ყოველთვიური მიმოხილვა

2021 წელი: უკანონო დაკავებების ქრონოლოგია

2022 / 01 / 27

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2021 წელს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან და ცხინვალის რეგიონში 17 უკანონო დაკავების შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს 27 პირი, მათ შორის, 26 - საქართველოს, 1 - აშშ-ის მოქალაქე. 2021 წელს წინა წლებში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე: ლაშა ხეთერელი, ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი გაათავისუფლეს. წლის ბოლო მონაცემებით კი, ცხინვალის საპატიმროში ჯერ კიდევ რჩება საქართველოს ხუთი მოქალაქე: ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოგიჩაშვილი, კახა ნათაძე, ვალერი კანიაშვილი და მამუკა ჩხიკვაძე.

გასულ წელს უკანონო დაკავების შემთხვევები დაფიქსირდა, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტი დაკავების ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში იყო.

უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 322-ე მუხლით გასამართლდა, რაც „სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“ (იგულისხმება საოკუპაციო ხაზი) გულისხმობს. რამდენიმე შემთხვევაში დამატებით ფიგურირებდა 317-ე, 229.1-ე და 200.2-ე მუხლებიც. ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით სარგებლობენ.

შემთხვევების უმრავლესობაში პატიმრობის ხანგრძლივობა 1 თვემდე პერიოდს მოიცავდა, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ფაქტები დაფიქსირდა შედარებით ხანგრძლივი პერიოდითაც.

პატიმრობის ხანგრძლივობა

გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა დაკავებების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ინფორმაციის გვიანი გავრცელების რამდენიმე ფაქტი (ალან ჯაფარიძის, გელა გოჭოშვილისა და მეგრელიშვილი-გოგიჩაშვილის უკანონო დაკავებები). აღნიშნული ქმედება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხნას: ერთი მხრივ, შესაძლოა, დაკავების ფაქტზე ცხელი ხაზის ამოქმედება საოკუპაციო რეჟიმმა დააგვიანა, რის შედეგადაც ქართული მხარისათვის დაკავების ფაქტის შესახებ დაგვიანებით გახდა ცნობილი, მეორე მხრივ კი, დაკავების ფაქტების გვიანი გასაჯაროება ქართული მხარის ინიციატივაც შეიძლება იყოს, რაც სხვადასხვა მოტივით, მათ შორის უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, იყოს განპირობებული.

დაკავებების ქრონოლოგია

 

10 იანვარი

45 წლის ალან ჯაფარიძე 10 იანვარს ქ. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა დაკავების შესახებ ცხელი ხაზი საოკუპაციო რეჟიმის მიერ 21 აპრილს გააქტიურდა. ჯაფარიძეს ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ, რისთვისაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მისი გათავისუფლება და ქართული მხარისთვის გადმოცემა 14 მაისს, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ მოხერხდა.

დაკავების ადგილი: ქ. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

2 თებერვალი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფ. გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი რამაზ ბეღელური 2 თებერვალს „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდების საფუძველზე დააკავეს, 9 იანვარს კი ცხინვალის ე.წ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბეღელურის გათავისუფლება და ქართული მხარისთვის გადმოცემა 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ მოხერხდა.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. გუგუტიანთკარი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

8 თებერვალი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე ქ. გორში მცხოვრები ერიკ დრულევი 8 თებერვალს დააკავეს, რომელიც ვლადიკავკაზში ნათესავების სანახავად მიემგზავრებოდა. დრულევი 11 თებერვალს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.

დაკავების ადგილი: როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორია

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

2 მარტი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2 მარტს, ნადირობისას, უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფ. ზერტის მკვიდრი მალხაზ დოლუაშვილი. დოლუაშვილი მეორე დღეს ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბერშუეთი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

26 ივნისი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 26 ივნისს სოფ. ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს. სოფლის სიახლოვეს ისინი საქონელს აძოვებდნენ, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მწყემსებს ძროხის გადასაყვანად დაუძახეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რუსმა სამხედროებმა მწყემსები მოატყუეს და მათ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. გატაცებული მწყემსები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმავე დღეს დაბრუნდნენ.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალუბანი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

14 აგვისტო

საოკუპაციო ძალების წარმოდადგენლებმა გელა გოჭოშვილი 14 აგვისტოს დააკავეს. ინფორმაცია დაკავების ფაქტისა და გოჭოშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთწლიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ქართული მხარისთვის 27 სექტემბერს, ერგნეთის შეხვედრის 102-ე რაუნდის დაწყებამდე გახდა ცნობილი. გოჭოშვილი ოკუპირებულ სოფ. ახმაჯიდან დაბრუნებისას დააკავეს. იგი 19 დეკემბერს, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი თქმით, ცხინვალის ციხეში მასზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.

