ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 01 / 02

გამოცემა N16 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

COVID-19-თან ბრძოლა

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ მუშაობა 13 დეკემბერს  დაასრულა. საველე ჰოსპიტალი ქ. სოხუმში 18 აგვისტოს განათავსეს. საერთო ჯამში, ჰოსპიტალში სტაციონარული მკურნალობა 649 პირმა, ხოლო ამბულატორიული მკურნალობა 1500-ზე მეტმა პირმა გაიარა. ჩატარდა 10 500-ზე მეტი გამოკვლევა, მათ შორის, 4 ათასზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 37 456 შემთხვევაა გამოვლენილი. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში ორ თვეში დაბრუნდება.

მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო. წყარო: structure.mil

სხვა ღონისძიებები

  • 14 დეკემბერს რუსმა გამნაღმველებმა სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები დაასრულეს. პროცესში 14 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. საერთო ჯამში, მათ 7 ჰა ფართობის ტერიტორია გაასუფთავეს. აღმოჩენილ საგნებს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალები, საარტილერიო ჭურვები და სხვ.  აღნიშნული საგნები ადგილზევე განადგურდა. 
  • ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე 49-ე საერთო-საჯარისო არმიის სნაიპერებმა დაიწყეს მზადება კონკურსისთვის „Снайперский рубеж“, რომელიც რიგით მე-8 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ფარგლებში 2022 წელს გაიმართება. საერთო ჯამში, სამხედრო მოსამსახურეებმა 30-ზე მეტი დავალება შეასრულეს, მათ შორის, საბრძოლო სროლები 100, 500 და 800 მ. დისტანციაზე.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

COVID-19-თან ბრძოლა

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე ექიმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების რევაქცინაცია, მუდმივად ხდება პირადი შემადგენლობის მონიტორინგი სამედიცინო სპეციალისტების მიერ, რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტები კი სამუშაო და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ბოლო მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 10 177 შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვა ღონისძიებები

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებულმა ძალებმა, სარდლობის მომზადების განრიგის შესაბამისად, საბრძოლო წვრთნები დაიწყეს. პროცესში მე-4 სამხედრო ბაზის საარტილერიო ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა ეროპოლოვმა ოსი სამხედროებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენება საერთო-საჯარისო ომში“.
  • 21 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ყაზარმა, რომელშიც ხუთი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა; ისინი გვირაბს იცავდნენ. მაშველებმა თოვლიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე ამოიყვანეს. ისინი ქ. ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა. 23 დეკემბერს მაშველებმა მეხუთე ჯარისკაცი ზვავში გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები. წყარო: sputnik-ossetia.ru

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.