ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2022 / 01 / 02

გამოცემა N4 / მიმოხილვის პერიოდი: ოქტომბერი-დეკემბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი  

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • მალე აფხაზი მოსწავლეები რუსულ საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტში სწავლას შეძლებენ. შესაბამისი პლატფორმა აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ და სამხრეთ-დასავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (რუსეთში) ერთობლივად შეიმუშავეს. უნივერსიტეტში სამი საფეხური იქნება: 7-9 წლის ასაკის, 9-11 წლისა და 11-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის. კურსები ფასიანი იქნება. ამ ეტაპზე ონლაინ განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
  • 10 ნოემბერს სოჭის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე რუსულ-აფხაზური ფორუმის „სოჭი - სოხუმის“ პირველი ეტაპი გაიმართა. ერთობლივ მოხალისეობრივ ფორუმში აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მეორე ეტაპი 17 ნოემბერს დაიწყო და 3-დღიან ტრენინგებს მოიცავდა.
  • მიხაილ შეპკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში „სამსახიობო ხელოვნების“ სპეციალობაზე აფხაზეთიდან 15 აბიტურიენტი ისწავლის. შესარჩევი კონკურსი 2 დეკემბერს დაიწყო და 4 დეკემბრამდე გაგრძელდა. აბიტურიენტებს რუსეთიდან სპეციალურად მოწვეული კომისია აფასებდა.
  • სამი აფხაზი სტუდენტი სტაჟირებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს რუსეთში გაივლის. პროგრამა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აფხაზეთის მომავალს“ ეკუთვნის. მისი მხარდამჭერია საგარეო საქმეთა „სამინისტრო“.
  • 10 დეკემბერს ქ. მოსკოვში შედგა აფხაზეთის განათლებისა და ენის პოლიტიკის „მინისტრის“, ინალ გაბლიას შეხვედრა რუსეთის ფედერაციის განათლების აკადემიის პრეზიდენტთან, ოლგა ვასილევასა და მის მოადგილესთან, გენადი ონიშენკოსთან. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული უწყებები თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

კულტურის სფერო

  • აფხაზეთის ეროვნული ცეკვის „სახელმწიფო“ ანსამბლმა „КАВКАЗ“ მონაწილეობა მიიღო XI საერთაშორისო ფესტივალში „Синегорье“. ფესტივალი რუსეთის ქ. სატკაში, ჩელიაბინსკის ოლქში ჩატარდა.
  • 9 დეკემბერს ქ. სოხუმში „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ფილმის წინასწარი პრემიერა შედგა. ფილმი „ძიება“ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს. აღნიშნული მიმართულებით ინვესტიცია მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ცნობიერების ამაღლებას „დიდი სამამულო ომისა“ და ომში დაკარგულთა ძიების პროცესის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 7 ოქტომბერს ქ. სოხუმში რუს თანამემამულეთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და 2022-23 წლების გეგმები დასახეს. ასევე აირჩიეს ახალი თავმჯდომარე - ეს პოზიცია კვლავ ოლეგ იურჩენკომ დაიკავა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო კავშირი (КСОРС). ღონისძიებას „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ მასაევიც დაესწრო.
  • „აფხაზ ჟურნალისტთა კავშირის“ ორგანიზებით 20 და 22 ოქტომბერს ალექსანდრე ზინენკომ სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის მასტერკლასები ჩაატარა. ზინენკო რუსი ჟურნალისტი, ავტორი, კინოდოკუმენტალისტი და პოზნერის სკოლაში ექსპერტთა საბჭოს წევრია. მან წაიკითხა საჯარო ლექციები თემებზე „პიროვნების ახლო კადრი დოკუმენტურ ფილმებში“ და „ისტორიული კინოდოკუმენტალისტიკა“.
  • „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხაილ მასაევმა „სპუტნიკ აფხაზეთის“ რადიოსთან ინტერვიუში რუსეთის 2022 წლის საგანმანათლებლო კვოტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლისთვის რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველი აფხაზი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რიცხვი 90-მდე გაიზრდება.
  • 15 და 16 ნოემბერს გაიმართა რუსი სამხედრო ჟურნალისტის, ანტონ სტეპანენკოს შეხვედრა აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მან ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამხედრო ჟურნალისტიკის სპეციფიკა, ასევე „ჟურნალისტები და ომი“. სტეპანენკო გახლავთ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი „Россия-24“-ზე და სამხედრო კორესპონდენტი „ВГТРК“-ზე. ასევე მუშაობდა სპეციალურ კორესპონდენტად რუსეთის „პირველ არხზე“.
  • 2 დეკემბერს ქ. სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსი თანამემამულეების მონაწილეობა აფხაზეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან მათი თანამშრომლობის საკითხიც. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კულტურის ფონდი „პლატფორმა“, ხოლო მხარდამჭერი კი გახლდათ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა აფხაზეთში.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიებებს ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. დე ფაქტო პრეზიდენტებმა „დიდების პარკის“ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მოეწყო სამხედრო აღლუმიც, რომელშიც 500-ზე მეტი პირი მონაწილეობდა.

ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აფხაზეთში. წყარო: sputnik-abkhazia.ru

სხვა ღონისძიებები

  • ქ. მოსკოვში აფხაზეთის „საელჩოსთან“ ახალგაზრდული ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“ გაიხსნება. პროექტი 2022 წლის დასაწყისში განხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდების მიზნობრივი მხარდაჭერა. მათ დახმარებას გაუწევენ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა საბუთების შეტანა რუსულ უნივერსიტეტებში, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა, დროებითი დასაქმება რუსეთში და სხვ.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • 14 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის ბაზაზე „გეოგრაფიული დიქტანტი“ გაიმართა. ღონისძიებაში 40 პირი მონაწილეობდა. რეგიონი ამ ღონისძიებაში უკვე მეოთხედ ჩაერთო. გამოცდას ასევე დაესწრო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი. ტესტებს „როსსოტრუდნიჩესტვო“ შეამოწმებს და ქულებს შესაბამის პლატფორმაზე ატვირთავს. დიქტანტის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.
  • 18-19 ნოემბერს „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის 24-მა სტუდენტმა რუსულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდული საგანმანათლებლო-პატრიოტული ფორუმი „ლიდერ 2021“ ქ. სტავროპოლში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პიროვნების განვითარება, სამართალმცოდნეობისა და სამოქალაქო იდენტობის განვითარება, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული და სხვ.
  • 22-25 ნოემბერს „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის 13-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ქ. პიატიგორსკის ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც რუსული ენის მასწავლებელთათვის იყო განკუთვნილი. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა ოლიმპიადა „მე ვიცი რუსული“, რომლის გამარჯვებულები და ლაურეატები დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით დაასაჩუქრეს.
  • 30 ნოემბერს გაიმართა რუსული ოლიმპიადა „ვარსკვლავი“, რომელშიც ინჟინერიით დაინტერესებულმა 109 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 9 დეკემბერს კი ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით რუსული ენის ონლაინ ოლიმპიადაც ჩატარდა.
  • 10-16 დეკემბერს რეგიონის 4-მა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში „ახალი რეალობები - ახალი შესაძლებლობები“, რომელიც ბელარუსის ორ ქალაქში - მინსკსა და გომელიში - ერთდროულად გაიმართა. კანდიდატურები საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „Россы“-მ და „რუს მოქალაქეთა კავშირმა“ დაამტკიცეს.
  • ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებს მხატვრული თარგმნის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში იწვევს. მსურველთა არსებობის შემთხვევაში, ინსტიტუტში ოსი აბიტურიენტებისთვის ცალკე ფაკულტეტი შეიქმნება და მათთვის სწავლაც უფასო იქნება.
  • მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (Мади) ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებს სასწავლებლად იწვევს. სტუდენტების შესარჩევად ცხინვალის რეგიონში უნივერსიტეტი ატარებს კონკურსს „ყველა გზა მიდის Мади-ში 2022“. გამარჯვებულები უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ, რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან და სტიპენდიასაც მიიღებენ.
  • რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტთან (СКФУ) თანამშრომლობას განაგრძობს. 6 დეკემბერს აღნიშნული სასწავლებლების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა შედგა. მონაწილეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, საინფორმაციო პოლიტიკა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სამომავლო გეგმები, მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები და სხვ.
  • დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს რუსეთის 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის იწვევს. მსურველები გამოცდების ჩაბარებას ჩრდილოეთ ოსეთში შეძლებენ.

კულტურის სფერო

  • ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტამერლან ძურცოვი რუს დრამატურგთა გილდიის დიპლომით დააჯილდოვეს. დიპლომი ძურცოვს თავად გილდიის გენერალურმა დირექტორმა, იური ბუტუნინმა გადასცა მოსკოვში, ლიტერატურული პრემია „Буламаргъ“-ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში.
  • 6 დეკემბერს ქ. ცხინვალში, მე-9 სკოლის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის გმირის, ისსა პლიევის ბიუსტი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, ასევე დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა. ეს უკვე მეორე სამხედრო მოსამსახურის ბიუსტია, რომელიც რეგიონში გაიხსნა.

ბიუსტის გახსნა. წყარო: sputnik-ossetia.ru

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 15-16 ოქტომბერს ქ. მოსკოვში რუს თანამემამულეთა VII მსოფლიო კონგრესი გაიმართა. რეგიონიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „Россы“-სა და „რუს მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლები. ფორუმის თემა იყო „რუსეთი და თანამემამულეები ცვალებად მსოფლიოში“.
  • „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის განცხადებით, რეგიონი რუსული სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ აქციებსა და კონკურსებში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ამ თვალსაზრისით აღნიშნეს „დიდი ეთნოგრაფიული დიქტანტი“, რომელიც 3-7 ნოემბერს გაიმართა, ასევე საბავშვო შემოქმედების საერთაშორისო კონკურსი „მოსკოვი ყველას გულში“.
  • „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ ცხინვალის რეგიონის განათლებისა და მეცნიერების „სამინისტროს“ 3 ათასამდე სასკოლო სახელმძღვანელო გადასცა. რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები I-XI კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნული ინიციატივა რუსული სახელმწიფო პროგრამის, „განათლების განვითარების“ ფარგლებში განხორციელდა.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 23 ნოემბერს „სიმამაცისა და ეროვნული ერთობის დღე“ აღნიშნეს. ქ. ცხინვალის შესასვლელთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა, სადაც „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ღონისძიების მონაწილეებს მოუწოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნისკენ, რომელიც „სამხრეთ ოსეთის უახლოეს ისტორიას“ ნათელს მოჰფენდა.
  • 14 დეკემბერს ლათის ტრაგედიასთან დაკავშირებით „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ დაღუპულთა ძეგლი ყვავილებით შეამკო, ასევე ესტუმრა „სახელმწიფო“ მუზეუმს, სადაც ტრაგედიის ამსახველი ფოტოები იყო გამოფენილი.

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო ვადიმ ჩეხა, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.