დაკავების ადგილი: ახალგორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახმაჯი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“; სსკ-ის 200.2-ე მუხლი: „ალკოჰოლური ნივთიერებების და(ან) თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა“

 

27 აგვისტო

აშშ-ის მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ჯავის რაიონის მაღალმთიან სოფ. ერმანთან „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით 27 აგვისტოს დააკავეს. ამერიკელ მოგზაურს დაგეგმილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიის მთავარ ქედს გაჰყოლოდა და ასე ჩასულიყო შავ ზღვაზე. ოსური მედია წერდა, რომ ჯექსონ პოლ კრამერმა არ იცოდა „სამხრეთი ოსეთის“ არსებობის შესახებ. კრამერი ცხინვალში ოს ჟურნალისტებსაც შეახვედრეს და მისი მონაწილეობით საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს. იგი 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავების ადგილი: ე.წ. ჯავის რაიონი, სოფ. ერმანი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

16 სექტემბერი

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, სოფ. კირბალის მიმდებარედ, ზურა დოთიაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის ცნობით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. დოთიაშვილი გატაცების დღესვე გაათავისუფლეს.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კირბალი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

4 ოქტომბერი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთის ტერიტორიაზე გავლებული საოკუპაციო ხაზის მახლობლად, 4 ოქტომბერს, ლიახვის ხეობიდან დევნილი საქართველოს სამი მოქალაქე: გოგიტა მეტრეველი, რომა გოჩაშვილი და ნიკოლოზ ფეხშველაშვილი დააკავეს. ფეხშველაშვილმა გაქცევის მცდელობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო, რის გამოც მეორე დღეს, 5 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მისი ცხინვალიდან გორში სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ფეხშველაშვილთან ერთად დაკავებული 2 მოქალაქის გათავისუფლებაც მალევე, დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, 6 ოქტომბერს მოხერხდა.

აკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ერგნეთი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

28 ოქტომბერი

საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე ოკუპირებულ სოფ. ლოპანში 28 ოქტომბერს დააკავეს. თუმცა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის, დავით ქაცარავას მტკიცებით, რომელიც გატაცების თვითმხილველების მონათხრობსა და ადგილმდებარეობის უშუალო შემოწმებას ეყრდნობა, გატაცების ფაქტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ჭერათხევის მიმდებარედ, ჭერათხევის ტყეში მოხდა, სადაც სოფ. ვაყას მკვიდრი დაკავებულები შეშას აგროვებდნენ. სუს-ის განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ აამოქმედა „ცხელი ხაზი“. დაკავებული მოქალაქეები დაკავებიდან მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.

დაკავების ადგილი: ხაშურის მუნიციპალიტეტი, ჭერათხევის ტყე

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

16 ნოემბერი

საინფორმაციო სააგენტო PEC-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძემ უკანონოდ გადაკვეთა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საზღვარი და 16 ნოემბრამდე საკუთარ ნათესავებთან იმყოფებოდა. 16 ნოემბერს იგი დააკავეს და ცხინვალის საპატიმროში გადაიყვანეს. 25 ნოემბერს კი ე.წ. ქ. ზნაურის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით იგი ე.წ. რესპუბლიკიდან გააძევეს.

