ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2021 / 12 / 03

გამოცემა N4 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ნოემბერი, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

IPRM ფორმატის რიგით 103-ე შეხვედრა

18 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 103-ე შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში გაიმართა. შეხვედრას ფასილიტაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი უწევდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება: გაჟღერდა ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებების, გამშვები პუნქტების ე.წ. გახანგრძლივებული ჩაკეტვის და „ბორდერიზაციის“ ფაქტების საკითხი, განსაკუთრებული აქცენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში დაფიქსირებულ ბოლო შემთხვევაზე გაკეთდა. ქართულმა მხარემ ცხინვალის წარმომადგენლებისგან მოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობა ჰქონდა გენადი ბესტაევს საქართველოში გადმოყვანამდე რამდენიმე დღით ადრე. მხარეები ასევე შეეხნენ კოვიდ პანდემიით განპირობებულ გამოწვევებსა და პრობლემებს. (ამ საკითხზე ასევე იხ. სალომე აბრამიშვილის სტატია).

შეხვედრა ერგნეთში. წყარო: ssg.gov.ge

შეხვედრიდან შეხვედრამდე

102-ე შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საკითხი წამოაყენა: გელა გოჭოშვილის ადგილსამყოფელის დადგენა, გამშვები პუნქტების გახსნა და ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ოსურმა მხარემ კი მოითხოვა: სოფ. ჩორჩანაში არსებული ბლოკ-პოსტის აღება, უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილებისა და საქართველოს მოქალაქეების  მიერ ე.წ. სასაზღვრო  რეჟიმის დარღვევის ფაქტების აღკვეთა.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

გელა  გოჭოშვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაცია ქართულმა მხარემ უკვე მიიღო და გაიმართა მისი ე.წ. სასამართლო პროცესიც. ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა გენადი ბესტაევი და გადმოეცა ქართულ მხარეს.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

ქართული მხარის მოთხოვნა გახსნილიყო გამშვები პუნქტები, არც ამჯერად დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ასევე ოსური მხარის მოთხოვნაც, გადატანილ იქნას ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე საქართველოს მიერ კონტროლირებადი საგუშაგო. ოსური მხრიდან კვლავ გაისმა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებები, თუმცა ამჯერად მათი მხრიდან დაზუსტდა, რომ საუბარია ე.წ. დრონებზე. ქართული მხარის მტკიცებით, დრონებს საოკუპაციო ხაზი საჰაერო სივრცის მეშვეობით არ გადაუკვეთავთ. ასევე ქართული მხარის მიერ კვლავ გაჟღერდა ბორდერიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ოსური მხარის შეფასება

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩიევი IPRM ფორმატის 103-ე შეხვედრის შეჯამებისას ოსურ მედია საშუალებებს რამდენიმე ძირითად, დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გაჟღერებულ, საკითხზე ესაუბრა. პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩორჩანას საგუშაგოა, რომელიც კოჩიევის თქმით უკანონოდაა განთავსებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, რაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ე.წ საზღვარზე და ოსური მხარე უკვე არაერთი რაუნდის ფარგლებში ითხოვს მის მოშლას და ქართული საგუშაგოს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას. იგი გენადი ბესტაევის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბესტაევი არ გაუთავისუფლებიათ ცხინვალის ციხიდან, იგი [დე ფაქტო პრეზიდენტის] ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიწყალეს, ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი, რომ ბესტაევს მკურნალობის სათანადო სერვისის მიღება ცხინვალში არ შეეძლო, ჯანდაცვის სისტემის დაბალი სტანდარტის გამო, თვალში ნაცრის შეყრად აფასებს და ამბობს, რომ ქართული მხარისათვის ეს მანიპულაციის მასალაა და რეალურად სულაც არ აღელვებს ბესტაევის მდგომარეობა.

გათავისუფლებული მოქალაქეები

გენადი ბესტაევის გათავისუფლება

2019 წელს „სასაზღვრო რეჟიმის უკანონო დარღვევის“ ბრალდებით უკვე რიგით მე-5 დაკავების შემდეგ, ცხინვალის საპატიმროში გადაყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის სრულად მოხდიდან დაახლოებით 1 კვირით ადრე, 2021 წლის 15 ნოემბერს უკიდურესად დამძიმდა. იგი პირველ ეტაპზე ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს მოსალოდნელი ინსულტის დიაგნოზით, თუმცა მდგომარეობის უკიდურესი სიმწვავისა და ცხინვალის სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, მისი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა გახდა საჭირო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, 16 ნოემბერს ბესტაევის გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით მოხერხდა და იგი თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს. 16 ნოემბერსვე მოაწერა ხელი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევის შეწყალების შესახებ განკარგულებას. ნაირა გუდაძის, გენადი ბესტაევის დის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში იგი ხელისუფლებისგან მუდმივად იღებდა დაპირებებს, რომ მისი ძმა რაც შეიძლებოდა სწრაფად გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, რადგან ქართული მხარე ყველა შესაძლო ზომას იღებდა. მორიგე რეანიმატოლოგის 17 ნოემბრის განცხადებით, ბესტაევი ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზით კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება მისჯილი პატომრობის 3 წლის ბოლო, საბედისწერო კვირას.

