ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 02 / 01

გამოცემა: N37 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

„პრეზიდენტი“ ბიბილოვი მოსკოვს ესტუმრა

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით რუსეთში, ქ. მოსკოვში იმყოფებოდა. მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, რომელთა ფარგლებში 2022-2025 წლებში სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრების სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ბიბილოვის მთავარი მიზანი აპრილში დანიშნული „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ კრემლში მხარდაჭერის მოპოვებაც იქნებოდა.

„პრეზიდენტმა“ ბჟანიამ ოპერაცია გაიკეთა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია წლის პირველი ვიზიტით რუსეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმყოფებოდა. რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, ბჟანიას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში ბჟანიამ თირკმელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ბჟანიას ჯანმრთელობის თემა აფხაზეთში დიდი ხანია განხილვის თემაა. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ მას ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს მოვალეობის შესრულებაში და რუსეთში მისი ხშირი „გაუჩინარებაც“ მკურნალობის ჩატარების მიზნით არის გამოწვეული.

შეხვედრა მოსკოვში

31 იანვარს მოსკოვში აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ შესრულების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ხელმძღვანელობდა. რუსეთის დელეგაციის მხრიდან მთავარი მასპინძელი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი იყო. შეხვედრაზე საინვესტიციო, საგადასახადო, საგანმანათლებლო, საბაჟო და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივი რეგულირების საკითხები განიხილეს. პროგრამის მიზანია აფხაზეთის უფრო მეტი ინტეგრაცია რუსეთის სამართლებრივ სივრცეში.

შეხვედრა მოსკოვში. წყარო: apsnypress.info

სამხედრო წვრთნები

ანტიტერორისტული წვრთნები

სოხუმში 27 იანვარს დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდება ანტიტერორისტული წვრთნები. „უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელის, რობერტ კიუტის თქმით, სოხუმში აფხაზურ-რუსული ანტიტერორისტული წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც აფხაზეთის „შსს“-ს, „უშიშროების სამსახურის“, „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“, „სახელმწიფო დაცვის სამსახურისა“ და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. საინტერესოა, რომ წვრთნები აფხაზეთში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პერიოდში ტარდება. 12 მარტს აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდება. არის მოსაზრება, რომ „ხელისუფლება“ ძალის დემონსტრირებას ცდილობს

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე 2022 წლის „არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის“ (АрМИ-2022) მზადება დაიწყო. მზვერავები „სამხედრო დაზვერვის ფრიადოსნების“ კონკურსისთვის მზადებას შეუდგნენ.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • მე-4 სამხედრო ბაზაზე ახალწვეულები ჩავიდნენ. ისინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები არიან. რაიონულ გარნიზონებში ახალგაზრდა ოფიცრებს სამსახურებრივი საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. 2021 წელს აღნიშნული სასწავლებლები 1400-ზე მეტმა პირმა დაასრულა.

2022 წლის იანვარში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

რუსეთის პროკურატურის 300 წლისთავი

მოსკოვში რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის დაარსების მე-300 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებაში აფხაზეთის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა დე ფაქტო გენპროკურორის, ადგურ აგრბას ხელმძღვანელობით.

აფხაზეთის „გენპროკურორი“ საზეიმო ღონისძიებაზე. წყარო: abkhazinform.com

რუსი დეპუტატი აფხაზეთს ესტუმრა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის  წევრი ყაზბეგ ტაისაევი აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. იგი სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანია. ტაისაევი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ტაისაევი აფხაზ კომუნისტებსაც შეხვდა.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთმა საჩუქრად ფქვილი მიიღო

კრასნოდარის მხარე აფხაზეთს სამი ათასი ტონა ფქვილით დაეხმარება. ჰუმანიტარული დახმარება კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინიციატივით გამოიყო. 14 ვაგონი დახმარება უკვე განაწილდა აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში. დახმარების ბოლო პარტია მარტის ბოლოს ჩავა. მადლიერების ნიშნად აფხაზეთის სოფლის მეურნეობის „სამინისტრომ“ კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციისა და ტიხორეცკის კომბინატს სამი ტონა მანდარინი და 20 ყუთი ადგილობრივი ღვინო გაუგზავნა. ფქვილის დარიგების გამო ოპოზიცია ხელისუფლებას წინასააარჩევნო პერიოდში ამორმჩევლის მოსყიდვაში სდებს ბრალს.

ცხინვალის რეგიონმა და სამარის ოლქმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის სამარის ოლქის წარმომადგენლებთან ვაჭრობის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელს. შეხვედრა ონლაინფორმატში ჩატარდა.

რუსეთის „რბილი ძალა“

სოხუმში ზამთრის სკოლა - „წლის მასწავლებელი“ გაიმართა

2022 წლის 4-9 იანვარს ქ. სოხუმში საერთაშორისო ზამთრის სკოლა „წლის მასწავლებელი“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოსი, აფხაზი და რუსი მასწავლებლები. ზამთრის სკოლა რუსული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც რუსეთისა და რეგიონის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ მასწავლებლებს აერთიანებს.

აფხაზი კურსანტები რუსეთის შსს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლიან

აფხაზი კურსანტები რუსეთის შს სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლიან. კურსანტებს ოთხი სპეციალიზებული სასწავლებლიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლოთ. სასწავლებლებში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი ფიცი დადეს. საზეიმო ღონისძიება 10 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართა.

ცხინვალში АПРЯЛ-ის სხდომა გაიმართა

22 იანვარს ქ. ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის (АПРЯЛ) პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 2022 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

ცხინვალის რეგიონში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლობა გაიხსნება

24 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ქ. მოსკოვში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ გენერალურ მდივანს - ანდრეი ბელიანინოვს შეხვდა. შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ცხინვალის რეგიონში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლობა გაიხსნება.

შეხვედრა „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლებთან. წყარო: sputnik-ossetia.ru