ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 01 / 02

გამოცემა: N36 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ლავროვთან შეხვედრა

2021 წლის 20 დეკემბერს ქ. სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს, შესაბამისად, დიმიტრი მედოევსა და ინალ არძინბას შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ერთობლივ შეხვედრას უსწრებდა ლავროვის პირადი შეხვედრები ჯერ მედოევთან, შემდეგ კი - არძინბასთან.

რუსეთში ვიზიტები

გენადი ბეკოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

3 დეკემბერს მოსკოვში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, გენადი ბეკოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2022-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელება. პროგრამაში ძირითადი ყურადღება სამრეწველო სექტორს, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს ეთმობა.

შეხვედრა რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტთან

10 დეკემბერს ქ. მოსკოვში შედგა აფხაზეთის განათლებისა და ენის პოლიტიკის „მინისტრის“, ინალ გაბლიას შეხვედრა რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტთან, ოლგა ვასილევასა და მის მოადგილესთან, გენადი ონიშენკოსთან. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ განათლების აკადემია აფხაზეთის განათლების სისტემის ექსპერიმენტული და სამეცნიერო-მეთოდური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო წვრთნები

2021 წლის დეკემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

ინალ არძინბა რუსეთის „ელჩს“ შეხვდა 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“, ალექსეი დვინიანინს შეხვდა. დვინიანინმა არძინბას „მინისტრად“ დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალი აფხაზურ-რუსული პროექტების დაწყების აუცილებლობას ახალგაზრდობის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საინტერესოა, რომ შეხვედრის შემდეგ მალევე დვინიანინმა დიპლომატიური მისია აფხაზეთში დაასრულა.

შეხვედრა რუდენკოსთან

3 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას შეხვდა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დღის წესრიგსა და პოზიციებზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეთანხმების დადების საკითხს ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასევე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას.

შეხვედრა ანდრეი რუდენკოსთან. წყარო: mfaapsny.org

საბიუჯეტო დახმარება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი 8.7 მლრდ რუბლი იქნება, მათ შორის, რუსეთისგან მიღებული ფინანსური დახმარება 7.2 მლრდ რუბლს შეადგენს (5.9 მლრდ რუბლი დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსური, 1.3 მლრდ რუბლი კი - დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება იქნება).

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

18 დეკემბრიდან აფხაზეთმა ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყო. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ დაიწია. ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. წლის დასაწყისში ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აფხაზეთი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთიდან იღებდა ელექტროენერგიას.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში სამხედრო ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა

აფხაზეთში განთავსებულმა სამხედრო ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა. მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო გაგზავნილი. ეს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით რუსეთის მიერ აფხაზეთში მეორედ გაგზავნილი სამხედრო ჰოსპიტალი იყო. ჰოსპიტალში ამბულატორიული მკურნალობა 1058-მა პირმა გაიარა, ხოლო კორონავირუსის ინფექციისგან 535 პირი განიკურნა.

ვეტერინარული სამსახურების თანამშრომლობა

აფხაზეთისა და ლენინგრადის რეგიონის ვეტერინარულმა სამსახურებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში აფხაზი ვეტერინარები სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ ლენინგრადის რეგიონში და რუსი სპეციალისტების მუშაობას გაეცნენ.

შეხვედრა რუსეთის ომბუდსმენთან

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის „ადამიანის უფლებათა სფეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელის აპარატის“ თანამშრომლების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.

შეხვედრა ომბუდსმენთან. წყარო: cominf.org

რუსეთის „რბილი ძალა“

აფხაზი სტუდენტები რუსეთში გაივლიან სტაჟირებას’

სამი აფხაზი სტუდენტი სტაჟირებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს რუსეთში გაივლის. პროგრამა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აფხაზეთის მომავალს“ ეკუთვნის. მისი მხარდამჭერია საგარეო საქმეთა „სამინისტრო“.

შეპკინის სახელობის სასწავლებელში აფხაზეთიდან 15 აბიტურიენტი ისწავლის

მიხაილ შეპკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში „სამსახიობო ხელოვნების“ სპეციალობაზე აფხაზეთიდან 15 აბიტურიენტი ისწავლის. კონკურსს ფ. ისკანდერის სახელობის „სახელმწიფო“ თეატრმა „Русдрам“-მა უმასპინძლა.

მოსკოვში ახალგაზრდული ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“ გაიხსნება

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ქ. მოსკოვში აფხაზეთის „საელჩოსთან“ ახალგაზრდული ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“ გაიხსნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა „მინისტრმა“ ინალ არძინბამ განაცხადა. პროექტი 2022 წლის დასაწყისში განხორციელდება.

ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი СКФУ-სთან თანამშრომლობას განაგრძობს

ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტთან (СКФУ) თანამშრომლობას განაგრძობს. 6 დეკემბერს აღნიშნული სასწავლებლების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა შედგა.

„რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი ცხინვალში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვადიმ თედეევმა და რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მთავარმა რედაქტორმა მოდესტ კოლეროვმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მხარეები სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის გამართვაზე შეთანხმდნენ.