ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 01 / 03

გამოცემა №9 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2021 / ავტორი: სალომე აბრამიშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ახალ ათონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა. სამუშაოები აფხაზეთის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთი აფინანსებს. სადისტრიბუციო ქსელების კაპიტალური შეკეთებისთვის 100 მლნ 664 ათასი რუბლია გამოყოფილი.

საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობა

აფხაზმა და რუსმა მებაჟეებმა ადლერის გამშვებ პუნქტზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გახშირება, რა დროსაც რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზური სანომრე ნიშნებით მანქანები დროებით შედიან და უკანონო ოპერაციებს ასრულებენ. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ზომები უკანონო ოპერაციების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით. მებაჟეებმა ასევე შეიმუშავეს დამატებითი ზომები ადლერის მრავალმხრივ საავტომობილო გამშვებ პუნქტზე მანქანების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და შეთანხმდნენ, მოძრაობის სხვადასხვა ზოლზე გადაანაწილონ მანქანების ნაკადები.

საბაჟო „სამსახურების“ წარმომადგენლების შეხვედრა. წყარო: sputnik-ossetia.ru

ტურიზმის სფერო

  • აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მხარდაჭერით ტურიზმის ფედერალურ სააგენტოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „უსაფრთხოების საკითხები და ტურისტული პროდუქტებისა და სასტუმროების მომსახურების ხარისხი“.
  • „მთავრობის“ საკონფერენციო დარბაზში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „Москва Резорт“-ის პროექტის პრეზენტაცია შედგა. სასტუმრო კომპლექსს რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში ააშენებენ. მისი ფართობი 45 ჰა-ს შეადგენს და 700 ნომერს გააერთიანებს. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლრდ რუბლი იქნება და მშენებლობა 3 წლის მანძილზე გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობის სფერო

ფეიხოას ექსპორტი აფხაზეთიდან რუსეთში 2021 წელს თითქმის გაორმაგდა, ხოლო ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით განახევრებულია. „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ექსპორტირებულია 1 851 ტონა ფეიხოა, ​​გასულ წელს კი ამ დროსათვის 990 ტონა იყო ექსპორტირებული. 2021 წელი მანდარინის ცუდი მოსავალი აიღეს. 2020 წელს აფხაზეთიდან რუსეთში დაახლოებით 60 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს.

საბანკო სფერო

აფხაზეთის „ეროვნული ბანკი“ 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის „АПРА“-ს გადახდის სისტემისთვის მობილური აპლიკაციის გაშვებას გეგმავს. აპლიკაცია „АПРА“ ბარათებიდან რუსული ბანკების ბარათებზე ფულის ონლაინ გადარიცხვის შესაძლებლობას შექმნის. „ეროვნული ბანკის“ თავმჯდომარემ, ბესლან ბარათელიამ აღნიშნა, რომ პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია რუსეთიდან IT სპეციალისტების მოზიდვა, რადგან აფხაზეთში ამ სფეროს ექსპერტები არ არიან.

ენერგეტიკის სფერო

  • 9 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინიციატივით რუსულ მხარესთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს 2021-2022 წლებში აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავებასა და დამტკიცებას.

შეხვედრა აფხაზეთის გაზიფიკაციის სქემის შემუშავების თაობაზე. წყარო: დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდი

  • ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო აფხაზეთმა რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვა. ელექტროენერგიის მიღება 18 დეკემბერს დაიწყო. ელექტროენერგიის მოხმარების დღიური ჭარბი რაოდენობა თითქმის ყველა რეგიონში 1,7 მლნ კვტ/სთ-ია. მთავრობა საინვესტიციო პროგრამის ხარჯზე გეგმავს დავალიანების დაფარვას, რაც 162 მლნ რუბლს შეადგენს. 
  • 2022 წლისთვის რუსეთიდან აფხაზეთში უბაჟო საწვავის მიწოდების მოცულობა უკვე ცნობილია. აფხაზეთს 46 ათასი ტონა საავტომობილო ბენზინი „პრემიუმი“, 13 ათასი ტონა „სუპერი“, 20 ათასი ტონა „დიზელი“ და 7 ათასი ტონა „ნავთობის ბიტუმი“ მიეწოდება საექსპორტო საბაჟო გადასახადის დაკისრების გარეშე.