ბექა კურტანიძის გათავისუფლება

25 ნოემბერს ოსურ მედიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.  საინფორმაციო სააგენტო PEC-ის ცნობით, ბექა კურტანიძემ უკანონოდ გადაკვეთა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საზღვარი და 16 ნოემბრამდე საკუთარ ნათესავებთან იმყოფებოდა. 16 ნოემბერს იგი დააკავეს და ცხინვალის საპატიმროში გადაიყვანეს. 25 ნოემბერს კი ზნაურის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით იგი გამოაძვეს ე.წ. რესპუბლიკიდან. ინფორმაცია ბექა კურტანიძის დაკავება-გათავისუფლების შესახებ არც რომელიმე სახელმწიფო სამსახურს და არც ერთ ქართულ მედია წყაროს გაუვრცელებია.

გელა  გოჭოშვილის განაჩენი

18 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც 14 აგვისტოს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით მას „საზღვარზე“ კონტრაბანდის გადატანასაც ედავებიან. კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სექტემბერში, მინიმუმ სამი კვირის დაგვიანებით გახდა ქართული მხარისათვის ცნობილი. შესაბამისად დაგვიანებით ამოქმედდა ცხელი ხაზიც.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ახალი საგუშაგოს მშენებლობა კირბალში

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია’-ს ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 ნოემბრის პატრულირების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში ახალი, სავარაუდოდ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშენებული საგუშაგო აღმოაჩინეს. მისი თქმით, საგუშაგო სტანდარტულზე ბევრად დიდი ზომისაა.

ახალი საგუშაგოს მშენებლობა. წყარო: დავით ქაცარავა

საუშაოების განახლება ხურვალეთში

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში, მავთულხლართით გავლებული „საზღვრის“ და დათა ვანიშვილის კუთვნილი სახლის, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს წლების წინ მოექცა, „ბორდერიზაციის“ ახალი ფაქტის წინარე სამუშაოების განახლების შესახებ ინფორმაციას, დავით ქაცარავა 25 ნოემბერს ავრცელებს. მისი რწმუნებით ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებისა და ღობის სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ღამით, მოსახლეობისთვის ნაკლებად შესამჩნევ დროს.

ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების, როგორც „ბორდერიზაციის“ წინარე ინდიკატორის პრაქტიკა ქართულ - ოსურ რეალობაში უკვე გამოცდილია.

პატრულირების ინტენსივობა

ადგილობრივების ცნობით, საოკუპაციო ხაზის კონტროლი ოსური მხარის მიერ სოფ. ხურვალეთში, დიცში, აძვსა და ერგნეთში წინა თვის მსგავსად, მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს. ეს მონაკვეთები ყველა ლოკაციაზე, მცირე ზომის საგუშაგო ან სათვალთვალო კოშკურების საშუალებით, მუდმივ რეჟიმში მხოლოდ რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლდება. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ აღნიშნული ტერიტორიის მხოლოდ შემოვლითი კონტროლი ხერხდება, რადგან ქართული საგუშაგოები სოფლების შესასვლელთან ან კიდევ უფრო მოშორებით მდებარეობს.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ნოემბერში მაღალი რანგის მნიშვნელოვანი ვიზიტი არ განხორციელებულა, მათ შორის არ დაფიქსირებულა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები იმ სოფლებში, სადაც „ბორდერიზაცია“ განხორციელდა.

ეკონომიკური პროექტები საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში

საოკუპაციო ხაზის მომიჯნავედ მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კოდისწყაროში მეორადი ზეთების საწარმო - „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“, „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, 16 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“ საქართველოში რიგით პირველი საწარმოა, რომელიც მეორადი ზეთის  „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადამუშავებით 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი ნარჩენები, ნაწარმის რეალიზაციის არეალი იქნება საქართველო, საწარმოში დასაქმდება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა და ხელი შეეწყობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის განვითარებას.

ახალი საწარმოს გახსნა წყარო: entrepreneur.com