ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 01 / 11

გამოცემა N5 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 დეკემბერი, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული  მოქალაქეები

მალხაზ  ჯანელიძის დაკავება

ქ. თელავის მკვიდრი მალხაზ ჯანელიძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 1-ელ დეკემბერს ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფ. ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საკითხზე ცხელი ხაზი მყისიერად ამოქმედდა და ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც გადაეცათ. იგი 4 დეკემბერს გაათავისუფლეს. ჯანელიძეს განცხადებით, მან რუსეთში სამუშაოდ და სამკურნალოდ გადასვლის მოტივით გადაკვეთა ორი „საზღვრის” მანიშნებელი ღობე, რუსეთის ტერიტორიაზე ამ მეთოდით გადასვლა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან დეპორტირებულია. ჯანელიძის თქმით მას ე.წ. მესაზღვრეები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვალერი კანიაშვილისა და კახა ნათაძის დაკავება

10 დეკემბერს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.      

მამუკა ჩხიკვაძის დაკავება

12 დეკემბერს სუს-მა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზის მიმდებარედ დაკავების შესახებ განაცხადა.

მამუკა ჩხიკვაძის ფოტო. წყარო: radiotavisupleba.ge

2018 წელს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ საბოლოოდ დაამტკიცა  საოკუპაციო რეჟიმის სასტიკი დამოკიდებულება ქართველი მებრძოლების მიმართ, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი ცხინვალის იზოლატორში მამუკა ჩხიკვაძის სასტიკი მოპყრობის შესახებ. ჩხიკვაძე წარსულში შავნაბადას ბატალიონის ჯარისკაცი იყო და ერაყისა და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან საუბრისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში - იგორ კოჩიევი სასტიკი მოპყრობის ფაქტს უარყოფს, ჩხიკვაძის ოჯახი მოითხოვს, რომ დაკავებულის მონახულების საშუალება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ მიეცეს. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ჩხიკვაძის მონახულება, რაც ამძაფრებს ეჭვს მისი წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ.

დაკავების დღეს ჩხიკვაძე შინდისის გმირების მემორიალზე, შემდეგ კი მამის საფლავის მოსანახულებლად სოფ. ზემო ნიქოზის სასაფლაოზე იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ დააკავა იგი საოკუპაციო რეჟიმმა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.

იგორ კოჩიევის რწმუნებით ჩხიკვაძე დემონსტრაციულად ცდილობდა „საზღვრის” გადაკვეთას და ბოლომდე ჰქონდა ქმედება გააზრებული, თუმცა რადიო თავისუფლების ცნობით, ჩხიკვაძე საოკუპაციო ხაზს არ გადაკვეთდა, ვინაიდან დედის გარდაცვალებიდან მე-40 დღე ახლოვდებოდა და ბათუმში დაბრუნება მალევე ჰქონდა დაგეგმილი. (იგი ბათუმში ცხოვრობს დასთან ერთად და პერიოდულად ბრეთის მეურნეობაში მხოლოდ მამის საფლავის მოსავლელად ჩადიოდა).

ჩხიკვაძის საქმის შესახებ შედგენილი სარჩელი სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკვე გადაეცა, საქმის მსვლელობა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას სტრასბურგიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სთხოვენ, რაც პირველი პრეცედენტია საქართველოს მოქალაქეების დაკავებათა ისტორიაში.

მამუკა ჩხიკვაძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მას ე.წ საზღვრის უკანონო კვეთასა და მარიხუანას კონტრაბანდაში სდებენ ბრალს. დავით ქაცარავას შეფასებით, წინარე პრეცედენტებზე დაკვირვებაზე დაყრდნობით შესაძლოა საქმეში მარიხუანას გარევა საბაბი იყოს ჩხიკვაძის ხანგრძლივი დროით დაკავებისათვის.   ცხინვალის რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ირიბად ასევე ავრცელებს „გაფრთხილებას”, რომ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში ან/და დონეცკის, ლუგანსკისა და სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენელობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები დაისჯება, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი.  „გაფრთხილება” კახაბერ ნათაძისა და ვლადიმერ კანიაშვილის დაკავებების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაშია  ნახსენები, მაგრამ არც  ნათაძეს და არც კანიაშვილს კავშირი არ ჰქონიათ სამხედრო საქმიანობასთან. აღნიშნული განცხადება ემთხვევა ყოფილი სამხედროსა და საერთაშორისო მისიების მონაწილე მამუკა ჩხიკვაძის დაკავებას, რაც კიდევ ერთ გონივრულ ეჭვს ჰბადებს იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძის დაკავება შესაძლოა სადამსჯელო სახეს ატარებდეს.