აეროპორტის აღორძინების გეგმა

რუსმა სამხედროებმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიის საინჟინრო დაზვერვა დაასრულეს. სამხედროებმა 7 ჰა მიწა სხვადასხვა ტიპის აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან, საარტილერიო ჭურვებისგან და ნაღმტყორცნებისგან გაასუფთავეს. ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საპროექტო ორგანიზაციასთან წლის ბოლომდე გაფორმდება. პოტენციური ინვესტორი უკვე ნაპოვნია, რომელიც მშენებლობისთვის 120 მლნ რუბლს გამოყოფს. ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტი პირველ რეისებს 2024 წლის იანვრისთვის განახორციელებს. ამასთანავე, 16 დეკემბერს გამართულ „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „ეროვნული“ ავიაკომპანიის, „აფხაზეთის ავიახაზების“ შექმნის თაობაზე. ეკონომიკის „მინისტრის“, კრისტინა ოზგანის განცხადებით, სპეციალისტების მომზადებას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

რკინიგზის რეაბილიტაციის გეგმა

„აფხაზეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელი, არსო ჭითანავა პეტერბურგში სააქციო საზოგადოება „ЛенГипрострой“-ის გენერალურ დირექტორს, ალექსეი დრაპეზოს შეხვდა. მხარეებმა „აფხაზეთის რკინიგზის“ მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ სპეციალისტების ჩამოყვანაზე, რომლებიც წევის ქვესადგურებისა და რკინიგზის საკონტაქტო ქსელს შეაფასებენ და მათი რეკონსტრუქციისათვის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჭითინავამ ხელშეკრულება გააფორმა კონტეინერების საერთაშორისო ოპერატორ „РЖД Бизнес Актив“-თან, რაც ითვალისწინებს საქონლის კონტეინერებით ტრანსპორტირებას აფხაზეთიდან რუსეთში. პირველად ექსპლუატაციაში სოხუმი-მოსკოვის საკონტეინერო მატარებელი შევა, რომელიც სოხუმიდან კვირაში ერთხელ გაემგზავრება და მოსკოვში აფხაზეთში წარმოებულ საქონელს გადაზიდავს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის შედეგების შეჯამება

მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების „სამინისტრომ“ მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის შესრულება შეაჯამა. სამინისტროს განცხადებით, სამუშაოების 94% უკვე შესრულებულია, 27 პროექტიდან კი 21 დასრულებულია. 27 პროექტისთვის 1 მილიარდ 350 მილიონი რუბლი იყო გამოყოფილი. დასრულებულ პროექტებს შორისაა ქ. ცხინვალის №3 საშუალო სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები ცხინვალში, ჯავასა და ყორნისში, კონსტრუირებული წყალმიმღები ნაგებობები, საკანალიზაციო ქსელები და 7 კეთილმოწყობილი ქუჩა ცხინვალში, გუფთა-კვაისას გზა, ცხინვალსა და რუსეთს შორის 110 კილოვოლტი სიმძლავრის 4 კმ სიგრძის სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი, ვანათ-ცხინვალის წყალსადენი და სხვა.

„სამინისტროს“ განცხადებით, სამუშაოებზე უარყოფითად იმოქმედა არასახარბიელო ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ და სამუშაო ძალის ნაკლებობამ. დარჩენილი 6 პროექტის განხორციელება მომდევნო წლებში მოხდება. რაც შეეხება სოფ. მზივში ბავშვთა ბანაკის მშენებლობას, პროექტის დასრულება 2023 წლის ზაფხულამდე გადაიდო. მომავალ წელს ცხინვალში დამატებით 10 ქუჩა გარემონტდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული 126 ქუჩიდან დაახლოებით 78 უკვე კეთილმოეწყო. ჯავასა და ცხინვალში აშენდება ხიდები და ახალი საცხოვრებელი კორპუსები.

2022-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა

მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, გენადი ბეკოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრის თ0ემა იყო ცხინვალის რეგიონის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება და მთავრობათაშორისი ურთიერთობები.

2022-2025 წლების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელება ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყება და მისი შესრულებისთვის 2.7 მილიარდი რუბლი იქნება გათვალისწინებული.

ენერგეტიკის სფერო

2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონს საექსპორტო საბაჟო გადასახადის დაკისრების გარეშე რუსეთიდან 8 ათასი ტონა  საავტომობილო ბენზინი „პრემიუმი“, 1.1 ათასი ტონა „დიზელი“ და 2.7 ათასი ტონა „ნავთობის ბიტუმი“ მიეწოდება.