „Магнит“ და „Пятерочка“.