ზაზა მეგრელიშვილისა და თამაზ გოგიჩაშვილის დაკავება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ავლევის მკვიდრნი ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 15 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. კონტრაბანდის გადაზიდვის ბრალდება ახალი არ არის უკანონო დაკავებების ქრონიკაში, თუმცა მეგრელიშვილი-გოგიჩაშვილის საკითხთან დაკავშირებით საგულისხმო ისაა, რომ მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 27 დეკემბერს, დაკავების ფაქტიდან 2 კვირის შემდეგ გავრცელდა, როგორც ქართულ ისე ოსურ საინფორმაციო წყაროებში.

საქართველოს  4 მოქალაქის დაკავება

24 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქე: გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი უკანონოდ დააკავეს, როდესაც ისინი ოკუპირებულ სოფ. აძვისთავში, წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად გადადიოდნენ. ოთხივე მოქალაქის გათავისუფლება იმავე დღეს მოხერხდა. ამის შესახებ სუს-ი ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.

ნიკა ბეჟიტაშვილისა და კვირია ელიზბარაშვილს დაკავება

სუს-მა 29 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა კი მათ სახელებს და გვარებს აკონკრეტებს: ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი. გატაცების ფაქტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - „შიშის ზონაში” მოხდა, რასაც დაკავებულები ადასტურებენ.

გათავისუფლებული მოქალაქეები

გელა  გოჭოშვილის გათავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გელა გოჭოშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის  უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 14 აგვისტოს დააკავეს და ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ დაგვიანებით, სექტემბერში გავრცელდა - თავისუფალია. ოსური მხარის მიერ მისი გასამართლების მიუხედავად, იგი ქართულ მხარეს 19 დეკემბერს გადმოეცა.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

დათა და ვალია ვანიშვილების სახლთან მოძრაობის დეტექტორის დამონტაჟება

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, სოფ. ხურვალეთში, დათა და ვალია ვანიშვილების სახლთან გავლებული მავთულხლართის იმ ადგილას, საიდანაც, როგორც წესი, ვალია ვანიშვილს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საკვებს და საჭირო ნივთებს აწვდიდნენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობის დეტექტორი დაამონტაჟეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ვალია ვანიშვილის მოსანახულებლად მისულმა ქაცარავამ 25 დეკემბერს შეიტყო.

დამონტაჟებული მოძრაობის დეტექტორები. წყარო: დავით ქაცარავას facebook გვერდი

ტყის ჩეხვა სოფელ გორაკაში

24 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ” პატრულირებისას სოფ. გორაკაში ტყის მასობრივი, სტრუქტურული ჩეხვის კვალი აღმოაჩინა, რომელიც ზოლად მიუყვება შუაგულ ტყეს ქვემო ჭალის მიმართულებით და ორად ჰყოფს მას. ტყის ამგვარი სტრუქტურით ჩეხვა ანალოგიურ დანიშნულებას ასრულებს მთიანი რელიეფის ტერიტორიაზე, რასაც ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება ვაკეზე.

სანგრები და სამხედრო ბაზის მშენებლობა გრემისხევის თავზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის მოსაზღვრე სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული განვითარება დეკემბრის ბოლოს განსაკუთრებულად შესამჩნევი გახდა, რის შესახებაც დავით ქაცარავა 19 დეკემბერს პატრულირების შედეგებს ავრცელებს. გრემისხევი ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომლებიც „მცოცავი ოკუპაციის” განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ანატოლი ბიბილოვის მიერ დეკემბერში ახალი რუკის დამტკიცების შემდეგ აღმოჩდნენ. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ გრემისხევის ქედზე ახალი სანგრის ტიპის თხრილები გაჩნდა.

რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა სოფ. გრემისხევთან. წყარო: დავით ქაცარავას facebook გვერდი

ჩორჩანა-ჯრიას მონაკვეთის შეღობვა

13 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს ლიდერმა დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა ჩორჩანა-ჯრიას მონაკვეთზე, ოფიციალურად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღობვითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მისი ცნობით, ბორდერიზაციის პირველ ტალღას 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰქონდა ადგილი, პროცესი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 6- 11 დეკემბრის პერიოდში გაგრძელდა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

2021 წლის დეკემბერში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მაღალი რანგის მნიშვნელოვანი ვიზიტი არ განხორციელებულა.

სახელმწიფო პროექტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში

23 დეკემბერს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ  გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსურ დახმარებას მიიღებს და სტუდენტების დაფინანსება 2021-2022 სასწავლო წელსაც გაგრძელდება.