დაკავების ადგილი: ე.წ. ზნაურის რაიონი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

1 დეკემბერი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. ჯავის რაიონის სოფ. ვანელის მიმდებარედ ქ. თელავის მკვიდრი მალხაზ ჯანელიძე 1 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. მისი გათავისუფლება 4 დეკემბერს მოხერხდა. ჯანელიძეს განცხადებით, მან რუსეთში სამუშაოდ და სამკურნალოდ გადასვლის მოტივით გადაკვეთა „საზღვრის” მანიშნებელი ბანერი, რუსეთის ტერიტორიაზე ამ მეთოდით გადასვლა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან დეპორტირებულია. ჯანელიძის თქმით მას ე.წ. მესაზღვრეები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავების ადგილი: ე.წ. ჯავის რაიონი, სოფ. ვანელი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

10 დეკემბერი

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე: ვალერი კანიაშვილი და კახა ნათაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხურვალეთი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

12 დეკემბერი

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფ. ნიქოზის ტერიტორიაზე 12 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. მისი დაკავების ფაქტი განსაკუთრებულად საყურადღებო და უნიკალურია, წარმოადგენს რა პირველ პრეცედენტს, როდესაც უკანონო დაკავების შესახებ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და რუსეთის ფედერაციას დაკავებულის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მოეთხოვა. ჩხიკვაძე ასევე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და არაერთი საერთაშორისო მისიის მონაწილე გახლავთ.

დაკავების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიქოზი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

15 დეკემბერი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით სოფ. ავლევის მაცხოვრებლები ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 15 დეკემბერს ოკუპირებულ სოფ. ლოპანის ტერიტორიაზე დააკავეს, რისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. კონტრაბანდის გადაზიდვის ბრალდება ახალი არ არის უკანონო დაკავებების ქრონიკაში, თუმცა მეგრელიშვილი-გოგიჩაშვილის საკითხთან დაკავშირებით საგულისხმო ისაა, რომ მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 27 დეკემბერს, დაკავების ფაქტიდან 2 კვირის შემდეგ გავრცელდა, როგორც ქართულ, ისე ოსურ საინფორმაციო წყაროებში.

დაკავების ადგილი: ე.წ. ზნაურის რაიონი, სოფ. ლოპანი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“; სსკ-ის 200.2-ე მუხლი: „ალკოჰოლური ნივთიერებების და(ან) თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა“

 

24 დეკემბერი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქე: გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი 24 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს, როდესაც ისინი ოკუპირებულ სოფ. აძვისთავში, წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად გადადიოდნენ. ოთხივე მოქალაქის გათავისუფლება დაკავებიდან მეორე დღეს მოხერხდა. ამის შესახებ სუს-ი ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.

დაკავების ადგილი: ე.წ. ცხინვალის რეგიონი, სოფ. აძვისთავი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

29 დეკემბერი

სოფ. გრემისხევის ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე - ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი 29 დეკემბერს დააკავეს. გატაცების ფაქტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - „შიშის ზონაში” მოხდა, რასაც დაკავებულები ადასტურებენ. ორივე მოქალაქე მეორე დღეს, 30 დეკემბერს გათავისუფლდა.

დაკავების ადგილი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გრემისხევი

„დანაშაულის“ კვალიფიკაცია: სსკ-ის 322-ე მუხლი: „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“

 

გათავისუფლებული მოქალაქეები

2021 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა წინა წლებში დაკავებული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

ლაშა ხეთერელი

2020 წლის 30 ივნისს ე.წ. ცხინვალის რაიონის სოფ. ოტრევის შემოგარენში უკანონო დაკავების შემდეგ შეფარდებული ერთ წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა ლიახვის ხეობიდან დევნილ ლაშა ხეთერელს, რომელიც 17 ივნისს გაათავისუფლეს. ხეთერელი ადრეც არაერთხელ ყოფილა დაკავებული ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

ზაზა გახელაძე

2020 წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ჭალასთან ახლოს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძე 14 ივლისს გაათავისუფლეს. მანამდე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გახელაძე ორი მუხლით სცნო დამნაშავედ - სამხედრო მოსამსახურის „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ და შესაბამისი სასჯელი - 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძის გათავისუფლება რუსეთის მოქალაქე, ვადიმ გობოზოვში გაცვლის შედეგად მოხერხდა.

გენადი ბესტაევი

2019 წლის 21 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიანთკართან დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელსაც ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის 15 ნოემბერს გაათავისუფლეს.